The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნაფისა

Date of birth:1768
Date of death:1816  (at 48 years)
Burial location:ეგვიპტე
Category:Diplomat, Politician, Philanthropist

Biography

საქართველოდან საუკუნეების განმავლობაში გაჰყავდათ და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში ყიდიდნენ უამრავ ქართველ ქალ–ვაჟს. როგორც ვაჟებში, ასევე ქალებში იყვნენ ისეთები, რომლებმაც თავიანთი გონებით და სიძლიერით ჯერ თავისუფლებას, შემდეგ კი დიდებას მიაღწიეს. ასეთებს შორის გამორჩეულია ეგვიპტის მმართველის ალი ბეი ალ–ქაბირის ულამაზესი ცოლი ნაფისა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეგვიპტის ისტორიაში. ნაფისა XVIII საუკუნის ყველაზე მეტად ცნობილი მამლუქი ქალია, რომელსაც ეგვიპტელები სამი სახელით იცნობენ: ნაფისა ხანუმი, თეთრი განძი და მამლუქთა დედა. 

არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა ნაფისა. სავარუდოდ აფხაზეთის მთებში უნდა ყოფილიყო გაზრდილი. მისი წარმომავლობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოდან იყო. ოსმალურ-ეგვიპტური წყაროების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ყველა ქალი ჰარამხანისთვის იყო განწირული, ნაფისა არასოდეს ყოფილა ჰარამხანის ჩვეულებრივი ბინადარი. მას ტყვეთა ბაზარშივე გაუღიმა ბედმა: 1768-1773 წლებში ეგვიპტის მამლუქთა გამოჩენილმა ბელადმა და დიდი ანტიოსმალური აჯანყების წინამძღოლმა წარმოშობით ქართველმა ალი ბეი ალ-ქაბირმა ტყვეთა ბაზარში იყიდა ქართველი მზეთუნახავი. გოგონამ თავისი გონება–გამჭრიახობით მალე ისე გაითქვა სახელი, რომ ალი ბეიმ თავისუფლება უბოძა და ცოლად შეირთო. ალი ბეი მეუღლეს ნაზი სიყვარულით ეტრფოდა და სასახლეც აუგო ეზბეკიეს მოედანზე.

1773 წელს ალი ბეი ალ-ქაბირი ბრძოლაში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. მის ქვრივს საარაკო სიმდიდრე დარჩა. ჭკვიანი ქვრივი მარჯვედ მართავდა ქონებას და ქველმოქმედებას ეწეოდა. ცოტა ხანში ნაფისა მეორე ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად ბეგს გაჰყვა ცოლად. ეს კავშირი ეგვიპტისათვის ბედნიერებას მოასწავებდა. ნაფისამ ისე დაიპყრო მეუღლის გული, რომ შეეძლო მისი მძვინვარე ხასიათის შერბილება და ხშირად აცვლევინებდა სასტიკ გადაწყვეტილებებს.

ეგვიპტელებს ნაფისა გამჭრიახობით და წინასწარჭვრეტით აკვირვებდა. მსოფლიო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე გონიერმა ქალმა ზუსტად ივარაუდა, რომ ეგვიპტელ ხალხს მძიმე წლები დაუდგებოდა, რის გამოც შესაძლოა ქმრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დაეკარგა, ამიტომაც ქონება დაიმტკიცა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს იყო უნიკალური ფაქტი მუსლიმანურ სახელმწიფოში და ზოგადად აღმოსავლეთში, როცა ქალი, ანუ უუფლებო ადამიანი, ოფიციალურად გახდა უზარმაზარი ქონების განმგებელი.

ნფისა საზოგადოებრივი აზრის მბრძანებელი იყო. იმ გავლენამ, რომელიც მან საზოგადოების ყველა ფენაზე მოიპოვა, უცხოეთშიც გაიტანა მისი პირადი დიდება. იგი ენერგიულად მფარველობდა მრეწველობასა და ვაჭრობას. ამავე დროს, რამდენადაც მისი ძალები გასწვდებოდა, ახერხებდა ხალხისთვის აეცდინა მამლუქი ბეგების მხრიდან დამცირება.

ნაფისამ ყველაზე დიდი ქარვასლა შეიძინა და მას თავისი სახელობის მოწყალების სახლი მიაშენა, რომელსაც „საბილ ქუთაბი“ რქმევია. აქ, სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ გასცემდნენ. თურმე საკმარისი იყო რკინის ჭიშკარს ვინმე მისდგომოდა და ნაფისასთვის ეხმო, წყალობას მყისვე იღებდა.

გასაოცარი გარეგნობის გამო მას „ბაიდა ნაფისას“ ეძახდნენ, რაც ეგვიპტურად „თეთრ განძს“ ნიშნავს. ისტორიას არ შემორჩა ნაფისას პორტრეტი, თუმცა ეგვიპტელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმ ეპოქაში შექმნილი „კავკასიელი ქალის“ პორტრეტზე სწორედ „თეთრი განძი“ უნდა იყოს გამოსახული.

ნაფისა ხანუმი იყო წარმატებული ფინანსისტი და ქველმოქმედი, მაგრამ ყველაზე მეტად ცნობილია მისი დიპლომატიური საქმიანობით, როგორც შუამავალი მურად ბეისა და საფრანგეთის საოკუპაციო ძალებს შორის 1798-1801 წლებში.

1798 წელს ეგვიპტეს ნაპოლეონის ჯარები მიადგნენ. მურად ბეგი და იბრაჰიმ ბეგი (შინჯიკაშვილი), ორი ბელადი, რომლებიც განაგებდნენ მთელ ეგვიპტეს, ნაპოლეონს პირამიდებთან შეებნენ ექვსი ათასიანი ცხენოსანი ჯარით, მაგრამ დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. ხოლო ნაფისა ქაიროში დარჩა, კარიბჭესთან იდგა და მაოხრებელს მშვიდად ელოდა. მისმა ნაბიჯმა გაამართლა. ქალმა ქალაქი გადაარჩინა. ნაფისას საოცარი გამბედაობა და დიპლომატიური ნიჭი აღმოაჩნდა. მოხიბლულმა ნაპოლეონმა ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯური უძღვნა. ნაპოლეონმა იცოდა ნაფისას ავტორიტეტის შესახებ. იცოდა, რომ თუ მას ხელს ახლებდა მოსახლეობა აუმხედრდებოდა და აჯანყებულებთან მოუწევდა ბრძოლა. ამიტომ მას და სხვა ბეგების ცოლებს ხელშეუხებლობა აღუთქვეს, მათ შეეძლოთ თავიანთ სასახლეებში ეცხოვრათ, ოღონდ ვალდებულნი იყვნენ დაუყოვნებლივ გაეთქვათ თავიანთი ქმრების ქონების სამალავები. ნაფისას კი თავისი სასახლის გამოსასყიდი თანხა მოსთხოვეს, რაც ას ოცი ათას ფრანგულ რეალს შეადგენდა. ეს თანხა დედოფალმა მაშინვე გადაიხადა და გააგრძელა დედოფლური ცხოვრება თავის სასახლეში.

ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ თამაშში ჩაება, თუმცა, პარალელურად კონტაქტს არ წყვეტდა მეუღლესთან. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ნიშანს უგზავნიდა — ნაფისა აბასიაში საკუთარი სასახლის სახურავიდან, მურადი კი გიზის პირამიდის წვერზე უზარმაზარ ჩირაღდანს ანთებდა. იგი შუამავლად გამოვიდა, როცა ფრანგებსა და მის ქმარს შორის ზავი უნდა დადებულიყო. თავისი გამჭრიახობით მან მურად ბეგი და მისი მეომრები უკან დააბრუნა და ფრანგებთან შეარიგა, ამიტომაც ეძახდნენ „მამლუქთა დედას“.

მეუღლის, მურად ბეგის სიკვდილისა და ეგვიპტიდან საფრანგეთის ჯარების გასვლის შემდეგ, 1803 წელს ნაფისა სამიზნე გახდა იმ სიძულვილისა, რომლითაც ოსმალები მამლუქებს გაუმასპინძლდნენ. ოსმალეთის ხონთქრის მიერ დანიშნულმა ეგვიპტის გამეგებლმა მუჰამედ ალიმ ოსმალეთის ხონთქრის ბრძანებით ნაფისას ჩამოართვა ადგილ–მამულები და ცხოვრების ყველანაირი სახსარი. უთვისტომო გოგონა, რომელმაც თავისი სილამაზით, გონიერებით, სათნოებითა და უშიშარობით დიდების ზენიტს მიაღწია თითქმის სიღატაკეში გარდაიცვალა, თუმცა წარუშლელი კვალი დატოვა ეგვიპტის ისტორიაში.

კაიროს ე. წ. „მკვდართა ქალაქში“, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების სამუდამო განსასვენებელია. სამივე ქართველი მამლუქი გახლდათ, სამივე სტამბულის ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი: ალი-ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი გახლდათ; ისმაილ-ბეი ეგვიპტის მამლუქთა ოსმალური ფრთის მეთაური იყო; იბრაჰიმ ქათხუდას კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრე და გავლენა ჰქონდა. მათი საფლავებიდან ორიოდ ნაბიჯში, უბრალო ხის ჭიშკართან პატარა მავზოლეუმია. სწორედ აქ განისვენებს ნაფისა ხანუმი, ქართველი მამლუქი ქალი.

წყარო:

1. ბადუაშვილი, ალექს. როგორ ახერხებდა ქართველი ქალი - მამლუქი ეგვიპტის საზოგადოებრივ აზრზე ბატონობას / ალექს ბადუაშვილი //თბილისელები. - თბილისი, 2008. - 7 - 13 ივლისი. - N28(393). - გვ.15.

2. ცხრა მთას იქით დაკარგულნი // გენდერული თანასწორობის ქართული ფესვები. - ზუგდიდი, 2010. - გვ.28-33.

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ ნაფისა

4. http://georoyal.ge/?m=1000&id=1670 

5. ნაფისა ხათუნი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.146-148

6. კალანდია, გიორგ. გიორგი კალანდიამ ეგვიპტეში თეთრი განძი იპოვა: როგორ გადაარჩინა კაირო დანგრევას ქართველმა ქალმა: ქართული კვალი/ესაუბრა ნანა ჯანაშია-კუხიანიძე // სარკე. - 2009. - 21-27 იანვარი. - N3(568). - გვ.16-17.


Share: