The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაკა კაკაშვილი

მაკა კაკაშვილი
Date of birth:22 July, 1989  (34 years)
Category:Designer, Painter

Biography

ქართველი მხატვარ–დიზაინერი მაკა კაკაშვილი, ამჟამად, გერმანიაში ცხოვრობს და  მოღვაწეობს. დიზაინის გარდა მუშაობს: გრაფიკაში, ფერწერაში, ინსტალაციაში, ფოტოგრაფიასა და ვიდეო არტში...

მაკა დაიბადა 1989 წლის 22 ივლისს, თბილისში. 2007–2011 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე. მომავალი პროფესიით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა: „დაახლოებით 16 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ დიზაინის სფერო ძალიან მაინტერესებდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა და ეს საქმე საფუძვლიანად შემესწავლა. ჩემთვის მოდა, როგორც ხელოვნება გულისხმობს კოსტიუმში იდეების განვითარებას, რომელიც ისეთივე შემოქმედებითი სფეროა, როგორიც მხატვრობა, მხოლოდ ფორმატია შეცვლილი“, – მოგვითხრობს ქართველი ხელოვანი.

გამოფენა–კონკურსებში ახალგაზრდა დიზაინერი 2008 წლიდან ჩაერთო. 2010–2011 წლებში მონაწილეობა მიიღო ფლორენციის მსოფლიო მოდის დიზაინის რეგიონალურ ფესტივალებში.

DAAD–ის სტიპენდია მაკა კაკაშვილმა, პირველად, 2012 წელს მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა. ამ პროგრამაში მოხვედრა ნიშნავდა, რომ ყველანაირი ფინანსური პრობლემა მოგვარებული ექნებოდა. DAAD–ის სტიპენდია მაკამ მეორედაც მოიპოვა. ამ სტიპენდიის მფლობელი უცხოელი სტუდენტები თითქმის იმავე პირობებითა და შეღავათებით სარგებლობენ, როგორითაც გერმანელები. ყველაზე დიდი შეღავათი კი გერმანულ უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაა.

მაგისტრატურა მაკამ ტექსტილის დიზაინის განხრით ბერლინში დაამთავრა. თუმცა მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლა. ტექსტილის დიზაინს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელოვნებო სივრცეში, მაგრამ სამაგისტრო პროგრამა საშუალებას იძლევა მაგისტრი სხვა მიმართულებითაც განვითარდეს და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ მხატვარ-შემოქმედად. მაკა კაკაშვილი თანამედროვე ხელოვნების სხვა ჟანრებმაც დააინტერესა და გრაფიკაში, ფოტოგრაფიასა და ვიდეო-არტშიც დაიწყო მუშაობა: „ცხოვრებას ხშირად ვხედავ კადრებად, რომელსაც ვიდეოკამერით ვაფიქსირებ. განსაკუთრებული სტილი არ მაქვს, უბრალოდ, მივყვები ჩემს ხედვას, აქცენტს უფრო კონცეფციებზე ვაკეთებ… ბოლო პერიოდში ჩემი ყურადღება შეჩერდა ანარეკლებსა და ჩრდილებზე. ისინი თითქოს პიროვნების დამოუკიდებლად ცალკე ცხოვრებით არსებობენ“, – გვაცნობს თავის ხედვას მხატვარ–დიზაინერი.

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მაკა კაკაშვილი ორი წელია აქტიურად იღებს მონაწილეობას „Oriental Design Week“-ში, რომელიც წელიწადში ორჯერ, მილანსა და ტურინში იმართება. ფესტივალი გრძელდება ექვსი დღის განმავლობაში და სხვადასხვა პროფესიის ხელოვანს აერთიანებს. გარდა ამისა, იგი მოღვაწეობს სალვადორ დალის მუზეუმში. ეს მუზეუმი  ბერლინის ცენტრში მდებარეობს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ყოველწლიურად დაახლოებით 850.000 ადამიანი სტუმრობს.

ამავე დროს, ქართველი მხატვარი სამშობლოსაც არ ივიწყებს. იგი თბილისის მოდის კვირეულების – Tbilisi Fashion Week – ხშირი სტუმარია. „ყველა ნახატი ჟანრის მიუხედავად მხატვრის პორტრეტია, ახალს არაფერს ვამბობ. ის, რასაც ჩემი ნახატები ატარებენ, ძალიან, ძალიან ჩემეულია. ეს ჩემი განწყობა, ჩემი განცდები და შეძახილია… მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. გერმანიაში საქართველოს ისე იცნობენ, როგორც უნიკალურ, საოცრად ლამაზ და სტუმართმოყვარე ქვეყანას- ეს კი მახარებს და მეამაყება…“, – აღნიშნავს ახალგაზრდა ხელოვანი.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/people/20180117/238929697/maka-kakashvili.html

2. https://www.notjustalabel.com/designer/maka-kakashvili


Share: