Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი![]()
Biographyორი სამეფო დინასტიის შთამომავალი თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი დაიბადა 1912 წლის 21 აგვისტოს პავლოვსკში. მამა – კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ–მუხრანელი 1915 წელს დაიღუპა I მსოფლიო ომში. დედამ, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილმა ტატიანა რომანოვამ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოახერხა უცხოეთში გაქცევა და შვილებთან ერთად ჯერ რუმინეთში, იქიდან კი შვეიცარიაში ჩააღწია. თეიმურაზი ჯერ ჟენევის სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი ფრაიბურგის წმინდა ჟანის სახელობის კოლეჯში. 1927 წელს, როცა ოჯახი იუგოსლავიაში გადასახლდა, თეიმურაზი ქალაქ ბელოცერკოვის ყირიმის კადეტთა კორპუსის კადეტი გახდა, მისი უმცროსი და ნატალია კი – მარინის დონის ინსტიტუტის მოსწავლე. კადეტთა კორპუსის რეფორმირებისა და მისთვის ტატიანას მამის, დიდი თავადის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელის მინიჭების შემდეგ, ხელმძღვანელობა შეეცადა, თეიმურაზისთვის გარკვეული პრივილეგიები დაეშვა. მაგრამ, მან უარი განაცხადა და თანატოლთა შორის ძველებურად განაგრძო ცხოვრება. 1932 წელს თეიმურაზმა კადეტთა კორპუსი დაამთავრა და იუგოსლავიის სამხედრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიის დამთავრების შემდეგ 10 წელი იმსახურა იუგოსლავიის სამეფო ლეგიონის გვარდიულ-საარტილერიო პოლკში. იყო რუსეთის ეკლესიის საზღვარგარეთული სინოდის მზრუნველთა საზოგადოების თავმჯდომარე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი. 1933 წლიდან ის გახდა ილამაზ დადეშქელიანის თავმჯდომარეობით პარიზში დაარსებული „წმინდა ქეთევანის მართლმადიდებელი ძმობისა“ და „წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის საძმოს“ წევრი. 1949 წელს თეიმურაზ ბაგრატიონმა მიიღო ლევ ტოლსტოის ქალიშვილის ალექსანდრას წინადადება, შევიდა „ტოლსტოის ფონდის“ ადმინისტრაციაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. ჯერ ფონდის წარმომადგენელი იყო ბეირუთში, 1979 წლიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, 1984 წელს კი ფონდის თავმჯდომარედაც აირჩიეს. იმავდროულად, იყო ამერიკული საქველმოქმედო ფონდ „კერის“ და ლტოლვილთა დამხმარე ამერიკული საბჭოს მოხალისე აგენტთა წევრი. ასევე, იყო რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კომუნისტთა ბატონობას გარიდებულ ლტოლვილთა დამხმარე 100 სხვადასხვა საქველმოქმედო სააგენტოს გამაერთიანებელი ორგანიზაციის „Interaction“–ის დამფუძნებელი. თეიმურაზ ბაგრატიონი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე – ეკატერინე რაჩიჩი გახლდათ ცნობილი იუგოსლავიელი დიპლომატისა და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკოლა პაშიჩის შვილიშვილი. მათ 1933 წელს დაიწერეს ჯვარი ბელგრადის წმინდა სამების რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. პირველი ცოლის გარდაცვალებისა და ამერიკაში გადასახლების შემდეგ, 1949 წელს დაქორწინდა გრაფინია ირინა ჩერნიშოვა-ბეზობრაზოვაზე. თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა 1992 წლის 10 აპრილს ნიუ-იორკში. დაკრძალულია ნოვოდევეევოს რუსულ მონასტერში, ნიუ-იორკთან ახლოს. შთამომავლობა არ დარჩენია. თეიმურაზის და, ნატალია ბაგრატიონ–მუხრანელი (1914-1984) 1944 წელს ცოლად გაჰყვა ცნობილ ინგლისელ დიპლომატს, პოეტსა და მთარგმნელს სერ ჩარლზ ჰეპბერნ–ჯონსტონს. მემკვიდრე არც მას ჰყავდა. 2007 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა კონსტანტინე და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელების არქივი, რომელიც მოიცავს უნიკალურ მასალებს ბაგრატიონთა საგვარეულოს შესახებ. კოლექციაში შესული ფოტოები, ჟურნალები და წიგნები თარიღდება მე-19 ს–ის მიწურულითა და მე-20 ს–ის შუა წლებით. ფოტოებზე ასახულია თეიმურაზ ბაგრატიონის ოჯახის წევრები. ჟურნალებს შორის არის ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურენოვანი გამოცემები: LE MUSEON (1952, 1961), TRADITIO (1949-1951), REVISTA ARADICA (1956). ასევე, ბიბლიოთეკას გადმოეცა წიგნები:COUNT TOTLEBEN, S EXPEDITION TO GEORGIA (1769-1771), D.M. LANG, 1951, Reprinting from the BSOAS; IBERIA ON THE EVE OF BAGRATID RULE, 1952, Extrait du MUSEON, tome LXV, 1-2; THE EARLY BAGRATIDS, 1949, Extrait du MUSEON, tome LXII, 1-2; PRINCE IOANN OF GEORGIA AND HIS "KALMASOBA", David M. LANG; STUDIES IN CRISTIAN CAUCASIAN HISTORY, Cyril Turmanoff, 1963. მასალები ბიბლიოთეკას გადასცა თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლემ ირინა ბაგრატიონ- მუხრანელმა. წყარო: ბაგრატიონ-მუხრანელი თეიმურაზ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.39-40. დაუშვილი რუსუდან. თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014.–გვ. 155–157 თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. - გვ.141–142
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |