The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონი

Date of birth:1746
Date of death:1826  (at 80 years)
Burial location:ვსესვიატსკოეს ქართველთა სასაფლაო, მოსკოვი, რუსეთი
Category:Writer

Biography

ბაგრატიონთა ქართლის შტოს შთამომავალი დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონი დაიბადა 1746 წელს. იგი იყო ქართლის მეფის – იესეს შვილიშვილი. ვახტანგ VI-ის უმცროსი ძმა, იესე (ალიყული–ხანი), სპარსეთის შაჰმა 1714 წელს დანიშნა ქართლის მეფედ, მას შემდეგ, რაც ვახტანგმა უარი განაცხადა მაჰმადიანობის მიღებაზე. დიმიტრის დედა იყო თამარ ციციშვილი.

1716 წელს, მაჰმადიანური სარწმუნოების ფორმალურად მიღების შემდეგ, შაჰმა ქართლის ტახტი ვახტანგს უბოძა. ამ დროიდან მოყოლებული იესე და მისი მემკვიდრეები გამუდმებულ ბრძოლას აწარმოებდნენ სამეფო ტახტისა და დაკარგული ძალაუფლების დასაბრუნებლად.

1764 წელს დიმიტრი ბაგრატიონი მონაწილეობდა ერეკლე II–ის საწინააღმდეგო პოლიტიკურ შეთქმულებაში, რის გამოც მამულები ჩამოართვეს და საქართველოდან გააძევეს. დიმიტრი სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეეგუა ქართლელ ბაგრატიონთა მიერ სამეფო ტახტის დაკარგვის ფაქტს და ქართლში ერეკლე II–ის მეფობას.

სამშობლოდან გაძევებულმა დიმიტრი ბაგრატიონმა თავი ყიზლარს შეაფარა. აქ იგი ბებიასთან, მარიამ ორბელიანთან ერთად 1767 წლამდე იმყოფებოდა. ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ კი ისინი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც ვახტანგ VI-ის გადასახლების შემდგომ ბევრი ნათესავი ჰყავდათ.

მოსკოვში დამკვიდრებული დიმიტრი განწესდა სამხედრო სამსახურში, მიიღო კაპიტნის წოდება. 1791 წელს მან ცოლად შეირთო მარიამ დიმიტრის ასული ციციშვილი, რომელთანაც შეეძინა ორი ასული – ელისაბედი და ანასტასია.

1805 წელს დიმიტრი ბაგრატიონმა მოითხოვა საქართველოში დატოვებული მამულების დაბრუნება და სანაცვლოდ მიიღო ფულადი ანაზღაურება.

ზოგიერთი ცნობით იგი მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში.

რუსეთში მწერალი საკმაოდ კარგად მოეწყო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მისი   სამსახურებრივი კარიერა წარმატებით განვითარდა და ეკონომიური თვალსაზრისითაც წელგამართულად ცხოვრობდა, სამშობლოსთან იძულებითი განშორება მისთვის მარადიული სულიერი ტკივილის საგანს წარმოადგენდა. ამის დასტურია თეიმურაზ I–ის  თხზულების მიბაძვით დაწერილი ისტორიული პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა" (დაიბეჭდა პეტერბურგში, 1819 წელს). ძველ ქართულ ლიტერატურაში იგი პირველი პოეტია, რომლის ნაწარმოები ავტორის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა.

თავისი პოეტური მემკვიდრეობა დიმიტრი ბაგრატიონმა ერთ ხელნაწერ  კრებულად  გააერთიანა და მას „დიმიტრიანი“ უწოდა. მის ნაწარმოებებში გამოვლინდა ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობისათვის დამახასიათებელი სოფლის მდურვის მოტივი, რომელსაც საფუძვლად სამშობლოსაგან მოშორება და პოლიტიკური მიზნების კრახი ედო. ასეთია ლექსები: “შორით მომესმა ხმა გოდებისა“; „მდურვა სოფლისა“; „სოფლის მდურვა სიბერისათვის“ და სხვ.

მწერლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა უხვი და მრავალფეროვანია. მან წარმატებით განაგრძო დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ბესიკისა და სხვა ცნობილი პოეტების მიერ დამკვიდრებული ლიტერატურული ტრადიციები და ქართული ლექსის რიტმულ–ვერსიფიკაციული სამყარო ახალი პოეტური ფორმებითა და მუსიკალური ინტონაციებით გაამდიდრა. მთელი მისი პოეზია გამსჭვალულია ქრისტიანულ–რელიგიური მრწამსით. ასეთია მის მიერ გალექსილი „შესაქმე“ და „გოდება ადამისი“; ლექსების ნაწილი სატრფიალო ხასიათისაა: „სულის ყვავილო“; „ჩემო მთვარეო“; „ვარდის ალერსი“ და სხვ. პროზაულ თხზულებაში "ღამის ალერსი" გაიდეალებულად არის აღწერილი აღმოსავლეთ საქართველოს არისტოკრატიის ყოფა–ცხოვრება და ზნე–ჩვეულებანი.

დიმიტრი ბაგრატიონი ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. რუსულიდან თარგმნა სამოელ რაბინის „ოქროს აღნაქვსი“ , გეოგრაფიული ნაშრომი „განყოფა ევროპის იმპერატორთ სახლისა“ და „ისტორია დაწყებისა განხეთქილებისა შორის ბერძენთა და რომაელთა გამოსცლისათვის სულისა წმიდისა“.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ბაგრატიონი ქართული ანდაზების პირველი შემკრებია. პოეტმა ფართოდ პოპულარული ანდაზების ერთ ნაწილს მხატვრულად ისეთი სრულყოფილება მიანიჭა, რომ ბევრი მათგანი შემდგომში სწორედ მის მიერ პოეტურად ფორმულირებული ფორმით გავრცელდა და დამკვიდრდა ხალხში. მაგალითად: „ფერი ფერსაო, მადლი ღმერთსაო“; „თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, ვისარგებლე ვერა კიდე“; „დღეის კვერცხი სჯობს ხვალის ქათამსა“; „დილას ოქრო ხარ, სტუმარო, საღამოს ვერცხლად იქცევი, თუ ხანი გაგიგრძელდება, სპილენძად გადაიქცევი“; "ვუის გავეყარეო, ვაის შევეყარეო“ და ა. შ. მას ეკუთვნის, აგრეთვე, ამოცანები, ზმები, აკროსტიქები.

თავისი თემატიკითა და მხატვრული გადაწყვეტით დიმიტრი ბაგრატიონის პოეზია ქართულ პომანტიზმს ენათესავება და ამ ლტერატურული მიმდინარეობის ერთ–ერთ წინამორბედად გვევლინება.

პოეტი გარდაიცვალა 1826 წელს, მოსკოვში. დაკრძალულია ვსესვიატსკოეს ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319

2. https://ka.wikipedia.org/wiki/დიმიტრი_ბაგრატიონი_(პოეტი) 

3. ბერძნიშვილი, მაქსიმე. ბაგრატიონი დიმიტრი გიორგის ძე (1746-1826) // მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის / მაქსიმე ბერძნიშვილი. - თბილისი, 1980. - გვ. 168-170

4. დარჩია, ბორის. დიმიტრი ბაგრატიონი // ფილოლოგიური ძიებანი : ტ. 1 / ბ. დარჩია. - თბილისი, 2013. - გვ.142-149

5. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. დიმიტრი ბაგრატიონი // ქართული ემიგრანტული მწერლობა / ავთანდილ ნიკოლეიშვილი. - ქუთაისი, 2006. - გვ. 180-200

 


Share: