The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ტარასი ვაშაკიძე

ტარასი ვაშაკიძე
Date of birth:8 June, 1876
Date of death:26 February, 1937  (at 60 years)
Burial location:ვაკის სასაფლო, თბილისი
Category:Military Person

Biography

ტარასი დავითის-ძე ვაშაკიძე დაიბადა 1876 წლის 8 ივნისს ქუთაისის გუბერნიის სოფელ დიდ გუბში (ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი), გლეხის ოჯახში. მოგვიანებით მისი მშობლები საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდნენ. 1891 წელს ტარასიმ დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი, 1895 წელს კი ტფილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი.

1909 წლიდან ტარასი ვაშაკიძემ დარუბანდის 154-ე ქვეით პოლკში დაიწყო სამსახური. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში (1914-1918), კერძოდ, ცნობილ სარიყამიშის ოპერაციაში (ახლ. თურქეთის ტერიტორია). 1914 წლის 22 დეკემბერს კაპიტანმა ვაშაკიძემ თავისი მოხერხებულობის წყალობით, მხოლოდ ერთი ასეულით დაატყვევა ოსმალთა ჯარის მე-9 კორპუსის სარდალი ისჰაკ-ფაშა თავისი შტაბით, მე-17, 28-ე და 29-ე დივიზიების მეთაურები თავიანთი შტაბებით, 107 ოფიცერი და 2000 ასკერი. ხელთ იგდო 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენები, ტყვია-წამალი და სხვა სახის ნადავლი. სწორედ მაშინ ეწოდა "შაითან-კაპიტანი". ამ ამბავს იგი ასე აგვიწერს 1915 წლის 22 ივლისს პოლკოვნიკ სპირიდონ ესაძისადმი გაგზავნილ წერილში: "1914 წლის 22 დეკემბერს ასეული ათეულებად დავყავი და თურქების ბანაკისკენ დავძარი, ვუბრძანე, სროლა არ აეტეხათ, რათა თურქები ცეცხლის მიხედვით ჩვენს რიცხობრივ სიმცირეს არ მიმხვდარიყვნენ. მე კი მარტო გავემართე მტრის პოზიციებისკენ. როდესაც მათგან ორასიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა, დამტვრეული თურქულით შევძახე: "დაგვნებდით, დაყარეთ იარაღი, თორემ ყველას ამოგხოცავთ". ცოტა ხნის შემდეგ ჩემთან თურქი ოფიცერი მოვიდა და დამტვრეული რუსულით მითხრა: "ბატონო ოფიცერო, ყველაფერი გადაწყვეტილია. კორპუსის მეთაური გთხოვთ, რომ სისხლი არ დაიღვაროს, გნებდებით".
სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ამ იშვიათი პრეცედენტის მქონე ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოჩენილი გმირობისათვის ტარასი ვაშაკიძეს, პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით, მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება (1916). საფრანგეთის პრეზიდენტმა კი უბოძა სამხედრო მედალი - „medaille militaire“ (1915 წლის 31 ივლისი), რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ. ეს ჯოლდო მას  პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ II-ემ გადასცა.

გარდა ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროს სხვა ოპერაციებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარასი ვაშაკიძე დაჯილდოებული იყო: „წმ. გიორგის" ორდენის“ IV ხარისხით (1916 წლის 7 იანვარი); „წმ. სტანისლავის“ ორდენის II (მახვილებით -1915) ხარისხით; „წმ. ანას“ ორდენის II (მახვილებით და ბაფთით-1915) ხარისხით.

1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა. იმავე წლის მარტში ტარასი ვაშაკიძე დარუბანდის 154-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა, მალე პირველი ქართული მსროლელთა პოლკი შეიქმნა და ტარასი უკვე მისი მეთაურის რანგში გვევლინება. მსახურობდა კავკასიის ფრონტზე. 1918 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთის ჯარის დაშლა ყველგან, მათ შორის კავკასიის ფრონტზეც. ამჯერად უკვე ამიერკავკასიის კომისარიატი განაგრძობდა თურქებთან ომს.
1918 წლის 1 აპრილს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. მრავალ სამხედრო პირთან ერთად მათ დაატყვევეს პოლკოვნიკი ვაშაკიძეც. რამდენიმე დღის შემდეგ თურქებმა ტყვეები ხოფას მიმართულებით წაიყვანეს, მაგრამ მალევე, 24 აპრილს, გაანთავისუფლეს.
კინი გეგეჭკორის "მოგონებებიდან": "ტარასი ვაშაკიძე იცნო ერთ-ერთმა მებადრაგემ. ხმლის ქარქაში ზურგში ჩაჰკრა და შეუძახა ისხან ფაშას სიტყვები: "შაითან კაპიტან". გავიარეთ 5-6 კილომეტრი. ცხენოსანი მდევარი დაგვედევნა და უცბად უკან დაგვაბრუნეს. ბათუმში რომ ჩავედით, კომენდანტმა ყველა გაგვათავისუფლა".
1918-1921 წლებში ტარასი ვაშაკიძე მსახურობდა ქართულ ჯარში. გენერალ-მაიორი (1918). იყო 1-ი ქართული დივიზიის მეთაურის თანაშემწე, მეთაურობდა შენაერთებს აფხაზეთსა და სოჭის რეგიონში, სარდლობდა გაგრის ფრონტს, ერთხანს იყო ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი. 1921 წლის თებერვალში, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე გადადგა სამხედრო სამსახურიდან, თუმცა სამშობლო არ დაუტოვებია.

1922-1937 წლებში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში, ბუღალტრად. 1923 წ. დაკავებული იყო ე.წ. «სამხედრო ცენტრის» საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1937 წლიდან იმყოფებოდა პენსიაში წლოვანების გამო. გარდაიცვალა თბილისში 1937 წლის 26 თებერვალს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე. საფლავი დაცულია.

წყარო:

1. ქასრაშვილი, დენის. ლეგენდარული კაპიტანი ტარასი ვაშაკიძე. - თბ., 1997

2. გოგიტიძე, მამუკა. ტარასი დავითის ძე ვაშაკიძე  // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 62-64

3. ჟუჟუნაშვილი, გიორგი. "შაითან კაპიტანი" / გიორგი ჟუჟუნაშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2011. - მაისი. - N5. - გვ.19-24

4. დათუაშვილი, დიდიმ. სარიყამიშის გმირი ტარასი დავითის ძე ვაშაკიძე: (1914-1915 წლების რუსეთ-თურქეთის ომის ისტორიიდან) // საისტორიო მოამბე. - თბ., 1974. - ტ. 29-30. - გვ.515-545

5. სარიყამიშის გმირი : (რუსულიდან) // თეატრი და ცხოვრება. - 1915. - N12. - გვ.8. - ახლავს ფოტო

6. https://www.kvirispalitra.ge/history/7813-qshaithan-kapitaniq.html 

 


Share: