The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


არჩილ ციციშვილი

არჩილ ციციშვილი
Date of birth:1916
Date of death:2009  (at 93 years)
Category:Architect

Biography

არჩილ ციციშვილი–ფანასკერტელი დაიბადა 1916 წ. ბორჯომში, უძველეს ქართულ არისტოკრატიულ ოჯახში. ფანასკერტი მათი საგვარეულო მამულია. მამა – სვიმონ არჩილის ძე ციციშვილი; დედა – მარიამ (მარი) ყანჩელი; უფროსი და-ძმა: ელენე (ელიკო) ციციშვილი-ლორთქიფანიძისა და დავით ციციშვილი.

სვიმონ ციციშვილი ახალგაზრდობიდანვე ჩაება ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1906 წ. იგი გახდა საქართველოს სოციალ–ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1918–21 წწ–ში აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან.

პროფესიით სვიმონ ციციშვილი მენავთობე ინჟინერ–გეოლოგი იყო. 1920 წ. დამლევს იგი წამყვანი ნავთობმომპოვებელი კომპანიის მიერ მიწვეულ იქნა საფრანგეთში, სადაც 1921 წ. დასაწყისში გაემგზავრა და მალე ნავთობმომპოვებელ საზოგადოებასთან კონტრაქტიც გააფორმა. მას დაევალა კავკასიაში ნავთობის დამუშავებისა და მოპოვების საკითხების კვლევა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სვიმონ ციციშვილი სამშობლოში აღარ დაბრუნდა. მისმა მეუღლემ სამ ბავშვთან ერთად მოახერხა საფრანგეთში ჩასვლა და ოჯახის გაერთიანება.

ციციშვილემმა პარიზში დაიდეს ბინა. მშობლები შვილების აღსაზრდელად არანაირ შრომას არ თაკილობდნენ. კნეინა მარიამი მოსამსახურედ მუშაობდა მდიდარი პარიზელების ოჯახებში, რათა შვილებს სწავლის საშუალება ჰქონოდათ.

1938 წ. არჩილმა მისაღები გამოცდები ჩააბარა ნატიფი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის არქიტექტურის განყოფილებაზე, მაგრამ სწავლა მალევე შეწყვიტა, რადგან  საფრანგეთის არმიაში გაიწვიეს. ჯარში სამსახურისას მან თავისი ნიჭიერებით ერთ–ერთი მეთაურის ყურადღება მიიპყრო და იგი სენ–სირის კურსანტთა სასწავლებელში მიავლინეს.

1940 წ. არჩილ ციციშვილმა ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი. როდესაც ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საფრანგეთს, ახალგაზრდა ოფიცერი უყოყმანოდ ჩადგა ქვეყნის დამცველთა რიგებში. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ არჩილმა გადაწყვიტა განეგრძო ბრძოლა ოკუპანტთა წინააღმდეგ. 1940 წ. 21 ივნისს მან მოახერხა შვედურ გემ „თაბორგზე“ ასვლა და ჩრდილოეთ აფრიკაში, კასაბლანკაში გაემგზავრა, სადაც შეუერთდა უცხოურ ლეგიონს. თავიდან ალჟირში იმყოფებოდა, შემდეგ მისი თხოვნით გადაიყვანეს მაროკოში, სადაც მას ქართველი მებრძოლები ეგულებოდა.

1940 წ. დამლევს, ვიშის მთავრობის ბრძანებით, ოფიცერი არჩილ ციციშვილი დემობილიზებულია, მაგრამ სამხედრო ნაწილის ოფიცერთა თხოვნით აგრძელებს სამხედრო სამსახურს ინსტრუქტორად. ამ ფუნქციას ის კეთილსინდისიერად ასრულებდა 1942 წ. იანვრამდე, შემდეგ კი საბოლოოდ დემობილიზებული, იძულებული გახდა საფრანგეთში დაბრუნებულიყო.

1942–1944 წწ-ში არჩილ ციციშვილმა პარიზში არქიტექტურის შესწავლა გააგრძელა, თუმცა ხშირად იბარებდნენ გესტაპოში. გერმანელები ცდილობდნენ იმის გაგებას, თუ როგორ მოხვდა უცხოურ ლეგიონში. 1944 წ. ზაფხულში, როცა საფრანგეთში გადმოსხდნენ მოკავშირეთა ჯარები და დაიწყო ქვეყნის გერმანელი ოკუპანტებისგან განთავისუფლება, ოფიცერი ციციშვილი კვლავ ჩაეწერა უცხოელთა ლეგიონში და ქვეითთა I ბატალიონის შემადგენლობაში 1945 წ. თებერვლიდან იბრძოდა ჯერ ალზასში, ხოლო შემდეგ – გერმანიაში.

ნორდჰაიმთან ბრძოლაში მისი ბატალიონი ძლიერ დაზარალდა, თავად არჩილი კი მსუბუქად დაიჭრა. ამ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის იგი დააჯილდოვეს სამხედრო ჯვრით. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ „მუდმივი საფრთხის მიუხედავად, მისი მეთაურობით უზრუნველყოფილ იქნა შენაერთის ტანკებისა და ჯავშანტექნიკის ნაწილში დაბრუნება“.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ არჩილ ციციშვილი დაუბრუნდა სამოქალაქო საქმიანობას და წარმატებით გააგრძელა არქიტექტორის კარიერა.

არჩილ ციციშვილი გარდაიცვალა 2009 წ. იგი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან ნათელა ნოეს ასული ჟორდანიასთან ჰყავდა მარი-ელენ (ელიკო) და ირენ ციციშვილები; მეორე ქორწინებიდან ჟაკლინ ეიგლიუნანთან (Jacqueline Eyglunent) – სოფი და ვრონიკა.

წყარო:

1. ნიკოლაძე, ფრანსუაზ. უცხოური ლეგიონის მეომრები // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში : 1939-1945 წლები / ფ. ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე. - თბ., 2009. - გვ.25-48.

2. არჩილ ციციშვილი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. - გვ. 162.


Share: