The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივანე ნანუაშვილი

Other name:ვ. ნა–ლი  (Pseudonym)
Date of birth:1 January, 1902
Date of death:14 August, 1975  (at 73 years)
Category:Military Person

Biography

ივანე (ვანო) ნანუაშვილი დაიბადა 1902 წლის 1 იანვარ. დაწყებითი განათლება 1912-1918 წწ-ში თბილისის მეხუთე საშუალო სკოლაში მიიღო. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისას იგი ჯერ კიდევ გიმნაზიის მოსწავლე იყო, 1919 წელს კი ახლად გახსნილი თბილისის სამხედრო სკოლის კურსანტი გახდა.

ივანე იმ მცირერიცხოვან ახალგაზრდებს შორის იყო, რომელთაც ოფიცრის წოდება პირველებს მიენიჭათ და თეორიული სამხედრო ცოდნის პრაქტიკული გამოცდაც მალევე მოუხდათ. იგი წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ–ტაბახმელასთან წარმოებული, 1921 წ. თებერვლის ბრძოლების თვალსაჩინო მონაწილეა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ ვანო ნანუაშვილი იძულებული შეიქმნა, სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად, ემიგრაციაში გახიზნულიყო. 1921 წ. აპრილ-ივნისში იუნკრები სტამბოლში ელოდნენ თავის ბედს. შემდეგ, ნოე ჟორდანიას მთავრობის რეკომენდაციით ისინი სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდნენ. ივანე საბერძნეთში გაემგზავრა და სხვა რამდენიმე იუნკერთან ერთად ათენის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. 1922 წ. შემოდგომაზე საბერძნეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ქართველმა კურსანტებმა სწავლის დასამთავრებლად პოლონეთში გადაინაცვლეს.

1925 წ. ივანე ნანუაშვილმა ვარშავაში დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია და პოლონეთის არმიის შემადგენლობაში ჩაირიცხა. 1928–1930 წწ–ში მან პოლონეთის არმიის სამხედრო სკოლაში გაიარა დამატებითი კურსები და მეორე მსოფლიო ომის წინ უკვე კაპიტნის წოდებას ფლობდა. 

ივანე ნანუაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პოლონეთში ქართველ იუნკერთა კავშირის ჩამოყალიბებაში და ამ კავშირის პერიოდული ორგანოს, ჟურნალ „მხედრის“ ერთ–ერთ დამფუძნებლად მოგვევლინა. ჟურნალი 1929–1937 წლებში პარიზში გამოდიოდა. იბეჭდებოდა ქ. ვალენტინიეში არსებულ გამომცემლობა „საქართველოს“ სტამბაში. ივანე წერდა ფსევდონიმით „ვ. ნა–ლი“. „მხედარში“ გამოქვეყნებული მისი პუბლიკაციები ძირითადად სამხედრო ისტორიისა და ხელოვნების საკითხებს ეძღვნება.

კაპიტანი ივანე ნანუაშვილი 1939 წელს, II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩადგა პოლონეთის დამცველთა რიგებში. იგი ქვეითთა ჯარის დივიზიის საოპერაციო დარგის უფროსი იყო. გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და შესანიშნავი მეხსიერებით, სამხედრო ხელოვნების ღრმა ცოდნითა და ხასიათის სიმტკიცით. სამწუხაროდ, ვარშავის აღებისა და ოკუპაციის შემდეგ ნანუაშვილი გერმანელებმა დაატყვევეს და ერთ–ერთ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს, სადაც ორი წელი გაატარა. ემიგრაციაში მყოფი გავლენიანი თანამემამულეების ძალისხმევით, 1941 წ. ივანე ტყვეობიდან განთავისუფლდა და იტალიაში გადაინაცვლა, სადაც პარტიზანებს შეუერთდა. 1944 წელს იგი აქ დახვდა ამერიკის არმიას, შევიდა ინგლისის მხარეს მებრძოლ პოლონურ ჯარში და აქტიური მონაწილეობა მიიღო იტალიის განთავისუფლებისთვის წარმოებულ ბრძოლაში.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ვანო ნანუაშვილმა აქტიური სამხედრო კარიერა შეწყვიტა. იგი 1948 წლიდან ცხოვრობდა ლონდონში, ხოლო 1951 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სიცოცხლის ბოლომდე ამერიკის მოქალაქე იყო. 1951-1954 წელბში ნიუ–იორკში ცხოვრობდა, 1954–1960 წლებში კი — ბოსტონში. მუშაობდა მუშად სხვადასხვა ფაბრიკაში ან თავს ირჩენდა მძღოლობით. ამავე დროს იგი ეწეოდა ძალზე აქტიურ სამწერლო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას.

1952 წლის ოქტომბერში ივანე ნანუაშვილი აირჩიეს ნიუ–იორკში ჩამოყალიბებული „ქართველთა დემოკრატიული კავშირის“ გამგეობის წევრად. ეს ორგანიზაცია 1953–1961 წლებში ნიუ–იორკში გამოსცემდა ჰექტოგრაფიულ ჟურნალს „ჩვენი გზა“, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე იბეჭდებოდა. ივანე ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო.

1960 წლიდან ვანო ნანუაშვილი სან–ფრანცისკოში დასახლდა. გარკვეული პერიოდით იგი არჩეული იყო ამერიკის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ და წარმატებით უძღვებოდა ჯერ კიდევ 1930–იან წლებში ჩამოყალიბებულ ამ ორგანიზაციას.

ივანე ნანუაშვილი ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობასაც. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლ აქტიურ ძალებთან. იგი იყო სან–ფრანცისკოს ქართული კერის პერიოდული ორგანოს („სან-ფრანცისკოს ქართული კერა“) გამოცემის ინიციატორი და განმახორციელებელი; „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი; აშშ-ში არსებული დაპყრობილი ერების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

ივანე ნანუაშვილი ბევრი სამხედრო–პოლიტიკური ხასიათის ნარკვევის ავტორია, რომელთა უმრავლესობა მან ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა. ერთ–ერთი ასეთი ნაშრომი სათაურით „საბჭოთა კავშირის სიძლიერე და სისუსტე“ დაიბეჭდა ბოსტონში 1956 წელს. წიგნში მან დაწვრილებით აღწერა საბჭოთა კავშირის რაობა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კრემლის კომუნისტური ხელმძღვანელობის მიერ ერისა და პიროვნების თავისუფლების პრინციპების უგულვებელყოფას.

ივანე ნანუაშვილის ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1973 წელს ნიუ–იორკში გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე დაწერილი მონოგრაფია „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“. წიგნი  პოპულარობით სარგებლობდა აშშ-სა და ევროპაში. ეს არის ინტერდისციპლინარული ხასიათის ნაშრომი, რომელიც ისტორიის, პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. 2012 წელს წიგნი ქართულად ითარგმნა და თბილისში გამოიცა.

ვანო ნანუაშვილი გარდაიცვალა 1975 წლის 14 აგვისტოს, სან-ფრანცისკოში.

2000 წელს ანდრო და ნინო დაბროვებმა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცეს ივანე ნანუაშვილის პირადი არქივი, რომელიც ქრონოლოგიურად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს მოიცავს. მასში დაცულია: 1. ეპისტოლარული მემკვიდრეობა; 2. აშშ–ში არსებული ქართული ემიგრანტული ორგანიზაციების წესდებები, ოქმები, საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები; 3. კავკასიის ემიგრაციის, სსრკ–ს ემიგრანტთა გაერთიანებისა და კავშირების ისტორიის ამსახველი დოკუმენტები, მათში ქართველების მონაწილეობა და საქმიანობა; 4. ივანე ნანუაშვილისა და სხვა ქართველი ემიგრანტების ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები.

ივანე ნანუაშვილის საარქივო მემკვიდრეობის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაცია აქტიურ საქმიანობას ეწეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცივი ომის დროს, XX საუკუნის 50–70–იან წლებში. ისინი ქმნიდნენ ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ქართულ საკითხს აცნობდნენ აშშ–ს საზოგადოებასა და მთავრობას, თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის ემიგრანტულ გაერთიანებებთან, აშშ–ის სახელმწიფო სტრუქტურებსა და ამერიკულ ორგანიზაციებთან.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ნანუაშვილი

2. გრიშიკაშვილი, ამბროსი. კაპიტანი ვანო ნანუაშვილი // ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. - თბილისი, 2008. - გვ. 194–199

3. მურუსიძე, შორენა. ივანე (ვანო) ნანუაშვილის საარქივო მემკვიდრეობა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის კვლევისათვის / შორენა მურუსიძე // II საერთაშორისო სიმპოზიუმი ქართული ხელნაწერი : მოხსენებათა თეზისები / ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. - თბილისი, 2013. - გვ. 137-139

4. ჯანელიძე, ოთარ. ივანე ნანუაშვილი და მისი წიგნი "რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ"  // VII საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები ლიტერატურა დევნილობაში : ემიგრანტების მწერლობა (მე-20 . გამოცდილება). ნაწ. 3 / "ლიტერატურა დევნილობაში, ემიგრანტების მწერლობა", საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტ–მცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (7, 2013, თბილისი). - თბილისი, 2013. - გვ. 289-300 

 

 


Share: