The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გოგი ალექსიძე

გოგი ალექსიძე
Date of birth:7 January, 1941
Date of death:20 June, 2008  (at 67 years)
Burial location:თბილისი, საქართველო
Category:Dancer

Biography

გოგი ალექსიძე დაიბადა 1941 წლის 7 იანვარს, თბილისში, თეატრის ცნობილი რეჟისორის დიმიტრი (დოდო) ალექსიძის ოჯახში. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგი ა. მესერერი). 1961-1962 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1966 წელს დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორიის საბალეტმაისტერო განყოფილება (პედაგოგი ა. ლოპუხოვი). ამავე წელს შედგა მისი, როგორც ბალერმაისტერის, დებიუტი ლენინგრადის ფილარმონიის „კამერულ ბალეტში“, სადაც დადგა მინიატურების სამი პროგრამა: რამოსა და ბრიტენის კამერულ–ინსტრუმენტულ (1966), მოცარტისა და ფალიკის (1967), მიიოსა და ბახის (1968) მუსიკაზე, რაც საბალეტო სამყაროში ავანგარდულ მოვლენად აღიარეს.

1966-1974 წლებში გოგი ალექსიძემ არაერთი ბალეტი დადგა ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში. გარდა ამისა 1967-1978 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მღვაწეობას ლენინგრადის კონსერვატორიის საბალეტმაისტერო განყოფილებაზე. პარალელურად 1972–1980 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, ხოლო 1980-1983 წლებში პერმის პ. ჩაიკოვსკის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი; 1983-1985 წლებში კვლავ ლენინგრადში იმყოფებოდა. იყო ლენინგრადის კონსერვატორიის პედაგოგი (დოცენტი) და საოპერო სტუდიის მთავარი ბალეტმაისტერი.

1985-1988 წლებში გოგი ალექსიძე გახლდათ თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი და გამგეობის თავჯდომარე. 1985 წლიდან 2000 წლამდე იგი კვლავ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერია. 2000–2008 წლებში ხელმძღვანელობდა პეტერბურგის ა. ვაგანოვას სახელობის ქორეოგრაფიული აკადემიის საბალეტო კათედრას და ასევე, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვის თეატრალურ აკადემიაში, სადაც პროფესორად აირჩიეს.

ბალეტმაისტერის წარმატებული მოღვაწეობა აღინიშნა მრავალი ჯილდოთი: საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1978); საქართველოს სახალხო არტისტი (1989); საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994); ღირსების ორდენის კავალერი (2000) და სხვ.

გოგი ალექსიძეს დადგმული აქვს 150–ზე მეტი სპექტაკლი: ბ. კვერნაძის „ბერიკაობა“ (1973); ს. ცინცაძის „ანტიკური ესკიზები“ (1974); ი. ს. ბახის „ჩაკონა“ (1974); ლ. დელიბის „კოპელია“ (1975); ო. თაქთაქიშვილის „ქორეოგრაფიული სიუიტა“ (1976); ს. ცინცაძის „დალი და მონადირე“ (1977); რ. გაბიჩვაძის „მედეა“ (1978); ფ. შოპენის „ვარიაციები მოცარტის თემაზე“ (1975); ი. ფალკოს „ორესტეა“ (1968, 1973); ს. პროკოფიევის „კლასიკური სიმფონია“ (1973, 1974),  „უძღები შვილი“ (1978, 1986), „კონკია“ (1980); ა. ვივალდის „წელიწადის დრონი“ (1986); პ. ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ (1977), „გერია“ (1980, 1986); ა. შნიტკეს „კონექსიონი“; ი. სიბელიუსის „ტუონელის გედი“; გ. ყანჩელის სიმფონია (1989, ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი, მონპელიე, საფრანგეთი); ვ. კახიძის „ამორძალები“ (1990); ს. უბაიდულინას „მერწყულის ერა“ (1991, სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრში, პრემიერა გაიმართა გენუაში, დირიჟორი მ. როსტროპოვიჩი); ფ. მანინის „კოლუმბიდან—ბროდვეიმდე“ (1992, 1993, პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეტრში); ერთმოქმედებიანი ბალეტები: ბახის, შოპენის, მოცარტის, გლაზუნოვის, დელიბის, სტრავინსკისა და სხვების მუსაკაზე; ცეკვებს დგამდა აგრეთვე დრამატულ თეატრებსა და კონოფილმებში.

თბილისის საბალეტო დასთან ერთად ბალეტმაისტერმა გასტროლებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა: რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, მალტა, ინგლისი, იაპონია, ჩინეთი, ფინეთი, საბერძნეთი.

გოგი ალექსიძეს უმუშავია ვილნიუსის, ტალინის, ერევნის თეატრებში. 2001 წელს იგი მიიწვიეს აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც დადგა ერთაქტიანი ბალეტი „ლეილი და მაჯნუნი“. სპექტაკლი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანის საბალეტო დასმა იგი მოსკოვის დიდ თეატრში წარმოადგინა.   

გოგი ალექსიძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ახალი ქორეოგრაფიული ფორმებისა და სტრუქტურების ძიება კამერული ბალეტების ჟანრში. მან სახელი გაითქვა, როგორც ქორეოგრაფიული მინიატურების ოსტატმა, კამერული სტილის ხელოვანმა.

ქორეოგრაფმა შემოქმედებითი საღამოებისთვის სპექტაკლები დაუდგა ისეთ სახელგანთქმულ ბალეტის ვარსკვლავებს როგორებიც არიან მიხეილ ბარიშნიკოვი, ირინა კოლპაკოვა, ნატალია მაკაროვა.

გოგი ალექსიძის საკონცერტო პროგრამების მიხედვით გადაღებულია ფილმები: სატელევიზიო – „თემა ვარიაციებით“ (1971) და მოკლემეტრაჟიანი – „ანტიკური მინიატურები“ (ლენფილმი, 1972). ქორეოგრაფის შემოქმედებით ცხოვრებაზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი; „პროფესია – ბალეტმაისტერი“ (2005. რეჟ.: დ. ჩუბინიშვილი).

გოგი ალექსიძის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ითვლება ბალეტი „საფირონი“. 2004 წელს ამ ბალეტის დადგმა ბატონ გოგის ირმა ნიორაძემ შესთავაზა ჯორჯ ბალანჩინის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად („საფირონის”დადგმა ჯორჯ ბალანჩინს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ვერ განახორციელა). ალექსიძემ აირჩია მენდელსონის „სავიოლინო კონცერტი” და ბალანჩინის სტილში,  ნეოკლასიკური, თეთრი ბალეტი დადგა – საფირონისფერი კოსტიუმებით. მთავარ პარტიას ირმა ნიორაძე  ასრულებდა. პრემიერა  მოსკოვში დაიგეგმა, ახალ თეატრში. მაგრამ, გენერალური რეპეტიციის შემდეგ მოსკოვში ინციდენტი მოხდა და გოგი ალექსიძე პრემიერას ვერ დაესწრო. მას  თავს დაესხნენ ქუჩაში, მოსკოვის ცენტში და სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ჯამრთელობა ძალიან შეერყა და მხოლოდ ოთხი წელი იცოცხლა.

მიუხედავად იმისა, რომ ბალეტმაისტერს პერიოდულად ოპერაციები სჭირდებოდა, შემოქმედებით  მოღვაწეობას მაინც განაგრძობდა. ინციდენტის შემდეგ პირველი სპექტაკლი ტაშკენტში დადგა. ეს სპექტაკლი მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო... მისი ქალიშვილი, მარიამი, იგონებს, რომ იგი სარეპეტიციო დარბაზში,  თურმე, მოხუცი ადამიანივით ჯოხზე დაყრდნობილი შედიოდა, მაგრამ, მუშაობას რომ იწყებდა, ჯოხს მოისროდა, ყველაფერი ავიწყდებოდა და ენერგიით  ივსებოდა...

სწორედ ამ პერიოდში ქორეოგრაფმა შემოთავაზება მიიღო პეტერბურგიდან, იაკობსონის სახელობის დასიდან – ის დასის მთავარი ბალეტმაისტერის თანამდებობაზე მიიწვიეს. ალექსიძემ ძალიან სერიოზული, დიდი პროგრამა გააკეთა და ბალეტის მოყვარულთა აზრით მისი  შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ ბოლო პერიოდია. 

გოგი ალექსიძის მეუღლე იყო ბალერინა მარინა გოდერძიშვილი. ასევე ბალერინაა მათი ქალიშვილი მარიამ ალექსიძე. იგი პირველი ქართველი ქალი ქორეოგრაფია და წარმატებით განაგრძობს მამის შემოქმედებით გზას. 2008 წლიდან, როგორც დამოუკიდებელ ქორეოგრაფს, დადგმული აქვს თანამედროვე საბალეტო სპექტაკლები: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის, შოთა რუსთაველის სახელობისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული, სამეფო უბნის თეატრების სცენებზე. 2016 წლიდან მისი ხელმძღვანელობით დაფუძნდა "გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის კამერული დასი’’.

გიორგი ალექსიძე გარდაიცვალა თბილისში, 2008 წლის 20 ივნისს. ამავე წლის სექტემბერში მოსკოვის სამხატვრო თეატრში ჩატარდა ბალეტმაისტერის ხსოვნის საღამოები. წლის ბოლოს კი სანკტ–პეტერბურგში გამოვიდა მისი წიგნი – «Балет в меняющемся мире», რომელზე მუშაობაც ქორეოგრაფმა სიკვდილამდე სულ რამდენიმე თვით ადრე დაამთავრა.

წყარო:

1. საქართველო : ენციკლოპედია. ტ. 1. [თბ.]., [1997]. - გვ. 105.

2. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ალექსიძე 

3. https://ru.wikipedia.org/.../Алексидзе,_Георгий_Дмитр...

4. spbballet.narod.ru/simple805.html 

5. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 21

6. კილასონია, სოფო. ის, ვინც პლასტიკაში ცხოვრობს // 24 საათი. - თბილისი, 2005. - 14 ივნისი. - N132 (992). - გვ.B2


Share: