The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მერაბ შარია

მერაბ შარია
Date of birth:1961  (63 years)
Category:Medical Doctor

Biography

ექიმ-კარდიოლოგი, ურონეფროლოგი, ონკოლოგი მერაბ არჩილის ძე შარია 1961 წელს სოხუმში დაიბადა. დაამთავრა სოხუმის მე–17 სკოლა. მის ოჯახს სამდიცინო სფეროსთან შეხება არ ჰქონდა, მხოლოდ დეიდა იყო მედდა. დედა მასწავლებელი ჰყავდა, მამა აგრონომი. როგორც თავად ამბობს, ექიმობა მისი შეგნებული არჩევანი იყო, რასაც მშობლებმა სიხარულით დაუჭირეს მხარი.

მერაბმა ჯერ კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, სპეციალობით – „სამკურნალო საქმე“(1977–1983), 1990 წელს კი – ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, კარდიოლოგიის განხრით. შემდგომში „რენტგენოლოგიაშიც“ აიღო სერტიფიკატი.

ინტერნატურა დამწყებმა ექიმმა 1983-84 წლებში სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიარა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ გრიგოლ სიჭინავას ხელმძღვანელობით. 1985–1988 წლებში კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობდა.

ამჟამად მერაბ შარია მოსკოვში ცხოვრობს. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და მოსკოვის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ტომოგრაფიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. იგი უკვე 25 წელია, რაც სხივური დიაგნოსტიკის სფეროში მოღვაწეობს. გაწევრიანებულია სხივური დიაგნოსტიკის სპეციალისტთა საზოგადოებაში და 4 მონოგრაფიის, 3 სასწავლო სახელმძღვანელოსა და 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.  

ბატონი მერაბი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვის კარდიოლოგიურ ცენტრში აკადემიკოს ევგენი ჩაზოვთან, რომელსაც დიდი პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით იხსენებს: „მისი ინიციატივით, საბჭოთა კავშირში შეძენილი და დამონტაჟებული იქნა, პირველი ტომოგრაფიის აპარატები. მე გამიმართლა და პირველს მომეცა საშუალება, რომ მაგნიტურ რეზონანსულ დიაგნოსტიკურ აპარატზე მემუშავა. ეს, რა თქმა უნდა, მაშინ დიაგნოსტიკის სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო“.

მერაბ შარია თვლის, რომ მედიცინაში აუცილებელია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეთავსება: „თეორია მნიშვნელოვანია და აუცილებელი, მაგრამ პრაქტიკის გარეშე ეს მხოლოდ უსარგებლო ცოდნაა. „ოსტატობა მხოლოდ პრაქტიკაში მოდის და არა მხოლოდ ინსტრუქციების კითხვისას ", — აღნიშნა ნაპოლეონ ჰილმა. ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინაში, როდესაც შეგიძლიათ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დაუკავშირო ერთმანეთს არატრადიციულ სიტუაციაში. თეორეტიკოსების საწყენად არ ვამბობ, ხშირად გიწევს იმოქმედო პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე“.

ბატონი მერაბი დაოჯახებულია. ჰყავს ორი ვაჟი – არჩილი და გიორგი. საქართველოს არც ერთი წუთით არ ივიწყებს: „მე და ჩემი ოჯახი სამშობლოზე ფიქრით ვცხოვრობთ, ვხარობთ მისი მიღწევებით და განვიცდით თუკი საქართველოს უჭირს. როდესაც მასზე ვფიქრობ, ყოველ ჯერზე სხვადასხვა, პირველ რიგში, კი მახსენდება ის ადამიანები, რომლებმაც ჩემს პიროვნულ ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა. ზოგადად, თბილი ურთიერთობა ადამიანებს შორის, გულგახსნილობა, სიკეთე და გვერდში დგომა მახსენდება, როცა საქართველოზე ვფიქრობ“, – აღნიშნავს მერაბ შარია.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/people/20171227/238714855/merab-sharia.html 

2. www.kafedra-radiology.ru/.../34-shariya-merab-archilov.

3. https://www.cardioweb.ru/.../shariya-merab-archilovich 




Share: