The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მედეა ნამორაძე

მედეა ნამორაძე
Date of birth:5 October, 1951  (72 years)
Category:Singer

Biography

საოპერო მომღერალი, სოპრანო მედეა ოთარის ასული ნამორაძე დაიბადა თბილისში, 1951 წლის 5 ოქტომბერს. 11–12 წლის იყო, როცა ბატონმა დავით ანდღულაძემ მოუსმინა და წარმატებული მომავალი უწინასწარმეტყველა.

მედეამ დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი (პედაგ.: ნ. წერეთელი) და 1975 წელს  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური). იქვე გაიარა ასპირანტურაც. კონსერვატორიაში დავით ანდღულაძის კლასში სწავლობდა.

მომღერალმა მოსკოვის კონსერვატორიაში გაიარა ასისტენტურა-სტაჟირების კურსი, პედაგოგები ბ. რუდენკო, ზ. სოტკილავა; 1966 წელს თბილისის რუსთაველის თეატრში კამერულ ორკესტრთან ერთად შედგა მისი საკონცერტო დებიუტი; 1968 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის, "მოსკონცერტისა" და "როსკონცერტის", 1978 წლიდან კი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, სადაც სადებიუტო სპექტაკლში წარსდგა ვიოლეტას პარტიით  ჯ. ვერდის ოპერაში "ტრავიატა".

1989 წლიდან მედეა ნამორაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. 1989-1992 წწ. ატარებდა მასტერკლასებს ქ. ლოიოლას უნივერსიტეტში; 1993 წლიდან მოღვაწეობს ქ. შენანდოს უნივერსიტეტთან არსებულ კონსერვატორიაში, არის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი; ქ. ვინჩესტერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; კოლუმბიის გაერთიანებული კოლეჯის პროფესორი; მასტერკლასებს მუდმივად ატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიც.

მომღერალს აქვს წარმატებული შემოქმედებითი კარიერა და ამავე დროს ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას. გასტროლებით მოიარა მრავალი ქვეყანა: სსრკ, აშშ, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, ავსტრალია და სხვ.; მიღებული აქვს ჯილდოები: 1969 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, II პრემია; 2011 - წლის საუკეთესო პედაგოგი (აშშ).

მედეა ნამორაძე  მონაწილეობდა ქართველ კომპოზიტორთა საავტორო კონცერტებში; გაკეთებული აქვს 100-მდე რომანსის საარქივო ჩანაწერი; უცხოეთში არის ქართული მუსიკის პროპაგანდისტი; თანამშრომლობს მუსიკოსებთან: გ. და ზ. აზმაიფარაშვილები, ნ. ანდღულაძე, ნ. და ო. დიმიტრიადები, ა. ერქომაიშვილი, ჯ. კახიძე, დ. მახაშვილი, დ. მირცხულავა, ზ. სოტკილავა, მ. სპარაშინო, რ. ტაკიძე, მ. ფანიაშვილი, ე. ძამაშვილი, ზ. ხუროძე, თ. ჯაფარიძე და სხვ.

მომღერლის რეპერტუარშია: მარო (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), ქეთო (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მარგალიტა, ფოსტალიონი (ო. თაქთაქიშვილი "პირველი სიყვარული"), მწყემსი ქალი (ს. ცინცაძე "განდეგილი", ლენინგრადი); ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრი: ო. თაქთაქიშვილი – "ლირიკული სიმღერები"(პირველი შესრულება, 1976, 20,01) "სატრფიალო სიმღერები" (პირველი შესრულება, 1975), ს. ცინცაძე – "ხუთი რომანსი პ. გრუზინსკის ლექსებზე" (1977), ა. შავერზაშვილი – კონცერტი მაღალი სოპრანოსა და ორკესტრისათვის (1982, 22, 03), მ. დავითაშვილი – ვოკალური ციკლი ა. კალანდაძის ლექსებზე; ქართული რომანსები, მათ შორის: ო. თაქთაქიშვილი – „წყარო, რ. ლაღიძე – „მაგონდება ჩუქურთმაში ყვავილი“, მაჭავარიანი – „მზეთამზის სახეო“, აგრეთვე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები: ნუნუ გაბუნია, ვაჟა აზარაშვილი, თენგიზ შავლოხაშვილი და სხვ.

უცხოური რეპერტუარი: ვიოლეტა, ჯილდა, ოსკარი (ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბალ-მასკარადი"), როზინა (როსინი "სევილიელი დალაქი"), ცერლინა (მოცარტი "დონ ჟუანი"), მიუზეტა (პუჩინი "ბოჰემა"), ადინა (დონიცეტი "სიყვარულის ნექტარი"), ფრასკიტა (ბიზე "კარმენი"), იოლანტა (ჩაიკოვსკი "იოლანტა"), ადრიანა (ჩილეა „ადრიანა ლეკუვრიორი“; როსინი "Stabat Mater" და "პატარა საზეიმო მესა", მოცარტი საკორონაციო მესა და დიდი მესა C-dur, პულენკი "Gloria", ფორეს, ბინგჰაიმის, ბრამსის რეკვიემები და სხვ.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი . – თბ., 2015. – გვ. 360

2. ნამორაძე მედეა. ჩვენი უბერებელი მაესტრო [ ნოდარ ანდღულაძე] // თანამემამულე : უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური პერიოდული გამოცემა. - ლონდონი, 2007/2008. - დეკემბერი-იანვარი. - N1(27). - გვ.12



                                                                                                                       


Share: