The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იოსებ თარხან–მოურავი

იოსებ თარხან–მოურავი
Date of birth:5 May, 1819
Date of death:26 March, 1878  (at 58 years)
Category:Military Person

Biography

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1863), თავადი იოსებ თარხან–მოურავი დაიბადა  1819 წლის 5 მაისს, სოფელ ახალქალაქში (ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი). მამა – დავით ზაზას ძე თარხან–მოურავი (1764–1839); დედა – მაკრინე ზურაბის ასული წერეთელი. დედის მხრიდან ენათესავებოდა სამეგრელოს მთავარს, დავით I დადიანს.

1837 წელს იოსებმა დაამთავრა სათავადაზნაურო პოლკის კურსები და სამხედრო სამსახური დაიწყო კავკასიაში, ერევნის კარაბინერთა პოლკის პრაპორშჩიკად. 1945 წელს ამავე პოლკში დააწინაურეს შტაბს–კაპიტნად, 1946 წელს – კაპიტნად.

ყირიმის ომის (1853–1856) დროს იოსებ თარხან–მოურავი ქურუქ–დარის ბრძოლაში უკვე პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა ერევნის კარაბინერთა პოლკის მე-3 ბატალიონს. ამ ბრძოლაში მან  დიდი სიმამაცე და მოსაზრებულობა გამოიჩინა, რის გამოც წმინდა გიორგის მე–4 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1855 წლიდან იოსებ დავითის ძე იყო ქართველ გრენადერთა პოლკის უფროსი. 1859 წელს, გენერალ–მაიორის წოდების მიღებასთან ერთად დაინიშნა სამხრეთ დაღესტნის ჯარების სარდლად და ყაზიყუმუხის ოკრუგის მმართველად. იმავე წელს აქტიურად მონაწილეობდა აულ ღუნიბის აღებასა და შამილის დატყვევებაში. მან პირველმა შემოარტყა ალყა ღუნიბის სიმაგრეს და წმინდა გიორგის მე–3 ხარისხის ორდენიც დაიმსახურა.

1860 წლიდან იოსებ თარხან–მოურავი გვევლინება ჩრდილოეთ  დაღესტნის სამხედრო უფროსად. 1863 წლიდან იგი 39–ე ქვეითი დივიზიის, ხოლო, 1869 წლიდან – კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაურია. 1871 წელს მიიღო გენერალ–ადიუტანტის წოდება. ამავე წლის 20 სექტემბრიდან გარდაცვალებამდე იყო რუსეთის საიმპერატორო სვიტის წევრი.

ხანგრძლივი სამხედრო კარიერის მანძილზე იოსებ თარხან–მოურავი დაჯილდოებული იყო: ვერცხლის ხმლით, წარწერით „სიმამაცისთვის“,  წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხისა და თეთრი არწივის ორდენებით.

იოსებ დავითის ძე დაქორწინებული იყო ბარბარე (ბაბო) მამუკას ასულ ჯამბაკურ–ორბელიანზე (1842–1913). მათ შეეძინათ 3 ასული – ნინო, მაკრინე, გაიანე და ერთი ვაჟი – ესტატე.

იოსების ძმა, გენერალ–ლეიტენანტი კონსტანტინე თარხან–მოურავი, ბაქოს გუბერნიის პირველი გუბერნატორი იყო.

იოსებ თარხან–მოურავი გარდაიცვალა 1878 წლის 26 მარტს, თბილისში.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/.../Тархан-Моуравов,_Иосиф_...

2. georgianencyclopedia.ge/index.php/თარხან-მოურავი_იოსებ 

3. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476

4 ავალიანი გ. გენერალ–ლეიტენანტი იოსებ დავითის ძე თარხან–მოურავი // რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან / გ. ავალიანი. – თბ., 1967.– გვ. 146–147  

5. 1853-1856 წლების რუსეთ-თურქეთის ომი ქართულ პრესაში / მოამზადა დარეჯან ანდრიაძემ // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2010. - დეკემბერი. - N11(13). - გვ.27-29.


Share: