The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გაიოზ რექტორი

Date of birth:1746
Date of death:21 February, 1821  (at 75 years)
Burial location:ასტრახანის საკათედრო ტაძარი, რუსეთი
Category:Religious leader

Biography

გაიოზ რექტორი 1746 წელს ქიზიყში, სოფელ მაღაროში დაიბადა. მისი გვარი და სოციალური წარმომავლობა კარგა ხანია მკვლევარებს შორის კამათს იწვევს. ერთნი ბარათაშვილად ასახელებენ, მეორენი – თაყაიშვილად, სხვანი კი ნაცვლიშვილად ანდა ვაგაშაშვილად მიიჩნევენ.  თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით, გაიოზ რექტორი ბარათაშვილ–თაყაშვილის, უფრო გარკვევით, ბარათაშვილთა ერთ შტოს – თაყაშვილთა შთამომავალია.

ანტონ I გადმოცემით „დიაჩოქს... ტფილისელს, სახელით ზედწოდებულს ზაქარიას იგი შვილად და მემკვიდრედ აუყვანია „მცირისა საცხოვრებლისა თვისასა“. სწავლამოწყურებული ჭაბუკი 1763 წელს ანჩისხატის მონასტერთან არსებულ სასულიერო სემინარიაში შევიდა, სადაც მისი მასწავლებლები ექსორიობიდან იმხნად ახლად დაბრუნებული ანტონ I და ფ. ყაითმაზაშვილი იყვნენ. გაიოზმა სემინარია 1765 წელს დაამთავრა. იმავე წელს ანტონ I-მა დიაკვნად აკურთხა და როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული პიროვნება საპატრიარქოში დატოვა გადამწერად. გაიოზი ერთგულად ემსახურებოდა მღვდელმთავარს და მას სულიერ მამად აღიარებდა.

1772 წელს ერეკლე II თავისი წარმომადგენლები გაგზავნა რუსეთის საიმპერატორო კარზე დიპლომატიური მოლაპარაკების მიზნით ანტონ I-ისა და ლევან ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. ანტონს თან ხლებია გაიოზიც. რუსეთის ხელისუფლებამ, საერთაშორისო მდგომარეობის დაძაბულობის მომიზეზებით, ქართლ–კახეთის წარმომადგენლები არც კი მიიღო, გაწბილებული ელჩობა უკან გამობრუნებულა. გაიოზი კი რუსეთში დარჩა პეტერბურგის ალაექსანდრე ნეველის სასულიერო სემინარიაში შევიდა სასწავლებლად, სადაც მისი მასწავლებელი ცნობილი თეოლოგი, პედაგოგი და ტვერის ეპისკოპოსი პლატონ ლევშინი იყო. 1774 წელს გაიოზმა ნეველის სემინარია დაამთავრა და მოსკოვის სლავურ–ბერძნულ–ლათინურ აკადემიაში გააგრძელა სწავლა. აკადემიის დანიშნულება მაღალი იერარქიის მღვდელ–მთავართა მომზადება იყო. აქ გაიოზმა საფუძვლიანი ფილოსოფიური და ზოგადი ჰუმანიტარული განათლება მიიღო. ამას მოწმობს ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მის მიერ რუსულიდან ქართულ ენაზე ფილოსოფიური ხასიათის წიგნის „კიტაიის სიბრძნის“ თარგმნა. „კიტაიის სიბრძნე“ 1784 წელს დაიბეჭდა თბილისში ერეკლე II სტამბაში და წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა XVIII საუკუნის მიწურულისათვის ქართული პედგოგიური აზრის შემდგომ განვითარებაში.

1778 წელს უმაღლესი სასულიერო განათლებამიღებული გაიოზი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სასულერო სემინარიის რექტორად დაიწყო მუშაობა, თუმცა ამ თანამდებობაზე დიდხანს არ დარჩენილა. 1779 წელს მღვდელ–მონაზვნად აკურთხეს, 1780 წელს კი დიპლომატიური მისიით რუსეთს მიავლინეს, სადაც უკვე იღუმენის ხარისხი მიიღო. 1782 წელს გაიოზი ისევ საქართველოშია და მისი ინიციატივით არსდება თელავის სასულიერო სემინარია, რომლის პირველი რექტორიც თავად ხდება. გაიოზი მცირე ხანს იყო რექტორად, მაგრამ წარუშლელი კვალი დააჩნია როგორც თელავის სემინარიის მუშაობას, ისე ზოგადად საგანმათლებლო საქმიანობს XVIII საუკუნის საქართველოში. 1783 წელს გაიოზი მონაწილეობას იღებს დაბა გეორგიევსკში რუსეთ–საქართველოს შორის ტრაქტატის დადებაში, შემდეგ საქართველოში ჩამოდის და ერეკლე II ამცნობს მოლაპარაკების შედეგებს, თუმცა მალვე მიემგზავრება რუსეთში და ამის შემდეგ სამშობლოში აღარც დაბრუნებულა.

რუსეთში ცხოვრებისას გაიოზი ჯერ საქართველოს საელჩოში მსახურობდა, 1784 წლიდან 1793 წლამდე კი – „ოსებს შორის ქრისტიანობის გამავრცელებელ კომისიაში. 1784 წელს ნოვგოროდის მიტროპოლიტს იგი ეკეტერინე II თანდასწრებით არქიმანდრიტად უკურთხებია.

გაიოზის ცხოვრებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია 1793-1799 წლები. ეს არის პერიოდი, როდესაც იგი მოზდოკის არქიეპისკოპოსი იყო. მან საეპარქიოში შექმნა ძლიერი ლიტერატურული სკოლა, სადაც თარგმნიდნენ წიგნებს რუსულიდან ქართულად და ქართულიდან რუსულად.

1796 წელს გაიოზის ინიციატივით მოზდოკში რომანოზ ზუბაშვილმა დაარსა სტამბა, რომელმაც შემდგომში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. მოზდოკის სტამბა სახელმძღვანელოებით ამარაგებდა როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ქართულ სკოლებს, ასვე საქართველოში მოქმედ სასწავლებლებს. მარტო 1805 წლის იანვარში გაიოზმა ამ სტამბაში დაბეჭდილი 600 ცალი „ანბანი“ და 630 ცალი „გრამატიკა“ გაუგზავნა „თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელს“. 1796-1800 წლებში დაბეჭდილი გაიოზის „გრამატიკა“ ქართული ენის მეცნიერულად შესწავლის პირველი ცდაა. ამ წიგნის მნიშვნელობას მოწმობს ის ფაქტი, რომ სანამ სოლომონ დოდაშვილის „შემოკლებული კანონი ქართულისა ღრამატიკისა“ და პლატონ იოსელიანის „პირველ–დაწყებითი კანონი ქართულისა ღრამატიკისა“ დაიბეჭდებოდა, XVIII საუკუნის სკოლებში მშობლიურ ენას გაიოზის „გრამატიკით“ ასწავლიდნენ.

მეცნიერულ–დიდაქტიკური პედაგოგიკური პრინციპითაა აგებული აგრეთვე გაიოზ რექტორის მიერ შედგენილი მეორე სასკოლო სახელმძღვანელო – „ანბანი“, რომელიც 1797 წელს დაიბეჭდა მოზდოკის სტამბაში. 1796 წელს აქვე დაიბეჭდა რომანოზ ზუბაშვილის მიმართვა გაიოზისადმი, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან მასალებს ამავე სტამბის ისტორიის შესწავლისათვის. 1801 წელს აქვს იბეჭდება პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტი „განწესება შინაგანისა საქართვლეოისა“, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიას ასახავს.

1799 წელს მოზდოკის ეპარქია გაუქმდა და ასტრახანის ეპარქიას შეუერთდა. ამ რეორგანიზაციის შედეგად გიოზი ასტრახანის ეპისკოპოსად გადაიყვანეს, რის გმოც 1803 წელს მოზდოკის სტამბაც დაიხურა.

ასტრახანის ეპარქიას 17 წელი ედგა გაიოზი სათავეში, გარდაიცვალა 1821 წლის 21 თებერვალს. დკრძალულია ასტრახანის საკათედრო ტაძარში.

წყარო:

1.  კასრაძე, ოთარქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის ძველი ოსტატები : გაიოზ რექტორი (დამაარსებელი ქართული სტამბისა მოზდოკში) // ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან / ოთარ კასრაძე. - თბილისი, 1997. - გვ. 379-385.

2.   მენაბდე, ლევან. გაიოზ რექტორი // XVII-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა / ლევან მენაბდე. - თბილისი, 1997. - გვ. 261-277.

3. შარაძე, გურამ. გაიოზ რექტორის ვინაობისათვის / გურამ შარაძე // ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები : წ. 6 / ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი. - თბილისი, 1974. - გვ. 36-39.

 


Share: