The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ კალანდაძე

ზურაბ კალანდაძე
Date of birth:1953  (71 years)
Category:Painter

Biography

ზურაბ კალანდაძე დაიბადა 1953 წელს, თბილისში. 1994 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ჰოლანდიაში. მისი მოღვაწეობის არეალი მოიცავს: მხატვრობას, პოეზიას, ლიტერატურის კვლევასა და სარედაქციო–საგამომცემლო საქმიანობას. გამოცემული აქვს პოეტური და მხატვრული ნაწარმოებების კრებულები ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ზურაბ კალანდაძის პოეზიასა და მხატვრობაში ხშირად შეხვდებით პარალელურ მოტივებსა და სახე-სიმბოლოებს. ბატონი ზურაბი ამბობს, რომ ყოველი გამოფენისთვის წინასწარ ხდება შემზადება. ეს კი კრებულის გაკეთებას გულისხმობს. ჰოლანდიაში ცხოვრების 24 წლის მანძილზე მას ორასამდე გამოფენა ჰქონდა, პარალელურად იქმნებოდა კრებულებიც. ეს არის მხატვრობისა (ან მხატვრული ფოტოგრაფიის) და პოეზიის ერთობლივი ალბომები. ლექსებს ბავშვობიდან წერს. მისი პირველი ლექსი ადრეულ ახალგაზრდობაში დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“, მორის ფოცხიშვილის რედაქტორობის დროს.

ზურაბ კალანდაძე დამფუძნებელია: გამომცემლობების – „მთაწმინდა“ და „ნობათი“ (საქართველო); საზოგადოებების: „კიბულა“ და „მუზა“ (ჰოლანდია); იგი არის წევრი: ჰოლანდიის პროფესიონალ მხატვართა კავშირის (bbk ), ჰოლანდიის ხელოვანთა ფედერაციის (fvkv ) და იუნესკოს პარტნიორი ორგანიზაციის, ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციისა ( iaa).

ხელოვანს გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: „მე და ჩემი ძმა“ (თბ., 2010); „მზე ეტრფის ზენიტს“ (თბ., 1993); ლიტერატურული გამოკვლევები: „დრო და მწერლობა“ (თბ., 1992); „სამი პორტრეტი“:[გაბრიელ ჯაბუშანური, ალექსანდრე საჯაია, რევაზ მარგიანი] (თბ., 2013); ალბომი: „ზღვის თვალები“ (თბ., 2014) და სხვ.; მას შედგენილი აქვს ქართველ მწერალთა ბიობიბლიოგრაფიები; ეკუთვნის თეორიული კვლევები ბიბლიოგრაფიის სადღეისო საკითხებზე, ქართულ საბავშვო პროზაზე, რეცენზიები ლიტერატურულ ნაწარმოებებზე და სხვ.

ზურაბ კალანდაძე განსხვავებული ტექნიკით ხატავს. სწორედ ამან განაპირობა მისი ჰოლანდიაში წასვლა. 1990–იან წლების დასაწყისში იგი მუშაობდა ქიმიური მეთოდებით ფერწერის შექმნის გზებზე. ეს ტექნიკა გულისხმობს ზეთის საღებავების მაქსიმალურად გათხელებას და ამ თხელი საღებავებით ტილოზე მის ერთჯერადად დადებას ისე, რომ მას ნახატის ელფერი ჰქონდეს. საქართველოში დაწყებული ტექნიკური მეთოდის სრულყოფა მხატვარმა ჰოლანდიაში დაასრულა. იქ ოფიციალური მიწვევით წავიდა, მას შემდეგ რაც ჰოლანდიის კულტურის მინისტრისგან მიიღო წერილი, რომელშიც  ატყობინებდნენ, რომ მსგავსი ტექნიკა ჯერ არ არსებობს და ჰოლანდიისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა.

ბატონი ზურაბის მიერ შემუშავებულ მეთოდს მონოპრინტის (Monoprinting) ტექნიკას ეძახიან და მისი გამოყენება შესაძლებელია დიდ ტილოებზე. მსგავს ტექნოლოგიაზე მუშაობდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დადაისტი და სიურეალისტი მაქს ერნსტი და მან რაღაც დონეზე, შავ-თეთრ ფერებში, შედეგს მიაღწია. ეს მეთოდი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, რადგან ქიმიკატები წამლავს. ფერში ამის მიღწევა ძალიან რთულია. ზურაბ კალანდაძემ შედეგი მხოლოდ სამი წლის შემდეგ მიიღო, ფერს მიაღწია და ამ ტექნოლოგიით ათი წლის განმავლობაში მუშაობდა, შექმნა ასამდე დიდი ტილო და 275 მინიატურა.

2018 წლის თებერვლის თვეში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა ზურაბ კალანდაძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მისი ნამუშევრები სამშობლოში პირველად გამოიფინა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ 2002-2012 წლებში შექმნილი 27 ტილო და მინაზე ლაზერული კვეთით შესრულებული ქანდაკება სახელწოდებით „სიყვარულის ხე“.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მხატვრის გამოფენებისა და შეხვედრების ციკლი გრძელდება ჰააგაში, როტერდამში, ბერხენში, ლარენსა (ჰოლანდია) და ჰასელტში (ბელგია).

ხელოვნების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზურაბ კალანდაძის ნამუშევრების მთავარი სტილისტური ნიშან–თვისებაა ორგანული კავშირი მითოსსა და პოეზიასთან. ავსტრალიელი ხელოვანი არტს ბარკი წერს, რომ „რიგითი ადამიანები გარემოს აღიქვამენ თვალებით, ზურაბ კალანდაძე კი ამ ყოველივეს შეიგრძნობს თავისი გამჭოლი შინაგანი ხედვით".

ხელოვნებათმცოდნეთა დაკვირვებით, შემოქმედებითი ჩანაფიქრის მაქსიმალურად გადმოცემისათვის ბატონი ზურაბი მიმართავს ფერის სიღრმეთა გრადაციას, რითაც ქმნის რამდენიმე ინფორმაციულ შრეს. ამას გარდა, იგი დამატებით საკომუნიკაციო საშუალებად იყენებს მსოფლიო კულტურის, მითოლოგიის, ზღაპრებისა და ლიტერატურული შედევრების საკუთარი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დაკვირვებებით გამდიდრებულ სიმბოლოებს, რაც მის ხელწერას ინდივიდუალობას ანიჭებს და იოლად ამოსაცნობს ხდის.

მიუხედავად ემიგრაციაში მოპოვებული დიდი წარმატებებისა, ზურაბ კალანდაძის გულისყური ყოველთვის საქართველოსკენ იყო და არის მოპყრობილი. ხელოვანს აქტიური კავშირი აქვს სამშობლოსთან, ოჯახთან და მეგობრებთან, ანუ სულიერი კავშირი ყველაფერ ამასთან არასდროს გაუწყვეტია. გამომცემლობა „მთაწმინდის“ მეშვეობით ჰოლანდიაშიც ახერხებს გარკვეული ტექსტების რედაქტირებას და სამშობლოსთან ესეც აკავშირებს.

ზურაბ კალანდაძე ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით. მისი თაოსნობით მოეწყო ქართველი მხატვრების ორმოცამდე გამოფენა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

უცხოელი კრიტიკოსთა აზრით, მის ფერწერულ ტილოებში ძალუმად იგრძნობა ქართული ფესვები. ჰოლანდიელი ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ენგელბერტ ბროკჰაუსი წერს: „ზურაბ კალანდაძის შთაგონების წყარო, მუზა არის სამშობლო, საქართველო, რომელიც არასოდეს არ განეშორება მის სულს".

წყარო: 

1. https://sputnik-georgia.com/people/20180207/239212689/zurab-kalandadze.html 

2. www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=43793

3. ნინიძე, მაია. ეროვნული იდენტობის ნარატივი ზურაბ კალანდაძის შემოქმედებაში / მაია ნინიძე // VII საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები ლიტერატურა დევნილობაში : ემიგრანტების მწერლობა (მე-20 ს. გამოცდილება. ნაწ. 2. - თბილისი, 2013. - გვ. 233-243. 


Share: