The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანა ტრაპაიძე

ანა ტრაპაიძე
Date of birth:1987  (37 years)
Category:Scientist

Biography

"ბავშვობიდან მაინტერესებდა და მინდოდა მეტი გამეგო სამყაროს, ბუნების კანონების, სიცოცხლის შესახებ... ინტერესის გაღვივებაზე გავლენა იქონია დედაჩემის ქიმიკოსობამ – ძალიან მიყვარდა მის სამსახურში, ქიმიურ ლაბორატორიაში სტუმრობა, სადაც შემეძლო „ჯადოსნურ“ ექსპერიმენტებზე დაკვირვება, თვალსაჩინოებების, წიგნებისა და დანადგარების დათვალიერება“, – იგონებს ბიოფიზიკოსი ანა ტრაპაიძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში აგრძელებს სამეცნიერო კარიერას.
ანა დაიბადა 1987 წელს, თბილისში. დამთავრებული აქვს თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. თავიდან სამედიცინო განხრით აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ფიზიკის მასწავლებლის, რამინ ჭელიძის წყალობით ფიზიკის სიყვარულმა გადასძალა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა ფიქრობდა, რომ თუკი სურვილი ექნებოდა, შემდგომში შესძლებდა სპეციალიზაციის შეცვლას. თავიდან კოსმოლოგიამ გაიტაცა, მოგვიანებით კი, ისევ სიცოცხლის მეცნიერებებით დაინტერესებამ და ექსპერიმეტების ჩატარების სიყვარულმა ბიოფიზიკის მიმართულებით წასვლა გადააწყვეტინა.

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ანამ სწავლა გერმანიაში გააგრძელა. მან გაითვალისწინა სწავლებისა და კვლევების მაღალი ხარისხი და არჩევანი შეაჩერა ბრემენის ჯაკობსის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოლეკულური სიცოცხლის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც 2-წლიანი სწავლისათვის სრული დაფინანსება და საცხოვრებელი სტიპენდია მიიღო. „ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან მომეცა საშუალება, სხვადასხვა მიმართულების წამყვანი სპეციალისტების გვერდით თეორიულთან ერთად მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებაც მიმეღო გენეტიკის, ეპიგენეტიკის, ბიოფიზიკისა და ბიოინფორმატიკის ლაბორატორიებში“, – აღნიშნავს ანა ტრაპაიძე.

მაგისტრატურის კურსის დამთავრების შემდეგ ანამ სამაგისტრო ნაშრომზე საფრანგეთში, ტულუზის კოორნინაციული ქიმიის ლაბორატორიაში იმუშავა. აქ იგი მოლეკულების ურთიერთამოცნობისა და ურთიერთქმედების მექანიზმებს იკვლევდა, კერძოდ კი, შეისწავლიდა თუ როგორ გავლენას ახდენენ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მეტალები, თუთია და სპილენძი ტვინის დეგენერაციული დაავადებების ჩამოყალიბებაზე.

ახალგაზრდა ბიოფიზიკოსის კვლევის საგანს წარმოადგენდა ალცჰაიმერის დაავადება. ეს არის შეძენილი ჭკუასუსტობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ხანდაზმულებში წამყვანი პრობლემაა. მისი განვითარების ხელშემწყობი მიზეზებისა და მექანიზმების შესწავლა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია დაავადების თავიდან აცილების, დროული დიაგნოზისა და ავადმყოფის სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 
მაგისტრატურის დასრულების შემდეგ აკადემიური წარჩინებისათვის, საფრანგეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ანა ტრაპაიძეს სტიპენდია მიანიჭა, რითაც საშუალება მისცა სადოქტორო პროექტი სამეცნიერო კვლევის ნაციონალური ცენტრის (LAAS-CNRS) ლაბორატორიაში გაეკეთებინა. პროექტი შეეხებოდა ბიოსენსორის შექმნას, რომელიც ინსულტიან, ინფარქტიან და ზოგად ქირურგიულ პაციენტებში ცილა თრომბინის განსაზღვრას შეძლებდა.

ცილა თრომბინი სისხლის შედედების მთავარი მარეგულირებელი ცილაა და მისი რაოდენობა განსაზღვრავს სისხლის უკონტროლო შედედებისა (თრომბოზის) თუ გათხელების (ჰემორაგიის) რისკს. ამ ცილის რაოდენობის მყისიერი დადგენა ექიმებს დაეხმარება დროულად მიიღონ კრიტიკული გადაწყვეტილება და პაციენტს შესაფერისი მკურნალობა რისკების შემცირებით დაუნიშნონ. 

ეს პროექტი მაღალი ინტერდისციპლინარულობით გამოირჩეოდა, რამაც დამწყებ მეცნიერს შესაძლებლობა მისცა მრავალი ტიპის ლაბორატორიაში სხვადასხვა მიმართულების ინსტრუმენტთან და მეთოდებთან ჰქონოდა აქტიური შეხება.

მიღებული შედეგების გათვალისწინებით ანა ტრაპაიძის  სადოქტორო ნაშრომი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და წლის ბოლოს სადოქტორო სკოლის წლის საუკეთესო ნაშრომებს შორის მოხვდა. 
დოქტორანტურის შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერი დააინტერესა ბიომასალების სფერომ –  თუ რა გასაოცარი მასალებისგან შედგება ცოცხალი სამყარო და როგორ შეიძლება ბუნების მიბაძვით უნიკალური თვისებების მქონე ახალი ხელოვნური მასალა შეიქმნას. ანა ტრაპაიძის პოსტ დოქტორანტული კვლევა, პოცდამის კოლოიდებისა და ზედაპირების კვლევის მაქს პლანკის ინტიტუტში (MPIKG), ბიომასალების განყოფილებაში პროფესორ პიტერ ფრაცლთან მიმდინარეობს. მთავარ საწყის კომპონენტად იგი იყენებს ცილების მიმდევრობას, გამოყოფილს ზღვის მიდიების ძაფებისგან, რომლებითაც მიდია სხვადასხვა ზედაპირზე დასამაგრებლად ხმარობს. ცილის ამ საოცარ მიმდევრობას შეუძლია გარემოს ზემოქმედებით შესატყვისად გადაეწყოს მოწესრიგებულ სტრუქტურად, რომელსაც თვითაღდგენადი მექანიკური თვისებები გააჩნია. 
სწორედ ეს მიმდევრობა და ბიო-შეთავსებადი პოლიმერული ბლოკები გამოიყენება,  ისეთი მასალის შესაქმნელად, რომელიც გარკვეულ პირობებში სითხეა, მაგრამ პატარა ქიმიური ბიძგით მყარ ჟელედ გადაიქცევა, სადაც უჯრედების დანერგვა და სხვადასხვა დანიშნულების უჯრედული ქსოვილების გაზრდა შეიძლება, მაგალითად დაზიანებული ხრტილის, ძვლის აღდგენა, ანდა 3-განზომილებიანი ბიო-ბეჭდვა.

ანა ტრაპაიძე წარმატებით ახერხებს სამეცნიერო კარიერისა და პირადი ცხოვრების
ჰარმონიულად შეთავსებას. მისი მიზანია  მუდმივი პროფესიული და პიროვნული განვითარება. დაოჯახებულია და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. ბედნიერია, რომ წილად ხვდა პატივი გამხდარიყო ნობელის პრემიის ლაურეატ კრისტიან ნუსლაინ-ვოლჰარდის ფონდის სტიპენდიანტი. ეს ფონდი ნობელიანტი ქალბატონის, ლორეალის ფონდთან ერთად ყოველ წელს გერმანიაში მოღვაწე 10-მდე ახალგაზრდა წარჩინებულ მეცნიერ დედას აფინანსებს.
„თავისუფალ დროს მიყვარს ცეკვა, ცურვა, და ბუნებაში ხეტიალი. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების დახმარება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, არ მენანება დროის განაწილება კეთილი საქმეებისთვის... რაც შეეხება ცხოვრების სტილს, მკვლევარობა ჩემთვის მხოლოდ პროფესიული საქმიანობა არ არის, ყოველთვის მაინტერესებს ბოლომდე გავერკვიო და გამოვიკვლიო საკითხი, იქნება ეს ახალი რეცეპტი, ხელსაქმე, თამაში თუ მოგზაურობის გეგმა. ჩემი პრინციპი და მიზანია, ვიყო გულწრფელი. სიყვარულით მოვეკიდო საქმეს, არ შევწყვიტო პერსონალური და პროფესიული ზრდა“, – ამბობს წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი. 

წყარო:
1. www.ambebi.ge/.../218995-akhalgazrda-dedis-tsarmatebuli-samecniero-kariera-gaica...

 


Share: