The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბაჩანა ლომსაძე

ბაჩანა ლომსაძე
Date of birth:1986  (38 years)
Category:Physicist

Biography

ბაჩანა ლომსაძე პირველი ქართველია, რომელსაც ”სილიკონ ველზე” მდებარე სანტა-კლარას უნივერსიტეტში საკუთარ ლაბორატორიას (Lomsadze lab) გაუხსნიან. ცოტა ხნის წინ იგი სანტა-კლარას უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, რაც გულისხმობს სავალდებულო სალექციო კურსების წაკითხვას, საკუთარი სამეცნიერო ლაბორატორიის შექმნას, სტუდენტების ხელმძღვანელობას, გრანტების მოძიებას, კოლაბორაციას სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებთან. ბაჩო ლომსაძე გეგმავს, რომ გაცვლითი პროგრამა სანტა-კლარას უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორისაც ჩამოაყალიბოს.

ბაჩანა ლომსაძე 1986 წელსაა დაბადებული. სკოლის ასაკში იგი თანაბრად იყო დაინტერესებული ხელოვნებითა და ტექნიკური საგნებით. მონაწილეობდა მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადებში, მაგრამ, ამავე დროს, წარმატებით სწავლობდა ხელოვნების კოლეჯში. დაახლოებით 10 წელი ცეკვავდა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „პატარა ვარსკვლავებში“. მუსიკალური  შვიდწლედიც დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით და ხელოვნების კოლეჯში დადგმულ თეატრალურ სპეკტაკლებშიც თამაშობდა. თუმცა, საბოლოოდ ხელოვნების სიყვარულს მეცნიერების მიმართ ინტერესმა გადასძალა. უკვე მეათე კლასში იყო, როცა განსაკუთრებით დაინტერესდა ატომურ–მოლეკულური დაჯახებების დროს მიმდინარე პროცესებით: „თავდაპირველად ბუნებაში მიმდინარე პროცესები ჩემში გაოცებას იწვევდა. შემდეგ გაოცება ინტერესმა შეცვალა და, მიუხედავად იმისა, რომ მამაც ფიზიკოსი მყავს, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ჩავუღრმავდი ლიტერატურას. როცა მივხვდი, რომ ფიზიკის გარეშე არ შემეძლო, ფიზიკა–მათემატიკის სკოლაში გადავედი. აქედან დაიწყო კვლევითი სამუშაოები და რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა“, – იგონებს ახალგაზრდა მეცნიერი. 

ჯერ კიდევ მოსწავლეობისას მიიღო ბაჩანამ მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაცემული სპეციალური პრიზი საუკეთესო მოხსენებისთვის და ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მისი პირველი სტატია ჟურნალში - „ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში”. პარალელურად წარჩინებით დაამთავრდა ხელოვნების კოლეჯი და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამ პერიოდში შეიძინა მან უაღრესად მნიშვნელოვანი საბაზისო განათლება, რომელიც მისი მომავალი სამეცნიერო კარიერის გამსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა.

სტუდენტობის დროს ბაჩანა იყო ივანე ჯავახიშვილისა და მიხეილ ნოდიას სახელობის სტიპენდიანტი; სტუდენტთა და ასპირანტთა საუნივერსიტეტო და რესპუბლიკურ კონფერენციებში გამარჯვებული; მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (იტალია, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ამერიკა), რომლის ფარგლებშიც წაიკითხა 10-მდე მოხსენება.

ბაკალავრიატში სწავლის დროს გაეცნო ბაჩანა ლომსაძე მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჯგუფებში მიმდინარე კვლევებს. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა ლაზერული სპეკტროსკოპიითა და მათი გამოყენებით, როგორც ფუნდამენტურ კვლევებში, ასევე პრაქტიკული მიზნებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს უნივერსიტეტებში არ იყო სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამა ამ მიმართულებით. ამიტომ 2008 წელს ბაჩანა ჩაირიცხა სადოქტორო პროგრამაზე კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეში, სრული დაფინანსებით. მისი სამეცნიერო პროექტი გახლდათ - ატომებისა და მოლეკულების გაციება ლაზერების მეშვეობით და მათი თვისებების და დინამიკის შესწავლა მოკლე-ხანგრძლივობის იმპულსების მქონე ლაზერების გამოყენებით. ეს კვლევები კვანტური კომპიუტერების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

2012 წელს, 26 წლის ასაკში მიენიჭა ბაჩანა ლომსაძეს სადოქტორო ხარისხი და იგი კვლევითი სამუშაოების სრულყოფის მიზნით მიიწვიეს კოლორადოს უნივერსიტეტსა და მასთან არსებულ გაერთიანებული ასტროფიზიკის ლაბორატორიების ინსტიტუტში (JILA), როგორც მკვლევარი მეცნიერი. ეს არის მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრი, სადაც საფუძველი ჩაეყარა მაღალი გარჩევისუნარიანობის მქონე ლაზერების სპექტროსკოპიას და ლაზერების მეშვეობით გაცივებული ატომებისა და მოლეკულების მიღებას.  JILA-ში მოღვაწე 5 მეცნიერს ნობელის პრემია აქვს მიღებული.

ბაჩანა ლომსაძის მიერ აღმოჩენილ ლაზერული სპექტროსკოპიის ახალ მეთოდს პრაქტიკული გამოყენებაც აქვს. იგი საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ნივთიერებების თვისებები რეალურ დროში შევისწავლოთ, დავაკვირდეთ ქიმიურ რეაქციებს და პასუხი გავცეთ ფუნდამენტური ფიზიკისა და ქიმიის საკითხებს, რაც აქამდე განუხორციელებელი იყო. ამ მეთოდით ამიერიდან შესაძლებელი იქნება მომწავლელი ნივთირებებისა (აირების) და ასაფეთქებელი ნივთიერებების დეტექტირება დისტანციურად, ძალიან მოკლე დროში (წამებში). ეს მნიშვნელოვანია აეროპორტების, საზღვაო პორტებისა და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილების დასაცავად. ექსპერიმენტის შედეგები ეტაპობრივად ისახებოდა პრესტიჟულ ჟურნალებში. კვლევების აქტუალობიდან გამომდინარე ის ჟურნალმა – „ოპტიკისა და ფოტონიქსის სიახლეები”, 2017 წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარა. დღიდან ახალი მეთოდის გამოქვეყნებისა (2017 წ. 29 სექტემბერი), მიღებულ შედეგს უკვე გამოეხმაურა 100-მდე ქვეყანა და კომპანია.

სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ბაჩანა ლომსაძე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. დოქტორანტურაში სწავლის განმავლობაში (კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მის შემდგომაც, მიჩიგანის რამდენიმე უნივერსიტეტში იგი ატარებდა ლექციებს როგორც ფიზიკის, ასევე ქიმიის, ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ყოველ წელს იღებდა უმაღლეს შეფასებებს, რაც შემდგომ აისახა ფიზიკის დეპარტამენტის მიერ მისი საუკეთესო ლექტორის წოდებითა და სიგელებით დაჯილდოებაში.

ბაჩანა ლომსაძის სანტა–კლარას უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნა საკმაოდ გრძელი და რთული კონკურსის გავლის შემდგომ მოხდა. შერჩევაში 250-მდე აპლიკანტი მონაწილეობდა. ასეთი რთული გზის გავლა ადვილი არ იყო, მაგრამ ბაჩანამ მიზნად დაისახა სანტა-კლარას საგანმათლებლო ცენტრში მოხვედრა, რადგან უნივერსიტეტი მდებარეობს „სილიკონ ველზე“, რომელიც მსოფლიო ტექნოლოგიების ცენტრია და, ამავე დროს, ძალიან ახლოსაა სტენფორდისა და ბერკლის უნივერსიტეტებთან, სადაც მას კოლაბორაციები აქვს დაგეგმილი.

წყარო:

1. www.ambebi.ge/tag/ბაჩანა%20ლომსაძე/

2. ლომსაძე, ბაჩანა. ვცდილობ, ამ სახელის ღირსი ვიყო. რას შთააგონებს ახალგაზრდა ფიზიკოსს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიატობა : ინტერვიუ / ბ.ლომსაძე ; მოამზადა მ.ტორაძემ // თბილისის უნივერსიტეტი. - , 2006. - 20 დეკემბერი. - N6. - გვ.8

3. newspaper.tsu.ge/ge/articles/view/307 

 




 


Share: