The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ელენე ციციშვილი–ლორთქიფანიძე

ელენე ციციშვილი–ლორთქიფანიძე
Date of birth:1915  (109 years)
Category:Philologist

Biography

ელენე (ელიკო) ციციშვილი დაიბადა თბილისში, 1915 წელს. მამა – სვიმონ არჩილის ძე ციციშვილი; დედა – მარიამ (მარი) ყანჩელი; ჰყავდა ორი ძმა - დავით და არჩილ ციციშვილები.

სვიმონ ციციშვილი ბაგრატიონ–გრუზინსკების საგვარეულოს წარმომადგენლი იყო. იგი ახალგაზრდობიდანვე ჩაება ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1906 წელს გახდა საქართველოს სოციალ–ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1918–1921 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან.

პროფესიით სვიმონ ციციშვილი მენავთობე ინჟინერ–გეოლოგი იყო. 1920 წ. დამლევს იგი წამყვანი ნავთობმომპოვებელი კომპანიის მიერ მიწვეულ იქნა საფრანგეთში, სადაც 1921 წ. დასაწყისში გაემგზავრა და მალე ნავთობმომპოვებელ საზოგადოებასთან კონტრაქტიც გააფორმა. მას დაევალა კავკასიაში ნავთობის დამუშავებისა და მოპოვების საკითხების კვლევა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნდა. 1922 წელს, მარიამ ყანჩელმა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მოახერხა საფრანგეთში ჩასვლა და ოჯახის გაერთიანება.

მშობლები შვილების აღსაზრდელად არანაირ შრომას არ თაკილობდნენ. მარიამი მოსამსახურედ მუშაობდა მდიდარი პარიზელების ოჯახებში, რათა შვილებს სწავლის საშუალება ჰქონოდათ.

1924 წლის დამლევს პარიზში შეიქმნა ანტისაბჭოთა ორგანიზაცია "თეთრი გიორგი", რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ემიგრაციის ეროვნულ–განმათავისუფლებელ ბრძოლაში. 1928 წელს ორგანიზაციის წევრად მიიწვიეს სვიმონ ციციშვილიც. ამის შემდეგ თითქმის 20 წლის მანძილზე, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო "თეთრი გიორგის" საქმიანობასთან, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს ხსნა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან.

ელენე ციციშვილმა პარიზის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

იგი პატარაობიდანვე ანტისაბჭოთა გარემოში იზრდებოდა და როგორც „თეთრი გიორგის“ წევრი პროპაგანდას უწევდა თავისუფალი საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ელენემ, ემიგრანტ ზალდასტანიშვილთან ერთად, პარიზში ჩამოაყალიბა ახალგაზრდული ნაციონალური დაჯგუფება. თავად ამ დაჯგუფების „მმართველ კომიტეტში“ შედიოდა.

II მსოფლიო ომის დაწყებამ ქართულ ემიგრაციას და "თეთრი გიორგის" ორგანიზაციის წევრებს იმის იმედი ჩაუსახა, რომ მესამე რაიხის გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს განთავისუფლება. ომის დაწყებისთანავე სვიმონ ციციშვილი ბერლინში ჩავიდა და სხვა ემიგრანტებთან ერთად აქტიურად იღწვოდა "ქართული ეროვნული კომიტეტის" ჩამოყალიბებისთვის (1942 წ.).

1943 წელს ელენე ციციშვილმა გაიცნო ბერლინში მიმავალი ემიგრანტი  ირაკლი ლორთქიფანიძე, რომელსაც მამასთან წერილი გაატანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბერლინში თავად ელენე ციციშვილიც ჩავიდა. 1943 წლის ნოემბერში წყვილი დაქორწინდა.

1943 წლის აპრილში ელენე ციციშვილი გიორგი კერესელიძის მიწვევით ჩავიდა ბერლინში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროში, „ფერტრაუენშტელლეში“ დაიწყო მუშაობა რეგისტრატორად. აღნიშნული ორგანიზაცია, რომელსაც გიორგი წერეთელი ხელმძღვანელობდა, ემიგრანტთა აღრიცხვითა და სამხედრო ტყვეების გადაბირებით იყო დაკავებული. ამ პოზიციაზე ელენემ დაახლოებით ხუთი თვე იმუშავა და არაერთ ემიგრანტს გაუმზადა დოკუმენტაცია გერმანელებთან ამა თუ იმ სამსახურში მოსაწყობად. ამას გარდა ელენე ციციშვილი საქმისმწარმოებლად მუშაობდა მიხეილ კედიასთან, რომელიც განყოფილება „სს“-ს ხელმძღვანელობდა. 

ბერლინში ყოფნის დროს ელენე ციციშვილი აქტიურად თანამშრომლობდა „თეთრი გიორგის“ წევრებთან და დადიოდა სამხედრო ტყვეთა იმ ბანაკებში, სადაც ქართველი ქალები და გოგონები იმყოფებოდნენ.

1945 წლიდან სვიმონ ციციშვილმა აქტიურად დაიწყო საუბარი საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე. მისი წინადადებით ქალიშვილმა და სიძემაც დაწერეს განცხადება და თხოვნა შეიტანეს საქართველოში დაბრუნების შესახებ.

1947 წელს ირაკლი ლორთქიფანიძე და ელენე ციციშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან (ნოდარი და დიმიტრი) და მამასთან, სვიმონ ციციშვილთან ერთად სამშობლოში ჩავიდნენ. 

ოთხი წლის მანძილზე ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა. ელენემ თბილისის უცხო ენათა ინსტიტიტში დაიწყო მუშაობა ფრანგული ენის მასწავლებლად. მას პარიზის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. სვიმონ ციციშვილი გეოლოგიურ საქმიანობას დაუბრუნდა, ირაკლი ლორთქიფანიძე კი კვლავ რუსთავში მუშაობდა ავტოტექნიკოსად და კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. 

1951 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა "სუკ"–მა "სამშობლოს ღალატის" ბრალდებით დააპატიმრა სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი და სიძე. სვიმონ ციციშვილს მიესაჯა დახვრეტა, ირაკლი ლორთქიფანიძეს 25 წლით, ხოლი ელენე ციციშვილს 10 წლით გადასახლება. ბოლო მომენტში სვიმონ ციციშვილს განაჩენი ციმბირში გადასახლებით შეუცვალეს, სადაც თითქმის ათი წელი გაატარა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, ქალიშვილთან ერთად. გარდაიცვალა 1973 წელს.

წყარო: 

1. ყიფშიძე, ნინო. ემიგრანტი ცოლქმრის ისტორია // საარქივო მოამბე  / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. - თბილისი, 2017. - N 17. - გვ. 118-130.



 


Share: