The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პავლე სარჯველაძე

პავლე სარჯველაძე
Date of birth:1898
Date of death:1981  (at 83 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

პავლე ირადის ძე სარჯველაძე დაიბადა 1898 წელს. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იგი, როგორც სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი, დაპატიმრებულ იქნა და 1922 წელს, სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად გადაასახლეს ევროპაში. ემიგრაციაში პავლე სარჯველძე ცხოვრობდა საფრანგეთში. იგი იყო საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს თავმჯდომარე და ჟურნალ „ჩვენი დროშის“ მთავარი რედაქტორი.

1959 წლიდან პავლე სარჯველაძე შეიყვანეს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის არქივის შემნახველ კომისიაში. კომისიის შემადგენლობაში მასთან ერთად შედიოდნენ: თავმჯდომარე – გიორგი ერაძე; წევრები: ლევან ფაღავა, სოსიპატრე ასათიანი, ნოე ცინცაძე, მამია ბერიშვილი, კარლო ინასარიძე.

ლტოლვილობაში პავლე სარჯველაძე ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მისი სტატიები ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე. ჟურნალ „კავკასიონში“ დაბეჭდილია წერილები: „დამოუკიდებლობის ხანა“; „სიტყვა ვიქტორ ნოზაძეზე“; „როგორ იდღესასწაულა 1920 წელს თბილისმა 26 მაისი“.

პავლე სარჯველაძემ მეორე მსოფლიო ომის წინ გამოსცა ლექსთა კრებული „ლეის პირელის“ ფსევდონიმით. მასვე ეკუთვნის მოთხრობა „დანგრეული ოჯახი“; წიგნები: „ნოე ჟორდანიას ხსოვნისათვის“ (1968); „იმედი და რწმენა“ (1980); „სილუეტები“ (1980); „სიმართლით აწონილი სიტყვა“.

ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მისი ბროშურა – „ნოე ჟორდანიას ხსოვნისათვის“ – წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლისკის მთავრობის თავმჯდომარის ბიოგრაფიის დაწერის პირველ ცდას. „სილუეტებში“ ავტორი მოგვითხრობს გრიგოლ ლორთქიფანიძის, ისიდორე რამიშვილის, სამსონ ფირცხალავას, ალექსანდრე ლომთათიძის შესახებ და მოკრძალებულად დასძენს, – „დეე, ეს ღარიბი მოგონებები ოთხ მათგანის შესახებ იყვეს სიმბოლიურად, იმ ათასეულ ქართველთა ხსოვნის აღსანიშნავად, რომელთაც თავი დასდვეს სამშობლოსათვის“.

პავლე სარჯველაძე გარდაიცვალა 1981 წელს. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. მის გვერდით განისვენებს მისი მეუღლე –  თინა გიორგის ასული ჯაფარიძე-სარჯველაძისა (1909-1972).

წყარო:

1. პავლე სარჯველაძე // ილია ემიგრატთა თვალით / ტ.2 / შემდგენელ-რედაქტორი დალი სინჯარაძე. - თბილისი, 1996. - გვ. 287

2. ინტერვიუ; პავლე სარჯველაძე // რადიო "თავისუფლება" (მიუნხენი). ქართული რედაქცია

კრებული: (რეპორტაჟები, ინტერვიუები, კორესპონდენციები). II  / ლევილის ქართული მამულის ბიბ-კა. - მიუნხენი, 1977.– გვ. 110–118


Share: