The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


მარინე იაშვილი

მარინე იაშვილი
Date of birth:20 October, 1932
Date of death:9 July, 2012  (at 79 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Musician

Biography

მარინე იაშვილი დაიბადა 1932 წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, მევიოლინისა და ალტისტის, თბილისის კონსერვატორიის პროფესორის, ლუარსაბ იაშვილის ოჯახში. დედა – თამარ ხაბურზანია, პიანისტი–კონცერტმაისტერი.

მარინემ ვიოლინოზე დაკვრა მამის ხელმძღვანელობით დაიწყო და უკვე 9 წლის ასაკში შედგა  მისი დებიუტი, ბერიოს კონცერტით, თბილისის რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე. მეორე მსოფლიო ომის წლებში 13 წლის მარინე იაშვილი კონცერტებს მართავდა სამხედრო ჰოსპიტლებში, რისთვისაც მიენიჭა მედალი „კავკასიის დაცვისათვის“.

1946 წელს მარინემ დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“ და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პედ.: ლ. იაშვილი). ამ პერიოდში მოიპოვა მან პირველი დიდი გამარჯვება. იან კუბელიკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე (პრაღა, 1949) წარმატებული გამოსვლის შემდგომ იგი, 17 წლის ასაკში, გახდა საერთაშორისო კონკურსის პირველი ლაურეატი, როგორც საქართველოს, ისე მთელი კავკასიის მასშტაბით.

1955 წელს მარინე იაშვილმა დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. იქვე სწავლობდა ასპირანტურაში (პროფ. მ. მოსტრასის კლასი); კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მან კიდევ ორი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატობა მოიპოვა: 1952 - ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის მევიოლინეთა კონკურსი (პოზნანი, პოლონეთი); 1955 - დედოფალ ელისაბედის სახელობის კონკურსი (ბრიუსელი, ბელგია); საზღვარგარეთული პრესა ერთხმად აღნიშნავდა ახალგაზრდა მევიოლინის შესრულების „პოეტურობასა და ლირიზმს, რაც შეერთებულია ცეცხლოვან ტემპერამენტთან, ქალურ გრაციოზულობასა და სინაზესთან“.  

1957 წლიდან მუსიკოსი იყო „მოსკონცერტის“ სოლისტი. 1958-1966 წლებში და 1982 წლიდან – მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი (1980, პროფესორი); 1966-1982 წლებში თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (1977, პროფესორი).

1967-1973 წლებში  მარინე იაშვილი მეუღლესთან, იგორ პოლიტკოვსკისთან ერთად ხელმძღვანელობდა საქართველოს ფილარმონიის კამერულ ორკესტრს; ქართული ორკესტრის სრული შემადგენლობა მაშინ პირველად გასცდა საქართველოს საზღვრებს –გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტეინი...

1975-1979 წლებში მუსიკოსი მუშაობდა იუგოსლავიაში ქ. ნოვი-სადის ხელოვნებათა აკადემიის სავიოლინო კათედრის გამგედ და პროფესორად, თუმცა, პარალელურად, განაგრძობდა ფართო საკონცერტო მოღვაწეობას (მათ შორის დებთან, ირინე და ნანა იაშვილებთან ერთად): ბულგარეთი, დანია, ეგვიპტე, აშშ, თურქეთი, ისლანდია, ისრაელი, საფრანგეთი, იაპონია და სხვ.

მარინე იაშვილის რეპერტუარი ძალზე მდიდარი და მრავალფეროვანი იყო, კლასიკურ ნიმუშებთან ერთად შეიცავდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. კერძოდ, იგი გახლდათ ა. მაჭავარიანის, ნ. გაბუნიას, რ. გაბიჩვაძის, ნ. გუდიაშვილის, ს. ნასიძის, ა. შავერზაშვილის, ტ. ბაქრაძის, ნ. მამისაშვილის... სავიოლინო კონცერტების პირველი შემსრულებელი; ა. მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტის მ. იაშვილისეული  ჩანაწერი, აგერ უკვე ათწლეულებია, საუკეთესოდაა მიჩნეული. კამერული სავიოლინო ნაწარმოებებისთვისაც ერთხელ და ორჯერ როდი გაუკვალავს გზა საკონცერტო ესტრადაზე; ქართული სავიოლინო კონცერტების საზღვარგარეთული პრემიერებიც მის სახელს უკავშირდება.

ქალბატონი მარინეს საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა უმაღლესი პროფესიული კულტურით, ტექნიკური სრულყოფილებით, ექსპრესიით, ნატიფი გემოვნებით. დაუვიწყარია ი. ს. ბახის „ჩაკონას“იაშვილისეული შესრულება. ბეთჰოვენის, მენდელსონის, ჩაიკოვსკის სავიოლინო მუსიკის, სენ–სანსის „რონდო–კაპრიჩიოზოს“, სარასატეს „ბოშური მონამღერების“, ბრამსის უნგრული ცეკვების  მისეული ინტერპრეტაცია.

მუსიკოსი  იყო მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი და თავმჯდომარე. იგი სისტემატურად მართავდა „მასტერ-კლასებს“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ევროპისა და აზიის მრავალ ქალაქში.

მარინე იაშვილის ხელოვნება მსმენელთა მხურვალე აპლოდისმენტების გარდა  სახელმწიფოს მიერაც იყო დაფასებული:  საქართველოს სახალხო არტისტი (1967); შრომის წითელი დროშის ორდენი (1971); ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975); პოლონეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1996); ღირსების ორდენი (1996); რუსეთის დამსახურებული არტისტი (1997); შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (2003).

მარინე იაშვილისადმი მიძღვნილია სახვითი ხელოვნების რამდენიმე ნიმუშიც: საქართველოში მოღვაწე რუსი მხატვარის ვასილი შუხაევის მიერ შექმნილი ნორჩი მარინეს ფერწერული პორტრეტი დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ხოლო, მოქანდაკე ფ. მზარეულაშვილის მიერ გამოძერწილი მარმარილოს ბიუსტი ამშვენებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას.

2012 წლის 9 ივლისს, მოსკოვში დასრულდა მარინე იაშვილის სიცოცხლე. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.

2. ქუთათელაძე, რუსუდან. ეროვნული მუსიკალური პარნასის მკვიდრი / რუსუდან ქუთათელაძე // მუსიკა : საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. - თბილისი, 2012. - N3. - გვ.18-21

3. https://ka.wikipedia.org/wiki/მარინე_იაშვილი 

 


Share: