The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იროდიონ ბეგიაშვილი

იროდიონ ბეგიაშვილი
Date of birth:31 January, 1909
Date of death:8 January, 1991  (at 81 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Architect

Biography

იროდიონ გიორგის ძე ბეგიაშვილი დაიბადა 1909 წლის 31 იანვარს, კახეთში, სოფელ ძველ ანაგაში. მან სწავლა სიღნაღში დაიწყო და თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა, არქიტექტურის ფაკულტეტზე. პოლიტიკურმა მოვლენებმა ხელი შეუშალა მისი გეგმების ასრულებას.

1924 წლის აჯანყებაში ბიძებთან ერთად ჯერ კიდევ სულ ყმაწვილკაცი იროდიონიც იღებდა მონაწილეობას. შემდეგ ბიძებს დამალვაში ეხმარებოდა. ამას დაერთო დედის გარდაცვალება, მამის გაკულაკება, ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევა და შავ სიაში შეყვანა. მომავლის რწმენა დაკარგულმა იროდიონმა გადაწყვიტა დროებით საზღვარგარეთ წასულიყო.

1928 წლის ივნისის ბოლოს იროდიონ ბეგიაშვილმა მეგობრებთან ერთად გადალახა თურქეთის საზღვარი. სულ ექვსნი იყვნენ. თურქეთში ორ წელიწადს გაჩერდნენ და მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს. იროდიონს გვერდიდან არ შორდებოდა მასზე ორი წლით უმცროსი ბიძაშვილი დიმიტრი (მიტო). საფრანგეთის ვიზაზე მათ უარი უთხრეს. ბოლოს და ბოლოს, 1931 წელს მიიღეს ურუგვაის ვიზა. ისინი გამგზავრებას დათანხმდნენ, მაგრამ როგორც კი მათი გემი მარსელს მიადგა, ნაპირზე გადმოვიდნენ და საფრანგეთში დარჩნენ უვიზოდ.

იროდიონი პარიზში დასახლდა და ურთიერთობა დაამყარა ქართულ ემიგრაციასთან. იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა ემიგრანტულ ჟურნალ–გაზეთებში. მაგალითად, საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთელი ახალგაზრდობის პარიზის კომიტეტის ჟურნალ „ახალ ივერიაში“ (1927–1939) დაბეჭდილია მისი წერილი: „ნაციონალიზმისკენ“(N8, 1938) და ნეკროლოგი „გრ. ნადარეიშვილი“ (N12, 1939).

მეორე მსოფლიო ომის დროს იროდიონ ბეგიაშვილი გერმანელების მხარეს იბრძოდა, „თამარ პირველის“ რიგებში. 17 ქართველი ახალგაზრდისგან შედგენილი ეს ჯგუფი საიდუმლოდ და შერჩევით შეადგინა გერმანულმა კონტრდაზვერვამ, მიხეილ კედიას თანამშრომლობით. ჯგუფს ამზადებდნენ საქართველოში სამოქმედოდ, როგორც სადესანტო–სადივერსიო ნაწილს. 1980 წელს იროდიონმა დაწვრილებით აღწერა მისი ცხოვრების ეს ორწლიანი მონაკვეთი. მოგონებები „თამარ პირველის“ წევრთა ბედზე გამოქვეყნებულია 1990 წლის ჟურნალ „ივერიაში“.

მისი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იროდიონ ბეგიაშვილი მარქსისტულ–ლენინური იდეოლოგიის შეურიგებელი მტერი იყო. იგი იზიარებდა ეროვნულ–დემოკრატთა იდეებს და ალბათ, ამოტომაც იყო, რომ მიხეილ ლაშქარაშვილმა სიკვდილის წინ მას მიანდო თავისი ბრძოლებისა თუ ემიგრანტული განცდების მოგონებათა წიგნი. იროდიონმა ნაშრომი საფუძვლიანად დაამუშავა, მაგრამ გამოქვეყნებას არ ჩქარობდა, რადგან ერიდებოდა უთანხმოებას, ისედაც დაპირისპირებულ ქართული ემიგრაციის რიგებში. იგი მუდამ ცდილობდა ემიგრაცია ერთსულოვანი ყოფილიყო. ბოლოს ავადმყოფობამ მიიყვანა ნაშრომის გამოქვეყნების გადაწყვეტილებამდე. 1990 წელს, მან ეს საქმე მიანდო ჟურნალ „რესპუბლიკას“.

იროდიონ ბეგიაშვილი გარდაიცვალა 1991 წლის 8 იანვარს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 

წყარო:

1. ბეგიაშვილი, იროდიონ. როგორ დაიბადა "თამარ პირველის" ჯგუფი და როგორ დასრულდა მისი არსებობა // მხედარი. - 1991. - N3. - გვ.72-84; ივერია. - პარიზი, 1990. - N34. - გვ.2-17

2. ბეგიაშვილი ედითი. იროდიონ ბეგიაშვილი // გუშაგი. – პარიზი, 1991, თებერვალი, N24. –გვ. 88–89.

3. შარაძე გ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკური ისტორია. წ. 2. – თბილისი, 2001. – გვ. 560–564.


Share: