The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირაკლი ლორთქიფანიძე

ირაკლი ლორთქიფანიძე
Other name:ლორუა  (Pseudonym)
Date of birth:1910  (114 years)
Category:Engineer

Biography

ირაკლი დავითის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1910 წელს სომხეთში, ქალაქ ლენინაკანში. სპეციალობით ინჟინერი იყო. ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რუსთავის ავტოშემკეთებელი ქარხნის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1928 წელს საბჭოთა ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს ანტისაბჭოთა დაჯგუფება, რომელშიც ირაკლი ლორთქიფანიძეც გაერთიანდა. ამ ჯგუფის შეკრებებზე, როგორც წესი, განიხილებოდა ერთადერთი საკითხი, როგორ გაქცეულიყვნენ საზღვარგარეთ. ერთხმად გადაწყდა, რომ უცხოეთში თურქეთიდან უნდა გასულიყვნენ, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდოდნენ, სადაც ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა. ასეც მოხდა. არალეგალური ჯგუფის წევრებმა (შიო გერაშვილი, გიორგი საკიაშვილი, ირაკლი ზედგენიძე, ნიკოლოზ ბოკუჩავა, მიხეილ ბახტაძე) საქართველო სათითაოდ დატოვეს.

1929 წელს თურქეთის საზღვარი ირაკლი ლორთქიფანიძემაც გადაკვეთა. დასახლდა ქალაქ პარიზში. 1930 წელს იგი მიემხრო ნაციონალურ ორგანიზაცია - „თეთრ გიორგის“ და 1933 წლამდე იყო მისი წევრი.

1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მიხეილ კედიას წინადადებით ირაკლი ლორთქიფანიძე, სხვა ემიგრანტებთან ერთად, შეარჩიეს და გაგზავნეს ქალაქ ორლეანში. სადაც სამი კვირის განმავლობაში სწავლობდა სადაზვერვო-დივერსიულ სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, ფსევდონიმით - „ლორუა“, ჩარიცხეს ქალაქ ვენაში გერმანიის არმიის ახლად ჩამოყალიბებულ ნაწილ - „ თამარა-2“-ში, სადაც საომარ და ტაქტიკურ წვრთნებს გადიოდა. საბრძოლო მომზადების შემდეგ გადავიდა რუმინეთში, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 1941 წლის დეკემბერში იძულებული გახდა დაეტოვებინა „თამარა-2“.

1942 წელს, ბერლინში ყოფნის დროს, ირაკლი ლორთქიფანიძემ განაგრძო საქმიანობა ორგანიზაცია „თეთრ გიორგიში“. იგი აირჩიეს „ქართულ ნაციონალურ კომიტეტში“. ამ კომიტეტში განიხილებოდა ემიგრანტთა სამომავლო მოქმედებების გეგმა.

იმავე წელს, მიხეილ კედიას წინადადებით, ირაკლი ლორთქიფანიძე კვლავ გერმანელებთან იწყებს თანამშრომლობას. იგი ჩაირიცხა გერმანულ ნაწილ „სდ“-ში და სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, კერძოდ, ქალაქ სტავროპოლში, რათა იმ შემთხვევაში, თუ გერმანია საქართველოს ოკუპაციას მოახდენდა, შეესრულებინათ პოლიციური ფუნქციები.

ომის დამთავრების შემდეგ ირაკლი ლორთქიფანიძე ქალაქ ზალცბურგში (ავსტრია) ჩავიდა, სადაც ამერიკულ ნავთობმომპოვებელ აქციონერთა ერთობის კუთვნილ რადიოსადგურში მუშაობდა.

1939 წელს ირაკლი ლორთქიფანიძემ გაიცნო ემიგრანტი სვიმონ ციციშვილი, 1943 წელს კი შეხვდა მის ქალიშვილს - ელენეს, რომელმაც ბერლინში მიმავალ ირაკლის მამასთან წერილი გაატანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბერლინში თავად ელენე ციციშვილიც ჩავიდა. 1943 წლის ნოემბერში წყვილი დაქორწინდა.

ელენე ციციშვილი პატარაობიდანვე ანტისაბჭოთა გარემოში იზრდებოდა და როგორც „თეთრი გიორგის“ წევრი პროპაგანდას უწევდა თავისუფალი საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ელენემ, ემიგრანტ ზალდასტანიშვილთან ერთად, პარიზში ჩამოაყალიბა ახალგაზრდული ნაციონალური დაჯგუფება. თავად ამ დაჯგუფების „მმართველ კომიტეტში“ შედიოდა.

1943 წლის აპრილში ელენე ციციშვილი გიორგი კერესელიძის მიწვევით ჩავიდა ბერლინში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროში, „ფერტრაუენშტელლეში“ დაიწყო მუშაობა რეგისტრატორად. აღნიშნული ორგანიზაცია, რომელსაც გიორგი წერეთელი ხელმძღვანელობდა, ემიგრანტთა აღრიცხვითა და სამხედრო ტყვეების გადაბირებით იყო დაკავებული. ამ პოზიციაზე ელენემ დაახლოებით ხუთი თვე იმუშავა და არაერთ ემიგრანტს გაუმზადა დოკუმენტაცია გერმანელებთან ამა თუ იმ სამსახურში მოსაწყობად. ამას გარდა ელენე ციციშვილი საქმისმწარმოებლად მუშაობდა მიხეილ კედიასთან, რომელიც განყოფილება „სს“-ს ხელმძღვანელობდა. 

ბერლინში ყოფნის დროს ელენე ციციშვილი აქტიურად თანამშრომლობდა „თეთრი გიორგის“ წევრებთან და დადიოდა სამხედრო ტყვეთა იმ ბანაკებში, სადაც ქართველი ქალები და გოგონები იმყოფებოდნენ.

1945 წლიდან სვიმონ ციციშვილმა აქტიურად დაიწყო საუბარი საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე. მისი წინადადებით ქალიშვილმა და სიძემაც დაწერეს განცხადება და თხოვნა შეიტანეს საქართველოში დაბრუნების შესახებ.

1947 წელს ირაკლი ლორთქიფანიძე და ელენე ციციშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან (ნოდარი და დიმიტრი) და მამასთან, სვიმონ ციციშვილთან ერთად სამშობლოში ჩავიდნენ. 

ოთხი წლის მანძილზე ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა. ელენემ თბილისის უცხო ენათა ინსტიტიტში დაიწყო მუშაობა ფრანგული ენის მასწავლებლად. მას პარიზის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. სვიმონ ციციშვილი გეოლოგიურ საქმიანობას დაუბრუნდა, ირაკლი ლორთქიფანიძე კი კვლავ რუსთავში მუშაობდა ავტოტექნიკოსად და კარგი რეპუტაციით სარგებლობდა.  

1951 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა "სუკ"–მა "სამშობლოს ღალატის" ბრალდებით დააპატიმრა სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი და სიძე. სვიმონ ციციშვილს მიესაჯა დახვრეტა, ირაკლი ლორთქიფანიძეს 25 წლით, ხოლი ელენე ციციშვილს 10 წლით გადასახლება. ბოლო მომენტში სვიმონ ციციშვილს განაჩენი ციმბირში გადასახლებით შეუცვალეს, სადაც თითქმის ათი წელი გაატარა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, ქალიშვილთან ერთად. გარდაიცვალა 1973 წელს.

წყარო:

1. ყიფშიძე, ნინო. ემიგრანტი ცოლქმრის ისტორია // საარქივო მოამბე  / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. - თბილისი, 2017. - N 17. - გვ. 118-130.



 

 

 

 

 

 

 


Share: