The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ალექსის ძე ფანჩულიძე

ალექსანდრე ალექსის ძე ფანჩულიძე
Date of birth:1790
Date of death:7 January, 1867  (at 77 years)
Burial location:რუსეთი
Category:Public official, Military Person

Biography

ალექსანდრე ფანჩულიძის წინაპრები იმერეთიდან იყვნენ. ფანჩულიძეთა გვარის ეს შტო, დავით მათეს ძე ფანჩულიძისგან იღებს სათავეს. იგი საქართველოდან თან გაჰყოლია გენერალ ტოტლებენს და 1757 წლიდან უკვე რუსეთის სამხედრო სამსახურშია. სამხედრო იყო დავითის სამივე ვაჟი – ალექსი, ივანე და სიმონი. ალექსი ქ. სარატოვის გუბერნატორი გახდა, ივანემ და სიმონმა კი გენერლობას მიაღწიეს.

ალექსი დავითის ძე 1790 წელს დაქორწინდა  მარია ალექსანდრეს ასულ გლადკოვაზე.  იმავე წელს, სარატოვში, დაიბადა მათი ვაჟი – ალექსანდრე. 

ალექსანდრე ალექსის ძე 1807–1819 წლებში ლეიბ–გვარდიიდ ჰუსართა პოლკში მსახურობდა. 1815 წლის 10 დეკემბერს შტაბს-როტმისტრის რანგში გახდა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტის წევრი. სამსახურიდან გათავისუფლდა 1819 წლის 19 იანვარს პოლკოვნიკის წოდებით.

თადარიგში გასვლის შემდეგ, 1822–1831 წლებში,  ალექსანდრე ფანჩულიძე სარატოვის გუბერნიის თავადაზნაურობის მიერ არჩეულ იქნა წინამძღოლად, ხოლო 1831 წლის თებერვალში დაინიშნა ქ. პენზის სამოქალაქო გუბერნატორად. ამ თანამდებობაზე მან დაჰყო ოცდარვა წელი (1831–1859).

ალექსანდრე ფანჩულიძის გუბერნატორობის პერიოდში გაიხსნა პენზაში ჩორთით მოსიარულე ცხენების მოყვარულთა საზოგადოება და სამხრეთ–აღმოსავლეთ რუსეთის სოფლის მეურნეობის საზოგადოება, რომლის პირველ საპატიო პრეზიდენტად იგი თავად გვევლინება. ნიშანდობლივია, რომ 1855 წელს, ყირიმის ომის დროს, გუბერნატორი პირადად იყო დაკავებული სახალხო ლაშქრისთვის ახალწვეულების შეკრებით.

პენზის გუბერნიის მმართველობის პერიოდში მან ორჯერ უმასპინძლა სამეფო კარის უმაღლეს პირებს – 1836 წელს ნიკოლოზ I–ს და 1837 წელს უფლისწულ ალექსანდრე ნიკოლოზის ძეს.

1856 წელს ალექსანდრე ფანჩულიძემ დიდი ზეიმით გადაიხადა პენზაში გუბერნატორობის 25 წლის იუბილე და მიიღო რუსეთის იმპერატორისაგან სამადლობელი წერილი საჩუქართან ერთად – ძვირფასი სათუთუნე ალექსანდრე II–ის პორტრეტით. იგი იყო მრავალი ჯილდოს მფლობელი. მათ შორის: წმ. ანასა და წმ. სტანისლავის პირველი ხარისხის, წმ. ვლადიმირის დიდი ჯვრის მეორე ხარისხის ორდენები, თეთრი არწივის ორდენი და სხვა.

გუბერნატორი ფანჩულიძე სამსახურიდან გადადგა 1859 წლის 14 აგვისტოს სენატორ საფონოვის მიერ ჩატარებული რევიზიის შედეგად. ეს რევიზია გამოიწვია გერცენის გაზეთ „კოლოკოლში“ გამოქვეყნებულმა მამხილებელმა სტატიამ „დღის სინათლეზე ძარცვა პენზაში“, სადაც სააშკარაოზე იყო გამოტანილი გუბერნატორის სისასტიკე, მექრთამეობა და სხვა ბნელი საქმეები. 1850–იან წლებში პენზაში ფართოდ ყოფილა გავრცელებული პოეტის, კრიტიკოსისა და მთარგმნელის ექვთიმე თედორეს ძე ზარინის სატირული ლექსების ციკლი, რომელთა მთავარი „გმირი“ ალექსანდრე ფანჩულიძეა. 1856 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ ლექსში, რომელსაც ეწოდება – „ალექსანდრე ალექსის ძე ფანჩულიძეს პენზის გუბერნიის მმართველობის ოცდახუთი წლისთავზე“ – ჩამოთვლილია გუბერნატორისა და მისი მოხელეების დესპოტიზმი, უსამართლობა, წამგლეჯაობა. პოეტის აზრით, გუბერნატორის შავბნელი საქმეების წინაშე ხუნდება ყველა დროის ავაზაკთა და „ცოდვილთა“ საქმიანობა.

ექვთიმე ზარინის მამხილებელმა ლექსებმა გუბერნატორისა და მისი წრის უკიდურესი გაბოროტება გამოიწვია. ალექსანდრე ფანჩულიძემ უბრძანა თავის ხელქვეითებს, რომ ზარინის ბინაში მალულად შეეტანად ყალბი ფულის საჭრელი მანქანა, რათა მას საბაბი ჰქონოდა პოეტის დასაპატიმრებლად. ზარინი იძულებული გახდა პენზიდან ჩუმად გაპარულიყო.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალექსანდრე ფანჩულიძე ცხოვრობდა სოფელ რამზაიში. გარდაიცვალა 1867 წლის 7 იანვარს.

ფანჩულიძეთა გვარი 1848 წლიდან შეტანილია „პენზის გუბერნიის საგვარტომო წიგნში“. ამ გუბერნიაში ალექსანდრე ფანჩულიძის მფლობელობაში იყო სასოფლო დასახლების მიწები. მისი სიკვდილის შემდეგ, 1871–1873 წლებში პენზის მაზრის თავადაზნაურთა მეთაურის პოსტი დაიკავა მისმა ძმამ – გვარდიის პორუჩიკმა ალექსი ფანჩულიძემ. ხოლო, 1887–1899 წლებში ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა მისი ძმისშვილი – გვარდიის პოლკოვნიკი ნიკოლოზ ფანჩულიძე.

ალექსანდრე ფანჩულიძეს ცოლად ჰყავდა ცნობილი რუსი მწერლის მ. ნ. ზაგოსკინის და – ვარვარა ნიკოლოზის ასული ზაგოსკინა. მათი შვილი – დავითი, ერთი პერიოდი იყო მიწის მართვის უფროსის თანამდებობაზე პენზის გუბერნიის სოფელ რამზაიში. დავითის შვილი, რომელიც 1883 წელს დაიბადა ამავე სოფელში, გარდაიცვალა 1929 წელს ნიუ–იორკში.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/.../Панчулидзев,_Александр_А...

2. ა. ა. ფანჩულიძე // ალანია, ნოდარ. სოლომონ რაზმაძე . - თბ., 1968. - გვ. 50–52.

3. ფანჩულიძე, ჯუმბერ. Панчулидзев Александр Алексеевич  // ფანჩულიძეთა გვარი / ჯ. ფანჩულიძე. - თბ., 2012. - გვ.46-49


Share: