The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პეტრე ქებაძე

Date of birth:18??
Date of death:1856
Category:Humanitarian

Biography

XIX  საუკუნის 30-იან წლებში სანკტ–პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე მარი ბროსე ქართული ხელნაწერების და ძველი წიგნების შეგროვების ერთ–ერთი მოთვავეთაგანი იყო. მას სიძველეების რამდენიმე შემკრებ–გადამწერი ჰყავდა, რომელთა შორის გამოირჩევა მთარგმნელი, მწიგნობარი და კალიგრაფი პეტრე ქებაძე.

პეტრე ქებაძის დაბადების თარიღი უცნობია. დაბადების ადგილად კი ზოგი გორის მაზრის სოფელ ქებაანს მიიჩნევს, ზოგი მცხეთის რაიონის სოფელ სასხორს. არაფერია ცნობილი მისი მშობლების შესახებაც. დოკუმენტურად დასტურდება მხოლოდ ის, რომ მამამისს სახელად ივანე რქმევია. პეტრე ქებაძეს სწავლა–განათლება მიტროპოლიტ იოანე გედევანიშვილთან მიუღია. იგი ბავშვობიდანვე ამ შესანიშნავი მოღვაწის ზედამხედველობით იზრდებოდა. პეტრე თან ხლებია თავის მოძღვარს იერუსალიმსა და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში „წმინდა ადგილების“ მოსანახულებლად. სავარაუდოდ სწორედ იოანეს ხელშეწყობით მოხვდა მოსკოვში საზღვარგარეთ ერთობლივი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ.

მოსკოვში ცხოვრების პერიოდი პეტრე ქებაძისთვის შედეგიანი იყო. საგამომცემლო საქმესთან ერთად ნაყოფიერ კულტურულ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მან მალევე გაითქვა სახელი როგორც შესანიშნავმა ბიბლიოფილმა, კოლექციონერმა და კალიგრაფ–გადამწერმა. მან რუსულიდან ქართულად თარგმნა სუმაროკოვის ისტორიული ტრაგედია „სინავი და ტრუვორი“. 1815 წელს იოანე გედევანიშვილის მიერ გამოცემული „ლოცვანი“ დასტამბულია „პეტრე ქებაძის მუშაკობით“. 1823 წელს გადაწერა „ვეფხისტყაოსანი“.

პეტრე ქებაძე მარი ბროსეს აქტიურად ეხმარებოდა ქართულ სიძველეთა, უმთვარესად წარწერათა მოძიებასა და წაკითხვაში. ბროსეს შემწეობით იგი დაინიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კომისიონერად მოსკოვში.

პეტრე ქებაძემ 35 წელიწადზე მეტი გაატარა მოსკოვში და 1851 წელს საქართველოში დაბრუნდა. ეკონომიურად გაღატაკებული თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოგზავნილი წიგნების გაყიდვით მიღებული უმნიშვნელო შემოსავლის პროცენტებით ძლივს ირჩენდა თავს.

პეტრე ქებაძე სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე წელში 1856 წელს გარდაიცვალა.

წყარო:

1. კასრაძე, ოთარ. ქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის ძველი ოსტატები ძველ საქართველოში : პეტრე ქებაძე // ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან / ოთარ კასრაძე. - თბილისი, 1997. - გვ. 396-400.

2. ტატიშვილი, ლამარა. პეტრე ქებაძე // "ვეფხისტყაოსნის" გადამწერნი / ლ. ტატიშვილი. - თბ., 2000. - გვ.216-227.

3. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009647/


Share: