The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მანანა მენაბდე

მანანა მენაბდე
Date of birth:19 November, 1948  (75 years)
Category:Musician, Painter

Biography

მანანა მენაბდე დაიბადა 1948 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, ქართული ქალაქური რომანსის ცნობილი შემსრულებლების, დები იშხნელების ოჯახში. მხოლოდ ოთხი წლის იყო, როდესაც 1952 წელს, ჟურნალ „ოგონიოკში“ დაიბეჭდა ცნობა, თუ როგორ ასრულებდა პატარა გოგონა ბებიების მთელ რეპერტუარს. მე–9 კლასის მოსწავლე  „გეპეის“ ორკესტრში მიიწვიეს; 16 წლის ასაკში გახდა ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლის „რეროს" წევრი.

1970–1980–იანი წლების ახალგაზრდა თაობაში მანანა მენაბდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ჰქონდა რადიკალურად გამორჩეული ჩაცმის სტილი, თბილი ხმა და შესრულების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, განსხვავებული მანერა. მის ნიჭს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ანსამბლის შემადგენლობაში მანანამ გასტროლებით მოიარა: რუსეთი, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, სლოვაკეთი და სხვ.

პროფესიად მანანა მენაბდემ რეჟისურა აირჩია. სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში (პედაგოგი: მ. თუმანიშვილი); შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია დაამთავრა (ესტრადის რეჟისორის სპეციალობა); გარკვეული პერიოდი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური და საესტრადო გადაცემების რეჟისორად.

1980–იანი წლებიდან ხელოვანი ცხოვრობდა ქ. მოსკოვში. იყო „იმპროვიზაციის თეატრის" მსახიობი (რეჟისორი ო. კისელიოვი); გამოდიოდა სოლო კონცერტებით, სადაც მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერებისა და რომანსების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა.

მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოები პირველად აჟღერდა რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია" (ფილმმა  1982  წელს კანის   კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა). მანანა თავად მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მისი შემოქმედების მთავარი კონცეფცია — ქართული ხალხური მუსიკალური საწყისების თანამედროვე მუსიკალური ენის საშუალებით გადმოცემა.

1983 წელს რადიო BBC და რადიო "თავისუფლება" რეგულარულად ამზადებდა გადაცემებს მანანა მენაბდის შესახებ.

1986 წელს მომღერალმა მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას (ლადო ბურდული) დედის როლს ასახიერებს. 1991 წელს ნანა ხატისკაცი ისევ იღებს მანანას მხატვრულ ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა“, სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით.

1991 წლიდან მანანა მენაბდე ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და 14 წელი ცხოვრობდა იქ. გერმ­ანიის მოქალაქეც გახდა. 1992 წელს ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა ლიტერატურული სტიპენდია დაუნიშნა.

ბერლინში მომღერალი კონცერტებს ატარებდა  ჟურნალისტების სახლში, ჯაზ–კლუბებში. მღეროდა ქართულად. ამავე პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა სახის პროექტებში, პერფორმანსებში – გერმანიაში, რუსეთში, საქართველოში; მონაწილეობდა ბერტოლდ ბრეხტის ლიტერატურული სახლის საღამოებში; ატარებდა სოლო კონცერტებს, ლიტერატურულ შეხვედრებს; ჰქონდა პერსონალური გამოფენები მოსკოვსა და კიევში.

2005 წლიდან მანანა მენაბდე საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც რეჟისორმა პეტრე ფომენკომ მიიწვია. ამ პერიოდიდან იგი ხშირად ჩამოდის თბილისში,  მართავს ცოცხალ კონცერტებს და აწყობს გამოფენებს. მოსკოვში ფომენკოს თეატრსტუდიის მსახიობია. მუსიკა­ლური პოეზიის თეატრში წელი­წადში სამ კონცერტს მართავს. თამაშობს ოსტროვსკის „უმზითვ­ოში“, უფრო სწორად მღერის. სპექტაკლის მუ­სიკაც მას ეკუთვნის. „ჩემი გმირი სპექტაკლის ნაწილია. ისე უნდა მოახერხო სიმღერა, რომ ტაში არ დაგიკრ­ან. თუ დაგიკრეს, ესე იგი სპექ­ტაკლიდან ამოვარდი", – აღნიშნავს მუსიკოსი.

მანანა მენაბდემ  საკუთარი თავი შემოქმედების არაერთ სფეროში გამოსცადა. გარდა მუსიკისა წერს პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს, ხატავს. ხატვა 27 წლის ასაკში დაიწყო. მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაში. თბილისში „ოთხმოციანელთა“ თაობის ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ხმაურიამ გამოფენაში – „მეათე სართული“. გერმანიაში კოლაჟების კეთებაზე გადავიდა. გარდა ამისა, ამზადებს კერამიკულ ნაკეთობებს, გატაცებულია ფოტოგრაფიით.

ხელოვანი თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზ კოლექტივთან „შინ“, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ მუსიკალურ ტრადიციებთან. ამას გარდა, მანანა მენაბდემ ნიკა მაჩაიძესა და გოგი ძოძუაშვილთან ერთად ჩაწერა ალბომი „Sami”,  რომელშიც მომღერლის რეპერტუარი თრიფ ჰოპის სტილის არანჟირებითაა წარმოდგენილი.

მანანა მენაბდეს გამოცემული აქვს ალბომები: 2000 წ.  - MC ”იმედის გვირილაო”; 2002 წ.  – “Сни о Грузии", სტუდია "АЗиЯ-плюс"; 2002 წ. - CD და MC “SAMI”, სტუდია "АЗиЯ-плюс"; 2004 წ. - CD და MC „ბულატ ოკუჯავას სიმღერებს ასრულებს მანანა მენაბდე“, სტუდია "АЗиЯ-плюс".

2004 წელს პეტერბურგულმა გამომცემლობა "Азбука"–მ მანანა მენაბდის იგავ–არაკების წიგნი – „და დრო გადიოდა...“ – გამოსცა რუსულ ენაზე. მისი იგავ–არაკები გერმანულ ენაზეც არის გამოცემული და 2013 წელს ქართულ ენაზეც დაიბეჭდა (გამომცემლობა „უსტარი“), ხოლო, ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში“ 2011 წელს გამოქვეყნდა მანანას ავტობიოგრაფიული რომანი „ფრენის დღე ოთხშაბათი“. აქვე დაიბეჭდა მისი მოთხრობებიც.

2013 წელს მოსკოვში რუსულ ენაზე გამოიცა კრებული – „სიყვარულის ახსნა რუსულად“, რომელიც გაფორმებულია მანანა მენაბდის 100–მდე ფოტონამუშევრით.

2016 წელს გამოიცა თბილისში ჩატარებული ფოტოგამოფენის კატალოგი, სახელწოდებით – „ილუზიები“. „მე არაპროფესიული კამერით ვიღებ, რომელსაც ცეისის პატარა ობიექტივი აქვს, არც ამ ობიექტივს აქვს დიდი შესაძლობლობები... მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს რა კამერა გიჭირავს ხელში, მნიშვნელოვანია ზუსტი თვალი და კიდევ ის, თავად რა გინდა. მე შეულამაზებელი  სიმართლე მიყვარს, ამიტომ არ ვიყენებ არანაირ ეფექტს და ჩემი ფოტოები დაუმუშავებელია. ფოტოგრაფია ხომ სიმართლის გამოხატვის საშუალებაა, სიმართლე კი ხშირად ისეთი სულაც არაა, როგორსაც ვისურვებდით“,  – ამბობს ხელოვანი.

2016 წელს მანანა მენაბდემ მისი ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით ლიტველ  რეჟისორ ვალიუს ტერეტელისთან ერთად მოსკოვში დადგა სპექტაკლი „ჩემოდანი ორისთვის“ . ეს პიესა-მონოლოგია, რომელიც პეტრე ფომენკოს ხსოვნას მიეძღვნა. გარდა ამ სპექტაკლისა მან თეატრის მუსიკოსების დახმარებით მოამზადა და გამართა ბლუზის საღამო.

„საერთოდ რასაც ვაკეთებ აქ იქნება თუ სხვაგან, იმისათვის ვაკეთებ, რომ ჩემგან წარმოჩინდეს საქართველო, რომ მე ვიყო საქართველოს სახე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩემი მუსიკა, მხატვრობა, პროზა ყველაფერი ეს ძირითადად დაყრდნობილია ქართულ ფესვებზე. მე ყველაფერს მხოლოდ ჩემი ხალხისთვისა და ჩემი საქართველოსთვის ვაკეთებ. სხვაგვარად არ შემიძლია“,  – აღნიშნავს მანანა მენაბდე.


წყარო:
1. https://ka.wikipedia.org/wiki/მანანა_მენაბდე

2. primetime.ge/news/1501578230-სიყვ-მანანა-მენაბდე

3. https://sputnik-georgia.com/.../manana-menabdis-pirveli-foto-gamofena-qarvaslashi.h.. 

4. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 317 

5. მენაბდე, მანანა. მანანა მენაბდის არჩევანი : "ჩემი წასვლა ჩემს დისშვილს უკავშირდებოდა, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა..." : ინტერვიუ / მანანა მენაბდე ; ესაუბრა თათული ღვნიანიძე // რეიტინგი. - თბილისი, 2015. - 18 მაისი. - N20(656). - გვ.34-35.


Share: