The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე

ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე
Date of birth:4 July, 1870
Date of death:1931  (at 60 years)
Category:Military Person

Biography

რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი ალექსანდრე ჭავჭავაძე დაიბადა 1870 წლის 4 ივლისს, თბილისში, გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის (1825-1905) ოჯახში. ზაქარიას მეუღლე იყო მარიამ ჭავჭავაძე, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის ასული. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი: ალექსანდრე, ელისაბედ, მაქსიმილიან, დავით, ანა და სოფიო.

ალექსანდრე ზაქარიას ძემ დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და სანქტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი; 1890 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში. 1898-1900, 1900-1905 წწ. – მთავარ შტაბში. 1905 –1914 წლებში –  კავკასიის მეფისნაცვლისა და კავკასიის ოლქის ჯარების მთავარსარდლის ადიუტანტი იყო.

პირველ მსოფლიო ომს ალექსანდრე ჭავჭავაძე პოდპოლკოვნიკის ჩინით შეხვდა. 1914-1917 წლებში მეთაურობდა ჩერქეზთა ცხენოსან პოლკს. 1915 წლის 28 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წლის 9 აგვისტოს დაინიშნა კავკასიის ცხენოსანი („ველური“) დივიზიის მე-3 ბრიგადის მეთაურად. 1917 წლის დეკემბერში – იმავე დივიზიის 1-ი ბრიგადის მეთაურად.

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძეს მიღებული აქვს იმპერიის არაერთი ჯილდო: წმ. სტანისლავის მე-II (1912) და მე-III ხარ., წმ.ანას მე-III (მახვილებით და ბაფთით, 1910) და მე-II (1914) ხარ., წმ. ვლადიმერის მე-IV (მახვილებით და ბაფთით, 1915) და მე-III (მახვილებით) ხარ. ორდენები; ლომისა და მზის მე-III ხარ. სპარსული ორდენი და სხვ.

1896 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ, კავკასიაში, კისლოვოდსკში გაიცნო იმპერატრიცას ფრეილინა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, მიხეილ როძიანკოს ძმისშვილი მარია პავლეს ასული როძიანკო. ხანმოკლე მიჯნურობის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. წყვილი რუსეთში ცხოვრობდა, სადაც დაიბადა მათი სამივე შვილი – პავლე, გიორგი და მარინა (მიმი). მარია და ალექსანდრე 1915 წელს დაშორდნენ. 

1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ ალექსანდრე ჭავჭავაძეს გენერალ-მაიორის წოდება უბოძა. ამ დროისთვის ველური დივიზია შედიოდა იმ იშვიათ საბრძოლო შენაერთებში, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო საბრძოლო სული, თავდადება და დისციპლინა. 1917 წლის ზაფხულში დროებითი მთავრობის ბრძანებით საცხენოსნო დივიზია კვლავ კავკასიაში დააბრუნეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წ. მაისი) შემდეგ, ალ. ჭავჭავაძე ეროვნულ არმიაში მსახურობდა. 1921 წ. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ სამხედო სამსახურიდან გადადგა, 1922 წელს ცოლად შეირთო ოლღა სუხომლინა და თბილისში დასახლდა.

ალექსანდრე ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა საქართველოში არალეგალურად მოქმედ „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთ ჯგუფს. არაერთხელ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური რეჟიმის მიერ. 1930 წ. 13 თებერვალს იგი კვლავ დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური მიზნებით შეიარაღებული აჯანყების“ და „ჯაშუშობის“ ბრალდებით და მალე დახვრიტეს.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მარია როძიანკო შვილებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. იგი მაშინ უკვე თავად ტრუბეცკოის მეუღლე იყო. ისინი ინგლისში ცხოვრობდნენ, როცა შეტყობინება მიიღეს, რომ შეეძლოთ ალექსანდრე ჭავჭავაძე ციხიდან დაეხსნათ. გამოსასყიდის ფასი 100 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, რაც დაახლოებით დღევანდელ 10.000 ამერიკულ დოლარს უდრის. ოჯახს ეს თანხა არ გააჩნდა, მაგრამ მარინა ჭავჭავაძემ, ლონდონში გამართულ ერთ-ერთ მდიდრულ მეჯლისზე მამამისის ისტორია თავის პარტნიორს მოუყვა. ამ ჯენტლმენმა ჟილეტის ჯიბიდან დაუყოვნებლივ ამოიღო საჭირო თანხა და მას გადასცა. სამწუხაროდ ქრთამმა არ იმოქმედა და ალექსანდრე მხოლოდ მცირე ხნით გაათავისუფლეს. მალე იგი კვლავ დააპატიმრეს და 1931 წელს სიკვდილით დასაჯეს.

ალექსანდრეს შვილებიდან მხოლოდ პავლე იყო საქართველოში ნამყოფი. ბოლოს იგი 1918 წელს ესტუმრა წინანდალს მამასთან ერთად. პავლე – ამერიკაში ცნობილი მწერალი გახდა, მარინა ლონდონში დასახლდა და ისიც მწერლობას მისდევდა. მათი შუათანა ძმა, გიორგი, საფრანგეთში ცხოვრობდა და თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა პიანისტმა, კომპოზიტორმა და პედაგოგმა.

პავლე ჭავჭავაძემ ცოლად შეირთო იმპერატორ ნიკოლოზ I-ს შვილთაშვილი, დიდ მთავარ გიორგი მიხეილის ძე რომანოვის ასული ნინა რომანოვა (1901-1974). მათი ვაჟი იყო აშშ დაზვერვის ოფიცერი და ისტორიკოსი დავით ჭავჭავაძე (1924–2014).

წყარო:

1. გოგიტიძე, მამუკა. ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, თავადი: გენერალ-მაიორი // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015.

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ჭავჭავაძე_(გენერალი)
3. https://ru.wikipedia.org/.../Чавчавадзе,_Александр_Зах...
 


Share: