The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


ირინე იაშვილი

Date of birth:5 November, 1942  (75 years)
Category:Musician

Biography

ცნობილი მევიოლინე და პედაგოგი ირინე იაშვილი დაიბადა თბილისში, 1942 წლის 5 ნოემბერს. მამა – ლუარსაბ იაშვილი, მევიოლინე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ალტის კათედრის დამაარსებელი, დედა – თამარ ხაბურზანია, პიანისტი–კონცერტმაისტერი.

ირინეს ვიოლინოზე დაკვრა მამამ დააწყებინა. ისიც, ისევე, როგორც მისი დები, მარინე და ნანა იაშვილები, პატარაობიდანვე, 6 წლის ასაკიდან, ესტრადაზე იდგა. 9 წლისამ უკვე სოლო კონცერტი გამართა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“, 1964 წელს –   ვანო  სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პედაგოგი: ლ. იაშვილი).

1957 და 1961 წლებში ახალგაზრდა მევიოლინე გახდა მოსკოვის მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსის ლაურეატი, ხოლო ბაქოში გამართულ ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე (1961 წ.) I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.

ირინე იაშვილი კონსერვატორიის პირველივე კურსიდან იყო საოპერო სტუდიის ორკესტრის კონცერტმაისტერი (1959-1964 წწ); 1964 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურაში (პედაგოგი: დავით ოისტრახი), მაგრამ არ დაუსრულებია, რადგან გათხოვდა და თბილისში დაბრუნდა.

ქალბატონი ირინეს მეუღლე ტარიელ დუგლაძე (1941–2002 წწ.) სიმფონიური და საოპერო ორკესტრების დირიჟორი იყო.

ირინე იაშვილი ეწეოდა აქტიურ საკონცერტო–საგასტროლო მოღვაწეობას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. სამ დას, მარინეს, ირინეს და ნანას ერთობლივი კონცერტები აქვთ გამართული ნიდერლანებში, პოლონეთში, იუგოსლავიაში, რუსეთში,  გერმანიაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში. ირინეს დაუკრავს ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც იყვნენ: ოდისეი დიმიტრიადი,  ვახტანგ ფალიაშვილი, გივი აზმაიფარაშვილი, ტარიელ დუგლაძე, კირილ კონდრაშინი, კურტ მაზური და სხვ.; იგი გამოსულა ანსამბლში მევიოლინეებთან: მარინე იაშვილთან, იგორ ოისტრახთან, იგორ პოლიტკოვსკისთან, ბორის გუტნიკოვთან; პიანისტებთან: ნანა დიმიტრიადისთან, ელენა ლივშიცთან, მედეა ალთუნაშვილთან; ვიოლონჩელისტებთან: დანიილ შაფრანთან, მსტისლავ როსტროპოვიჩთან, ნატალია გუტმანთან... ჩამონათვალი ძალიან ვრცელი და საამაყოა.

1970 წელს მუსიკოსს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება.  

ექვსი წლის განმავლობაში (1967–1973 წწ.) ირინე იაშვილი იყო სოლისტი და კონცერტმაისტერი საქართველოს ფილარმონიის სახელმწიფო კამერული ორკესტრისა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები იყვნენ მარინე იაშვილი და მისი მეუღლე, იგორ პოლიტკოვსკი. 1964-1993 წლებში იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიანი საკრავების კათედრაზე პედაგოგად, 1992 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

1994 წლიდან ირინე იაშვილი მოღვაწეობს საზღვარგარეთ (იუგოსლავია, თურქეთი); 1994-2012 წწ. სერბეთში, ქ. ნოვი-სადის (იუგოსლავია) ხელოვნების აკადემიის პროფესორი იყო. 2013 წელს ქალბატონმა ირინემ და მისმა ქალიშვილმა, მევიოლინე მანანა დუგლაძემ, მიიღეს მიწვევა თურქეთის ქ. ადანის  კონსერვატორიიდან, სადაც ამჟამადაც მუშაობენ.

ირინე იაშვილს ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე აღზრდილი ჰყავს უამრავი სტუდენტი. მარტო სერბეთში მისი მოწაფეთა რიცხვი 50–ს აღემატება, მათ შორის ბევრმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ორკესტრებში მუშაობენ. ერთ–ერთი მათგანია დღეს მსოფლიოში წარმატებული მევიოლინე რომან სიმოვიჩი.

ირინე იაშვილის რეპერტუარი შედგება, როგორც ქართული ისე უცხოური ნაწარმოებებისგან: დ. ჩხეიძე – „კონცერტინო“; ა. შავერზაშვილი – „ფანტაზია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის“ (1972, პირველი შესრულება); ა. შავერზაშვილი – საფორტეპიანო ტრიო N3 (1979, პირველი შესრულება); კონცერტები: ჩაიკოვსკი, ვივალდი, ბრამსი და სხვა.

წყარო: 

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 216.

2. იაშვილი, ირინე. "რა მითხრა მე ჩემმა ქვეყანამ..." : ინტერვიუ / ირინე იაშვილი; ესაუბრა მზია ჯაფარიძე // მუსიკა: საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი. - თბილისი, 2014. - N4(22). - გვ.44-53.


Share: