The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


გურჯი ხათუნი

Legal name:თამარ ბაგრატიონი
Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Royalty

Biography

თამარ მეფის შვილიშვილი თამარ ბაგრატიონი, იგივე გურჯი ხათუნი, რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედ დინის ასული იყო. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს ყიას ად–დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და რადგან საქართველოცა და რუმის სასულთნოც (ფეოდალური სახელმწიფო მცირე აზიაში, არსებობდა 1077-1307 წწ. სასულთნოს დედაქალაქი ნიკეა იყო, შემდეგ  ქალაქი კონია, ამიტომაც ზოგ წყაროში მოხსენიებულია როგორც კონიის (იკონიის) სასულთნო) მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებდნენ მახლობელ აღმოსავლეთში, თამარისა და ხუსრევ II ქორწილი დიდი მოვლენა იყო და იმდროინდელი აღმოსავლური წყაროებიც მრავლად მოიპოვება ამ ქორწინების შესახებ.

თამარის სილამაზითა და გამჭრიახობით მოხიბლულმა ხუსრევ II მეუღლეს გურჯი ხათუნი (ქართველი ქალბატონი) უწოდა. თამარი სულთნის მესამე ცოლი იყო და ქორწინების პირობების თანახმად ქრისტიანად დარჩენა შეეძლო ქორწინების შემდეგაც.  პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე თამარი სულ მალე სულთნის უსაყვარლეს ცოლად იქცა, რამაც ძალიან გააღიზიანა სულთნის დანარჩენი ცოლები და მათ გურჯი ხათუნის მოწამვლაც სცადეს უფროსი ცოლით მეთაურობით. განრისხებულმა ხუსრევ II პირველი ცოლი სიკვდილით დასაჯა.

ხუსრევ II სურვილი იყო მისი ზეობის ჟამს მოჭრილ მონეტაზე თამარის სახე ამოეტვიფრათ. ამას ისლამის რჯული სასტიკად კრძალავდა, მაშინ მეფემ ხერხი იხმარა და ემბლემა შექმნა – მზე ლომის ზოდიაქოში. 1236 წელს მოჭრილ მონეტაზე ფაფარაშლილ ლომთან ერთად მზის დიკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა. აქედან იღებს სათავეს აღმოსავლეთში გავრცელებული ემბლემა – მზე და ლომი.

თამარს და ხუსრევ II ერთადერთი „ძაბუნი შვილი“ ჰყავდათ, რომელიც შემდეგ რუმის სასულთნოს კანონიერი მემკვიდრე გახდა.

ბრძენი და გულმოწყალე დედოფალი იკონიელებმა გულწრფელად შეიყვარეს. ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ მისი სილამაზით, განათლებით, ჭკუა–გონებით, პოლიტიკური გამჭრიახობით. გურჯი ხათუნი პატრონობდა ხელმოკლე ქვეშევრდომებს, აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში, იცავდა ქრისტიანულ რჯულს და ესწრებოდა თანხმლები  პირების მიერ ჩატარებულ საღვთო ლიტურგიებს.

იკონიის დედოფლის მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. რუსუდან მეფის უღირსი საქციელის წყალობით თამარი მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავრდა. საქმე ის არის რომ რუსუდანმა თამართან გაგზავნა ლაშა–გიორგის შვილი დავით ულუ, რომლეშიც თავის შვილის, დავით ნარინის კონკურენტს ხედავდა საქართველოს ტახტზე და თამარს მისი მოკვლა უბრძანა. თამარმა არათუ არ შეასრულა დედის მოთხოვნა, ბიძაშვილი სრულ კომფორტში ჰყავდა. განრისხებულმა რუსუდანმა შვილის წინააღმდეგ გაილაშქრა და სიძეს მისწერა: დაბრმავებულხარ და და ვერ ხედავ როგორ გღალატობს ცოლი ლაშა–გიორგის ძესთანო. გააფთრებულმა სულთანმა ცოლი ისე სცემა, სიკვდილის პირამდე მიიყვანა, დავითი კი დილეგში ჩააგდო. ამის შემდეგ ხუსრევ II ცოლს ულტიმატუმი წაუყენა, რომ აუცილებლად ისლამი მიეღო. თამარმა აქაც დიდი სიბრძნე გამოიჩინა და ის ორთოდოქსულ ისლამს კი რ ეზიარა, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას მევლევიობას, რომელიც არ ითხოვდა გამაჰმადიანებას, ყველა რელიგიას თანაბარ პატივს მიაგებდა. ასე რომ დედოფალი თავისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანობის ერთგული დარჩა.

ხუსრევ II მალევე მიხვდა, რომ რუსუდან მეფემ ის თავისი მიზნებისთვის გამოიყენა და მეუღლეს პატიება სთხოვა. მათი სიყვარული სულთნის ბურუსით მოცულ სიკვდილამდე გაგრძელდა. წყაროების მიხედვით ხუსრევი აბანოში დაიხრჩო და მის დახრჩობაში დიდი წვლილი მის პირველ ვეზირს ფერვანეს მიუძღოდა. ხუსრევის გარდაცვალების შემდეგ რუმის სულთანი და პატრონი ფერვანე გახდა, რომელმაც ძალდატანებით იქორწინა გურჯ ხათუნზე. ახალ სულთანს სიგიჟემდე უყვარდა იკონიის დედოფალი, ყველა სურვილს უსრულებდა და ანებივრებდა.

თამარი მეგობრობდა აღმოსავლეთის ყველა დროის უდიდეს მოაზროვნესთან ჯალალ–ედ–დინ რუმთან. მათი ურთიერთობა აღწერილია აჰმედ ევლაქის 1318-1358 წლებში დაწერილ წიგნში „მეცნიერთა ცხოვრება“. გურჯი ხათუნის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი, მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა კონიაში პოეტის მწვანე თურბე – სელჩუკური არქიტექტურის მშვენება. დედოფალმა პოეტისგან საჩუქრად მიიღო „ჯადოსნური ყვავილები“.  უკვე გარდაცვლილი პოეტის ხალათში, თამარმა დიდი თანხა გადაიხადა, რადგან სუფი–დერვიშის ღარიბული ხალათი მას უძვირფასეს რელიკვიად მიაჩნდა.

1277 წელს მონღოლმა ნოინებმა გურჯი ხათუნის მეუღლე ფერვანე მოკლეს და დედოფალი იძულებული გახდა ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა. ლტოლვილობამ ის დიდ განსაცდელს ვერ აარიდა. ნახევარძმების მოთხოვნით თამარისა და ხუსრევ II შვილი მოკლეს. საქმე ისა, რომ სიკვდილამდე ხუსრევმა თავის შემცვლელად თამართან შეძენილი შვილი აღიარა და სწორედ ეს გახდა მისი მკვლლობის მიზეზიც. შვილის სიკვდილმა თამარი საბოლოოდ გატეხა წელში.

გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია – ზოგი ვერსიით  ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს. თანამედროვეთათვის გურჯი ხათუნის საფლავი უცნობია.

წყარო:

1. ცხრა მთას იქით დაკარგულნი // გენდერული თანასწორობის ქართული ფესვები. - ზუგდიდი, 2010. - გვ.28-33

2. ქორიძე, . თამარ ბაგრატიონი // ქართველი ქალები / დ. ქორიძე. - თბ., 1976. - გვ.64-66

3. ხოფერია, ნინო. ბაგრატოვან ქალთა გალერეა : თამარ ბაგრატიონი / ნინო ხოფერია // ბაგრატოვანთა ქალები : საქართველო უბედობის ჟამს / ნინო ხოფერია. - თბილისი, 2012. - გვ. 34-36.

4. სალაღაია, ეკა. როგორ იქორწინა გურჯმა ხათუნმა ქმრის მკვლელზე და რატომ შეიცვალა მან რჯული / ეკა სალაღაია //თბილისელები. - თბილისი, 2014. - 1-7 დეკემბერი. - N48(727). - გვ.68. 


Share: