The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ჯავახიშვილი

ალექსანდრე ჯავახიშვილი
Date of birth:1932
Date of death:July, 2017  (at 85 years)
Category:Military Person

Biography

ალექსანდრე ჯავახიშვილი დაიბადა 1932 წელს, თბილისში. 1952 წელს წარჩინებით  დაამთავრა ქალაქ თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა, 1957 წელს - ბაქოს სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. ამას მოჰყვა კიდევ სამი უმაღლესი სასწავლებელი, ლენინგრადის საზღვაო აკადემიის ჩათვლით. წლების განმავლობაში მსახურობდა ჩრდილოეთის ფლოტში, სადაც გაიარა ყველა საფეხური ლეიტენანტობიდან გემის კაპიტნობამდე.

1970 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილი, უკვე, I რანგის კაპიტანი იყო და ბალისტიკურ-სარაკეტო წყალქვეშა ატომურ კრეისერს მეთაურობდა. მის სახელს უკავშირდება "ზესაიდუმლო" ოპერაცია, რომელიც 1972 წლის 15 იანვრიდან 31 მარტამდე გრძელდებოდა. კრეისერმა, რომლის ბორტზე 16 ბალისტიკური რაკეტა იყო, ნაოსნობა ბარენცის ზღვიდან დაიწყო, გადალახა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვები, ატლანტის ოკეანე, დრეიკის სრუტე, მთელი წყნარი ოკეანე და ბერინგის ზღვასთან ამოყვინთა. ეს გახლდათ უპრეცედენტო ხანგრძლივობის წყალქვეშა ნაოსნობა. მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის თავმჯდომარე გვანჯი მანია აღნიშნავდა: „მარშრუტი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობად რომ ჩაითვალოს, სულ მცირე, 20 000 კილომეტრი უნდა იყოს, ალექსანდრე ჯავახიშვილის მეთაურობით კი ხომალდმა 41 000 კილომეტრი განვლო წყალქვეშ".

ამ ღირსშესანიშნავი მოგზაურობის შემდეგ ბატონმა ალექსანდრემ წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტში კიდევ 17 წელი იმსახურა – ატომური წყალქვეშა სტრატეგიული ხომალდების ბრიგადის მეთაურად, ფლოტის სარდლის მოადგილედ.
1989 წლის აპრილში, რუსეთში ხანგრძლივი სამსახურის შემდეგ, ალექსანდრე ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა, რათა დარჩენილი წლები სამშობლოს სამსახურში გაეტარებინა. ამ დროს ყველას გასაკვირად 57 წლის კონტრადმირალის სამუშაო სტაჟი 67 წელს შეადგენდა - შორეული აღმოსავლეთის მკაცრი კლიმატური და სამსახურებრივი რთული რეჟიმის პირობებში ყოველი ერთი წელი ორად ეთვლებოდა. საბჭოთა ფლოტიდან წამოსვლის წინ მას ჰქონდა კარგი შეთავაზებები როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სამსახურში, მაგრამ საქართველოში დაბრუნება უყოყმანო გადაწყვეტილება იყო.  

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ალექსანდრე ჯავახიშვილს სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა დაავალა.

ბატონმა ალექსანდრემ აქტიური მოღვაწეობა გააჩაღა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შესაქმნელად. გახდა მისი პირველი სარდალი და პირველი კონტრადმირალი (1992–1997 წწ.). 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა სანაპირო-სასაზღვრო დაცვის ჩამოყალიბებას, 2000 წლიდან – საზღვაო ოფიცრების მომზადებას დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში, სადაც პრორექტორის თანამდებობა ეკავა. მისი დაარსებულია აკადემიის სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი. იგი 114 დღის განმავლობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ომის საბრძოლო ოპერაციებში, არის ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.

ალექსანდრე ჯავახიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის საზღვაო ტერმინოლოგიისა და  სამხედრო-საზღვაო დოკუმენტაციის ქართულ ენაზე შექმნაში. მან გაითვალისწინა ნატოს გენერალიტეტის შენიშვნა ქართულ ენაზე სამხედრო-საზღვაო საბუთების არარსებობის შესახებ და ძალიან მალე საზოგადოებრივ საწყისებზე ჩამოაყალიბა მცირერიცხოვანი სარედაქციო საგამომცემლო ჯგუფი, რომელმაც, ერთობლივი ძალისხმევით, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის ოფიცრებისათვის, საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებისათვის და არა მხოლოდ მათთვის, მოამზადა 22 სახელმძღვანელო, მეთოდიკური და ნორმატიული საბუთი და სხვ., 200 ნაბეჭდ ფორმაზე მეტი საერთო მოცულობით.
ბატონი ალექსანდრესა და მისი უკრაინელი მეუღლის ოჯახი მრავალრიცხოვანი იყო – შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები.

კონტრადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი გარდაიცვალა თბილისში, 2017 წლის ივლისში, 86 წლის ასაკში.

წყარო: 

1. www.ambebi.ge/.../210064-qarthveli-qkapitani-nemoq-86-tslis-asakshi-gardaicvala-al..

2. ჩაჩანიძე, თემურ. ქართველი ადმირალი, რომელმაც დედამიწას წყალქვეშა ნავით შემოუარა : "მე პირადად 7 ბალისტიკური რაკეტა მაქვს გასროლილი" / თემურ ჩაჩანიძე // არსენალი : სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი. - თბილისი, 2012. - 17 თებერვალი - 1 მარტი. - N4 (151). - გვ.46-48.

3. https://www.radiotavisupleba.ge/a/alksandre-javakhishvili...zolshi/27585376.html 

4. www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2014&art=2317


Share: