The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბოცო კორიშელი

ბოცო კორიშელი
Legal name:ვახტანგ ჩიქვინიძე
Date of birth:1921
Date of death:2015  (at 94 years)
Category:Entertainer

Biography

ვახტანგ (ბოცო) კორიშელი დაიბადა თბილისში, 1921 წელს, რუსთაველის თეატრის  მსახიობ პლატონ კორიშელის (ჩიქვინიძე) ოჯახში. სახელი - „ბოცო“, საქართველოში გატარებული ბავშვობიდან შემორჩა, გვარადაც მამის ფსევდონიმი – კორიშელი აიღო.

პლატონ კორიშელი, გარდა იმისა, რომ მსახიობი იყო, კარგად მღეროდა. როგორც მომღერალი უკრაინაში წაუყვანიათ და რადგან ჩიქვინიძე ძნელად გამოითქმებოდა, კორიშელის გვარი აუღია ფსევდონიმად, მისი მშობლიური სოფლის, დიმის (იმერეთი ბაღდათის რაიონი) საპატივცემულოდ, სადაც არის კორიშის მთა.

პატარა ბოცოს ძალიან უყვარდა ბებია-ბაბუასთან სტუმრობა დიმში. ამერიკაში რამდენიმე წლის ჩასული იყო, როცა ქალაქ მორო–ბეიში მოხვდა. კალიფორნიის შტატის ამ პატარა ქალაქმა მშობლიური დიმი მოაგონა და საცხოვრებლად იქ დარჩა.

პლატონ კორიშელი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. ბოცომ საშუალო სკოლა კი დაამთავრა, მაგრამ "მგლის ბილეთით" უნივერსიტეტში შესვლა არ შეეძლო. ჯარში გაიწვიეს. სამუშაო ბატალიონში სანგრებს თხრიდა პოლონეთის საზღვარზე. ომის დაწყებისთანავე გერმანელებმა დაიჭირეს. ტყვეობიდან ბავშვობაში კარგად ნასწავლმა გერმანულმა იხსნა. დაიწყო თარჯიმნობა. თარგმნიდა ქართულიდან და რუსულიდან. ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, შტაბში და ბანაკებში მუშაობდა. ომი რომ დამთავრდა და რუსები შევიდნენ გერმანიაში, სამშობლოში დაბრუნება ვერ გარისკა, ამერიკულ ზონაში, ზალცბურგში გადავიდა. კარგა ხანს მთებში იმალებოდა. შემდეგ იყო მიუნხენი და ქართველი ემიგრანტების, ალჩიბაიების ოჯახი.

„ბავშვობიდან მუსიკას ვსწავლობდი, გავიგე, კონსერვატორია იხსნებოდა და ჩაბარება გადავწყვიტე. დავუკარი და მიმიღეს", – ასე იხსენებს ბოცო კორიშელი მიუნხენის კონსერვატორიაში ჩაბარების ამბავს. მოგვიანებით, ალჩიბაიების რჩევით სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ამერიკაში 1950 წელს ჩავიდა. დასახლდა ლოს-ანჯელესში. გერმანიაში დაბრუნებას ერთ წელიწადში აპირებდა, მაგრამ კონსერვატორიის პედაგოგი ვერ შეელია, სტიპენდია დაუნიშნეს და კიდევ ერთი წლით დატოვეს. მერე ისე შეეჩვია იქაურობას, რომ სამუდამოდ დარჩა.

ლოს-ანჯელესიდან სანტა ბარბარას უნივერსიტეტში გადავიდა, რომლის დამთავრების შემდეგ მორო–ბეიში დაიწყო მუშაობა. პიანისტის კარიერას პედაგოგობა არჩია, რაც მისი მოწოდება აღმოჩნდა. ბოცოს გამოზრდილი მუსიკოსები ამერიკის სხვადასხვა ორკესტრებში უკრავენ და საყვარელ საქმეში რეალიზებული ადამიანები არიან. თუმცა ის ამბობს, რომ არ არის აუცილებელი პროფესიად ყველამ ხელოვნება აირჩიოს, მთავარია მათ ბავშვობიდანვე ესმოდეთ მუსიკა, ხედავდნენ სილამაზეს და საკუთარი ემოციები ამ გზით გამოხატონ.

ბოცო კორიშელის სტუდიაში გაიზარდა ცნობილი ამერიკელი დირიჟორი კენტ ნაგანო,  მონრეალის სიმფონიური ორკესტრისა და ბავარიის სახელმწიფო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი. ბოცოს მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნებში არიან გაფანტულნი, თუმცა ზაფხულობით ხშირად ჩამოდიან და მასწავლებელთან ერთად უკრავენ.

1960 წელს ბოცო კორიშელმა მორო ბეიში სიმფონიური ორკესტრი დააარსა და მისი დირიჟორი გახდა. კონცერტებს ხშირად მართავდნენ. ამავე პერიოდიდან აწყობდა კამერულ კონცერტებს სახლში, თავის დაარსებულ სტუდიოში. წელიწადში ხანდახან სამი ასეთი კონცერტი იმართებოდა, მარტო სიმებიანი ინსტრუმენტების მონაწილეობით და მთელი ქაუნთიდან (საგრაფო) იყრიდნენ თავს პროფესიონალი მუსიკოსები. ხელოვანის სურვილით ბილეთები არ იყიდებოდა, დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი. ამ კონცერტებს, House concerts – სახლის კონცერტებს ეძახდნენ. ბოცოს მოსწავლეები ამ საღამოებშიც მონაწილეობდნენ და ხშირად სოლო კონცერტებზეც უკრავდნენ..

ბოცო კორიშელის მიერვეა დაარსებული ქალაქ სენ ლუის ობისპოს ახალგაზრდული ორკესტრი. ასევე, იგი ლექციებს კითხულობდა ფრაიბურგში, სადაც მიწვეული პროფესორის რანგში ასწავლიდა მუსიკისმცოდნეობას.

ცხოვრების მეორე ნახევარი ბოცო კორიშელმა ქვაზე მუშაობას მიუძღვნა. ქანდაკებით გიორგი და ელენე პაპაშვილებთან შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. სწორედ გიორგი პაპაშვილმა ასწავლა ქვის თლა და სამუდამოდ შეაყვარა ეს საქმე. განსაკუთრებით გრანიტზე მუშაობა უყვარდა. მორო–ბეიში მის მიერ შესრულებული რამდენიმე ქანდაკება დგას.

„მუსიკასა და ქანდაკებაში, მათთან ფიქრების გაცვლა-გამოცვლაშია მთელი ჩემი ცხოვრება. ეს ნამდვილად იყო საშუალება, შემევსო დანაკარგი მამის და დედის, მთელი ჩემი ოჯახის“, – ამბობდა ღვაწლმოსილი ხელოვანი.

ბოცო კორიშელი ნახევარი საუკუნის მანძილზე ასწავლიდა ახალგაზრდებს დირიჟორობას, სხვადასხვა ინსტურმენტებზე დაკვრასა და ქანდაკების ხელოვნებას. ქართველი ემიგრანტი, მხატვარი ნიკო ჩოჩელი მას ასე ახასიათებდა: “ბოცო კორიშელის ცხოვრება სასწაულებრივია და სამაგალითო. მიუხედავად გადატანილი სირთულეებისაა, მან სამშობლოს სიყვარული ბოლომდე შეინარჩუნა. როგორც პედაგოგმა საკუთარ მოწაფეებს მუსიკასა და ქანდაკებასთან ერთად, ადამიანობა და ზნეობა ასწავლა“.

ბოცოს მეუღლე, მარგარეტიც, მოქანდაკეა. ისინი ერთმანეთს გერმანიაში შეხვდნენ, როგორც მასწავლებელი და მოსწავლე. საერთო ინტერესებმა და ყოველდღიურმა ურთიერთობამ დაახლოვა და მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 1984 წელს დაქორწინდნენ. მარგარეტი Cuesta community კოლეჯში ასწავლის ქანდაკების ხელოვნებას. შეეძინათ ორი გოგონა– ლია და ელენა. ლია ვიოლინოზე უკრავს, ელენა - ფორტეპიანოზე. პირველ მეუღლესთან ბოცო კორიშელს თემო და თინა ჰყავს. ისინი უკვე ზრდასრულები არიან და დამოუკიდებლად ცხოვრობენ.

საქართველოსთან კავშირის აღდგენაში ბოცო კორიშელს სუხიშვილების ანსამბლი დაეხმარა. 1960–იან წლებში, ლოს–ანჯელესში კონცერტის შემდეგ, კულისებში, ერთ–ერთმა მოცეკვავემ დედის წერილი გადასცა. ამის შემდეგ დაუკავშირდა ოჯახს, მაგრამ დედასთან და ძმასთან, ლეოსთან შეხვედრა, მათ სიცოცხლეში, ვეღარ მოასწრო. სამშობლოში პირველად მეუღლესთან ერთად 1991 წელს ჩამოვიდა რამდენიმე თვით.

მეორედ, 2007-ში, გადამღებ ჯგუფთან ერთად, რომელიც ბოცოს შესახებ ფილმზე მუშაობდა. მაშინ ქალიშვილებიც ჩამოიყვანეს.

ბოცო კორიშელის ცხოვრების მძიმე გზას და იმ სრულიად განსხვავებულ კვალს, რომელიც მან ბევრი ადამიანის ცხოვრებას დაატყო ხელოვნების სიყვარულის გაზიარებით, მიეძღვნა ამერიკელი დოკუმენტალისტის, ტომ უოლტერსის, ფილმი „ბოცო – მასწავლებელი თბილისიდან“. ფილმმა მოიპოვა 10 საერთაშორისო ჯილდო და აღიარება .

ქალაქში, რომელშიც ბოცო კორიშელმა მთელი ცხოვრება გაატარა, ქართველ პედაგოგზე ყველა უდიდესი პატივისცემით საუბრობს: “ვახტანგ კორიშელის დამსახურებით ასობით ამერიკელი საქართველოს ზღაპრულ ქვეყნად მიიჩნევს.თქვენი ისტორია ბოცომ გაგვაცნო, შეგვაყვარა ქართული ლიტერატურა, შოთა რუსთაველი და ქართული ხელოვნება.მორო ბეიში ბოცო კორიშელმა კლასიკური მუსიკის სწავლებას ჩაუყარა საფუძველი. მისი მეოხებით შეიქმნა ფორტეპიანოს სასწავლო პროგრამა მორო ბეის სკოლებში. მის მიერ ჩამოყალიბებულმა ორკესტრებმა და სასიმღერო გუნდებმა ამერიკის მასშტაბით გაითქვეს სახელი ”- ამბობს ბატონი ბოცოს ძველი მეგობარი რიჩარდ რაში.

თავისი ხანგრძლივი და პერიპეტიებით აღსავსე ცხოვრება ბოცო კორიშელმა აღწერა ავტობიოგრაფიულ წიგნში „Memories of a Teaching Life in Music“.
ბოცო კორიშელს საქართველოშიც ღირსეული მემკვიდრეები ჰყავს. ბატონი ბოცოს ძმისშვილია მსახიობი ნანი ჩიქვინიძე (რეჟისორ თემურ ჩხეიძის მეუღლე), რომლის ოჯახი მასპინძლობდა ბატონი ბოცოს ყოველ ვიზიტს სამშობლოში.

მუსიკოსი, მხატვარი და მოქანდაკე ვახტანგ კორიშელი გარდაიცვალა აშშ–ში 2015 წლის ივლისის თვეში, 93 წლის ასაკში.

წყარო:

1. https://www.radiotavisupleba.ge/a/botso-korishvili-legendaruli.../27163469.html 

2. კორიშელი, ვახტანგ. ბოცოს იავნანა : ინტერვიუ / ვახტანგ (ბოცო) კორიშელი ; ესაუბრა მაია კაპანაძე // 24 საათი. - თბ., 2011. - 4 მარტი. - N2654 (46). - გვ.8-9. - ჩანართი: Weekend. 4 - 10 მარტი, 2011 წელი. N7 (48)


Share: