The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონსტანტინე ანდრონიკოვი

კონსტანტინე ანდრონიკოვი
Date of birth:16 July, 1916
Date of death:12 September, 1997  (at 81 years)
Burial location:სენ–ჟენევიევ დე ბუას სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
Category:Theologian

Biography

დიპლომატი, თეოლოგი და მთარგმნელი კონსტანტინე ანდრონიკოვი დაიბადა პეტროგრადში, 1916 წლის 16 ივლისს. მისი მშობლები იყვნენ იასე (იესე) ნიკოლოზის (ივანეს) ძე ანდრონიკაშვილი (1893–1937) და ელენე კონსტანტინეს ასული დე ვახტერი ( 1894–1938).

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იასე ანდრონიკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. წლინახევრის კონსტანტინე კი დედამ და ბებიამ პარიზში წაიყვანეს. ენების ცოდნის წყალობით ელენე ვახტერმა შეძლო შესაფერისი სამსახურის შოვნა და ოჯახის უზრუნველყოფა. გარდა იმისა, რომ შვილს კარგი განათლება მიაღებინა, ყოველ ზაფხულს ინგლისში აგზავნიდა, რათა ინგლისურს სრულყოფილად დაუფლებოდა.

კონსტანტინე ანდრონიკოვმა საშუალო განათლება მიიღო ინგლისსა (სიფორდის კოლეჯი) და საფრანგეთში (ჟერსონის სკოლა, ჟანსონ დე სელის ლიცეუმი). უმაღლესი განათლება – სორბონის უნივერსიტეტსა და სენტ–სერჟის ორთოდოქსული თეოლოგიის ინსტიტუტში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საავიაციო სკოლაში შევიდა. პილოტობას აპირებდა, მაგრამ სწავლა აღარ გააგრძელა, რადგან 1940 წლის მაისში სასწავლებელი მაროკოში გადაიტანეს .

საფრანგეთის ოკუპაციის დროს კონსტანტინე პარიზში დარჩა. თავს თარგმანებით ირჩენდა. ამ პერიოდში თარგმნა – დოსტოევსკი, მერეჟკოვსკის „გოგოლი და ეშმაკი“ (I  წიგნი) და სხვ.

1946 წელს მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში (ოფიციალური თარჯიმანი ინგლისურ და რუსულ ენებში). საფრანგეთის მოქალაქე გახდა 1946 თუ 1947 წელს, როცა მინისტრს მოსკოვში უნდა გაყოლოდა კონფერენციაზე. მანამდე მას, როგორც ლტოლვილს, ჰქონდა იანსენის პასპორტი. შემდეგ რესპუბლიკის კონსტიტუცია შეიცვალა და კონსტანტინე ანდრონიკოვი პრეზიდენტის აპარატში გადაიყვანეს. მსახურობდა მრჩეველ-თარჯიმნად, სრულუფლებიანი მინისტრის რანგში. ეს თანამდებობა ეკავა შარლ დე გოლის, ჟორჟ პომპიდუს და ჟისკარ დ'ესტენის დროს. ესწრებოდა ყველა ოფიციალურ შეხვედრას, რომელზეც პრეზიდენტი ან მინისტრი იღებდა  სახელმწიფოთა მეთაურებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს.

პენსიაზე დროზე ადრე გავიდა, დესპანის ჩინით. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ უნდოდა მეტი დრო დაეთმო ღვთისმეტყველებისთვის. თადარიგში გასვლის შემდეგ ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა კოლეჯსა და უმაღლეს სასწავლებელში (პარიზის დოფინის უნივერსიტეტი, სენტ–სერჟის (სვიატოსერგიევსკის) ინსტიტუტი და სხვ.). იყო თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი; კონფერენციების თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტი; რელიგიის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი; ქრისტიანი ფილოსოფოსების ასოციაციის საპატიო წევრი; რუსეთის დიდგვაროვანთა კავშირის წევრი და სხვ.

კონსტანტინე ანდრონიკოვს გამოქვეყნებული აქვს მთელი რიგი სამეცნიერო სტატიები ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში; ასევე, ოთხი თხზულება: "ვარსკვლავთა სიკვდილი" (1947), "დღესასწაულთა არსი" (1970), "პასკალის ციკლი"(1985) და  "ლიტურგიის არსი"(1988). გარდა ამისა თარგმნიდა ინგლისურიდან და რუსულიდან. მან ფრანგულად თარგმნა: ვ. კლიუჩევსკის, რ. ბრედბერის, ვ. ზენკოვსკის, დოსტოევსკის, მამა პავლე ფლორენსკის, მამა სერგი ბულგაკოვის, ნიკოლოზ ბერდიაევის, ლევ შესტოვისა და სხვათა ნაწარმოებები. სერგი ბულგაკოვი მისი მასწავლებელი იყო საღვთისმეტყველო ინსტიტუტში და თავად სთხოვა თავისი ნაშრომების ფრანგულ ენაზე გამოცემა, რაც აუსრულა კიდეც.

კონსტანტინე ანდრონიკოვს მიღებული აქვს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოები: ღირსების ეროვნული ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი, წმინდა მიქაელის ორდენი.

1950-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში დარჩენილ ნათესავებთან ურთიერთობა უკვე შესაძლებელი გახდა. კონსტანტინე ანდრონიკოვს საქართველოში ეგულებოდა მამა და მამიდა, მარიამი. როცა ხრუშჩოვის მმართველობისას იგი საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ თბილისში, ნათესავებთან წასვლა სურდა, ყველა შოკში ჩავარდა — არავინ იცოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველს საბჭოეთში ნათესავები ჰყავდა.

მან სამჯერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, 1966, 1968 და 1978 წლებში. გაიცნო ახლობლები, მოინახულა ალავერდი, გრემი, შუამთის და ბოდბის მონასტრები, სოფელი მელაანი: „ალაზნის პირას პაპას სახლი ჰქონდა. ადგილი ზუსტად ვიცანით. იქ სხვა ფერის და ზომის ბალახი იზრდებოდა. სახლი კი აღარ იყო...“, – ამბობს იგი ერთ–ერთ მოგონებაში. 

კონსტანტინეს უფროსი მამიდა  – სალომე, საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ძმისშვილის  მეშვეობით მარიამ ანდრონიკაშვილმა 1960–იან წლებში შეძლო პარიზში ჩასვლა და სალომესთან შეხვედრა. სწორედ მისგან შეიტყვეს იასე ანდრონიკაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი. ოცდაათიან წლებში სალომეს მოსკოვში მიმავალი ნაცნობისთვის ძმისთვის გადასაცემად წერილი გაეტანებინა. ეს წერილი ქცეულა იასეს დაპატიმრებისა და შპიონაჟში დადანაშაულების მიზეზი. მას 1932 წელს მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს გადასახლებაში, საკონცენტრაციო ბანაკ სოლოვკიში, იხდიდა, მაგრამ 1937 წლის ოქტომბერში საგანგებო „სამეულის“ გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

კონსტანტინე ანდრონიკოვი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე – ნატალია ალექსანდრეს ასული კურისი 1983 წელს გარდაიცვალა. მათ სამი შვილი ჰყავდათ. უფროსი ვაჟი მათემატიკის პროფესორია უნივერსიტეტში, ქალიშვილი – ფსიქოლოგია, უმცროსი ვაჟი – ექიმი. 1989 წელს ბატონმა კონსტანტინემ იქორწინა ჟანნა იაკობის ასულ ვუდზე, გრაფი კამენსკების შთამომავალზე.  
კონსტანტინე ანდრონიკოვი გარდაიცვალა პარიზში, 1997 წლის 12 სექტემბერს. განისვენებს სენ–ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.154.

2. ხომერიკი, მანანა. კონსტანტინე ანდრონიკოვი - საფრანგეთის პრეზიდენტთა თარჯიმანი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2003. - 28 მაისი. - N137(4516). - გვ. 4.


Share: