The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივანე კავალერიძე

ივანე კავალერიძე
Date of birth:14 April, 1887
Date of death:3 December, 1978  (at 91 years)
Burial location:ბაიკოვოს მემორიალურ სასაფლაო, კიევი, უკრაინა
Category:Playwright, Sculptor, Filmmaker

Biography

ქართული წარმოშობის უკრაინელი რეჟისორი, დრამატურგი და მოქანდაკე ივანე კავალერიძე დაიბადა 1887 წლის 14 აპრილს უკრაინაში, სოფელ ნოვოპეტროვკაში. მისი წინაპარი, ვასილ კავალერიძე, უკრაინაში კავკასიური ომის დასრულებისას ჩაუყვანია მოსკოველ გენერალ ლადონსკის.

ივანეს მშობლები გლეხები იყვნენ: პეტრე ვასილის ძე კავალერიძე და კილინა ლუკიანეს ასული კუხარენკო. მათი სამი ვაჟიდან ივანე უფროსი იყო. ხელოვნების გზა მხოლოდ მან აირჩია. მისი ძმა, ვლადიმირი, ნიადაგთმცოდნე გახდა, ბორისი-ფინანსისტი. 

ოჯახი პოლტავის გუბერნიაში ცხოვრობდა. 1896 წ. ივანე წავიდა საერობო სკოლაში. ბედის წყალობით, მისი ბიძა, დეიდის მეუღლე, სერგეი მაზარაკი მხატვარი იყო. მან შეამჩნია ბიჭუნას მხატვრობისადმი მიდრეკილება და მისი დაჟინებით ყმაწვილი წაიყვანეს კიევში, კერძო სახელოვნებო გიმნაზიაში.

ივანე კავალერიძემ 1909 წელს დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი (ქანდაკების განხრით); 1909-1910 წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო პარიზში, სკულპტორ არონსონის სახელოსნოში.

1911-1915 წლებში იგი იყო  პ. ტიმანისა და ფ. რეინგარდტის კინოფირმის, „რუსული ოქროს სერიის“ მხატვარ-დეკორატორი; 1911 წელს შექმნა დიდი მთავარის ოლღა რომანოვას ძეგლი, რომელიც დაიდგა კიევის მიხაილის მოედანზე (1919 წელს ქანდაკება დაანგრიეს ბოლშევიკებმა. აღდგენილია 1996 წელს).
1917 წელს, მეფის არმიაში სამსახურის შემდეგ, კავალერიძე  უკრაინაში დაბრუნდა. 1918-1921 წწ. მუშაობდა სახალხო განათლების დრამის თეატრის რეჟისორად; 1924 წლიდან იყო ხარკოვის ქანდაკების სახელოსნოს სამხატვრო ხელმძღვანელი; 1928-1933 წწ. - ოდესის კინოფაბრიკის, 1934-1941 წწ. - კიევის კინოსტუდია "УкраинФильм"-ის რეჟისორი.

კინოში მოღვაწეობა ივანე კავალერიძემ 1920-იან წლებში დაიწყო. მან დოვჟენკოს მხარდამხარ, საეტაპო ფილმები შექმნა უკრაინულ კინემატოგრაფში. მისი საავტორო ფილმები შევიდა კინოისტორიაში, როგორც ავანგარდული ექსპერიმენტები, რომლებიც კინოენისათვის სპეციფიკური პლასტიკური საფუძვლების მორგების მცდელობას წარმოადგენდნენ. ის იყო საკუთარი ფილმების რეჟისორი, სცენარისტიც და მხატვარიც.

კავალერიძე კინოსთვის ირჩევდა ეპიკურ, მონუმენტურ სიუჟეტებს, ასეთებია: „ღვართქაფი“ (1929), „პერეკოპი“ (1930), „შტურმის ღამეები“ (1931), „კოლიივშჩინა“ (1933), „პრომეთე“ (1935);

ივანე კავალერიძემ გადაიღო პირველი უკრაინული ხმოვანი ფილმი "ნატალკა პოლტავკა". ფილმი კომედიაა, მაგრამ ნატალკა არც ერთხელ არ იღიმება. ბედნიერი დასასრულის მიუხედავად მასში არის იმ ხანის ფარული დრამა. ფილმის პირველი ჩვენება კიევში შედგა 1936 წლის ნოემბერში. დეკემბერის თვეში კი პრემიერა გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ფილმი ზედიზედ სამი კვირა დიდი წარმატებით მიდიოდა ნიუ იორკის კინოთეატრ „რუზველტში“.

ხელოვანი რამდენჯერმე იმყოფებოდა ქორწინებაში. 1932 წელს იგი დაქორწინდა ნადეჟდა კაპელგოროდსკაიაზე (მსახიობი და მწერალი. 1904-1984), რომელიც გახდა მისი მეოთხე ცოლი.

1930-იან წლებში ივანე კავალერიძე დისიდენტად შერაცხეს. რეჟისორს ბრალს სდებდნენ სოცრეალიზმის დამახინჯებაში, ბურჟუაზიული წარსულის აღდგენის მცდელობაში, ხალხის მტრებისადმი თანაგრძნობაში. 1936 წლის 18 თებერვალს გაზეთში „პრავდა“ დაიბეჭდა კრიტიკული  წერილი კავალერიძის შემოქმედებაზე - „უხეში სქემა ისტორიული სიმართლის ნაცვლად“.  რიგი მისი ფილმებისა - „კოლიივშჩინა“, „პრომეთე“ - აიკრძალა, ზოგიერთი ქანდაკება განადგურდა; ხელოვანის თანამშრომლები და სტუდენტები რეპრესირებულნი იყვნენ, თავად რეჟისორი საერთაშორისო აღიარების წყალობით გადაურჩა  რეპრესიებს.

შესაძლოა სწორედ კავალერიძის პოპულარობა იყო მიზეზი, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმა ის დაასაქმეს კულტურის განყოფილებაში ოკუპირებულ კიევში. ომის დაწყებისას ის კარპატებში იღებდა ფილმს ოლექსა დოვბუშზე და გერმანელებმა კინაღამ დახვრიტეს როგორც ჯაშუში, მაგრამ შემდეგ ნახეს მისი გვარი ევროპულ კინოლექსიკონში და შესთავაზეს, სათავეში ჩასდგომოდა ადგილობრივი გამგეობის ხელოვნებათა საქმეების კომიტეტს. მის დასახმარებლად ბანაკიდან გამოიხსნეს ცნობილი კინოოპერატორი ვ, ვოიტენკო. მაგრამ ყველაფერს ხელმძღვანელობდნენ ნაციონალისტები, რომელთაც სურდათ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა თუნდაც ჰიტლერელების ფრთისქვეშ.

კავალერიძემ საკუთარი სურვილით დატოვა გამგეობა, მაგრამ მისი ამ ნაბიჯის გამო ომის შემდეგ იგი არაერთხელ გაილანძღა. არა და მისი ვაჟი იგორი და გერი ბორისი დაიღუპნენ ფრონტზე. მისი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ნინა სიკვდილით დასაჯეს ხარკოვში პარტიზანებთან კავშირის გამო.

საბჭოთა ხელისუფლების აღდგენის შემდეგ, ივანე კავალერიძის შემოქმედება აღმოჩნდა ფარული აკრძალვის ქვეშ კიევში და მისი პიესები მხოლოდ სხვა ქალაქებში იდგმებოდა. რეჟისორს აუკრძალეს ახალგაზრდობასთან მუშაობა და ურჩიეს კინოოპერების დადგმა. მას ეკუთვნის უკრაინის კინემატოგრაფში პირველი კინოფილმ-ოპერები. ივანე კავლარეძემ ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა მსახიობების გამოსახულებაზე პროფესიული საოპერო მომღერლების ხმის დადების ხერხი, ამ ხერხით შემდეგ მთელ მსოფლიოში მრავალი ფილმი-ოპერა შეიქმნა.

1944-1948 წლებში კავალერიძე იყო უსსრ-ს არქიტექტურის აკადემიის მონუმენტური არქიტექტურის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1957-1962 წწ.- ალ. დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის რეჟისორი; 1958 წელს გამოვიდა მისი ფილმი "გრიგორი სკოვოროდა", სამი წლის შემდეგ კი "მოსეირნე" („Гулящая“).

"იუნესკომ" ივანე კავალერიძეს „უკრაინელი მიქელანჯელო“ უწოდა. მისი ნამუშევრები დგას უკრაინის ბევრ ქალაქში. ზოგი მათგანი სხვადასხვა მიზეზის გამო დაანგრიეს. ზოგი მათგანი შემდგომში აღადგინეს. მის სკულპტურულ ნამუშევრებთა შორისაა: ტარას შევჩენკოს ქანდაკებები რომნისა და პოლტავაში; გრიგორი სკოვოროდას ქანდაკება კიევში, ლოხვიცში, ხარკოვში; არტემის ქანდაკება არტიომოვსკსა და სვიატოგორსკში; სკულპტორის პროექტის მიხედვით დამოუკიდებელ უკრაინაში დაიდგა იაროსლავ ბრძენის ქანდაკება, უკვე ავტორის სიკვდილის შემდეგ. 

კავალერიძეს სკულპტურებიც დისიდენტური ჰქონდა – დიდი ოლიმპიელის პოზაში მდგომი ქვაში გამოკვეთილი შევჩენკო ერის თავისუფლებისკენ მიდრეკილ ოცნებებს განასახიერებდა; კუბისტურ სტილში გადაჭრილი, რევოლუციონერ არტემის 30–მეტრიანი ქანდაკება სვიატოგორსკში მთელი მისი იდეოლოგიის „ოთხკუთხედურ“ არსს გულისხმობდა ხალხზე ემოციური ზემოქმედებისათვის, იმ ხალხზე, რომელზედაც ამ რევოლუციონერს  ნათქვამი ჰქონდა: „როცა ვუყურებ არაორგანიზებულ მასებს, ხელი თავისთავად იწევს პისტოლეტისკენ“. თვით 90 წლის კავალერიძის მიერ შექმნილ სკოვოროდას ქანდაკებას, პარტიულმა ცენზორებმა შიშველ ფეხებზე რუსული ლაპტები წამოაცვეს და ხელიდან  ბიბლია გამოაცალეს. ხელოვანი ამბობდა: «Мне Бог дал крылатого коня. Падать — так с коня хорошего… („მე ღმერთმა მომცა ფრთიანი რაში. თუ ჩამოვარდნა მიწერია – კარგი ცხენიდან სჯობს...“).

1969 წელს ივანე კავალერიძეს მიანიჭეს უკრაინის სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება, 78 წლისამ მან თავის თავში აღმოაჩინა პროზაიკოსი და სამოციან წლებში დაწერა "ვოტანის ხმალი", "პერეკოპი", "გრიგორი და პარასკევა", "პირველი ხნული".

ხელოვანის თამამ ავანგარდისტულ ნაწარმოებებს - "წეროები მიფრინავენ", "ბუნტი", ციმბირის მაღაროების სიღრმეში", "რომ გცოდნოდათ, პანიჩებო" - საბჭოთა წლებში არ უშვებდნენ მუზეუმებში, თვლიდნენ რომ ასეთი ხელოვნება გაუგებარია საბჭოთა ადამიანისთვის.

ქანდაკება "წეროები მიფრინავენ" სკულპტორის ტრაგიკული მსოფლგანცდის მწვერვალად იქცა. მასში დარდი კი არა, არნახული სასოწარკვეთილებაა. ძლივს დგას ყავარჯენზე დაყრდნობილი დასახიჩრებული კაცი, ხელ-ფეხი მოკრუნჩხულია, ნახევარი თავი მოგლეჯილი, მაგრამ გასულიერებული სახე მაინც მიიწევს ცისკენ, სადაც მიფრინავენ წეროები. სწორედ ასეთი გამომეტყველება ჰქონდა მოქანდაკეს როდესაც მას ასაფლავებდნენ.

ივანე პეტრეს ძე კავალერიძე გარდაიცვალა 1978 წლის 3 დეკემბერს. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვოს მემორიალურ სასაფლაოზე. ოთხი შვილიდან დარჩნენ მხოლოდ უფროსი ქალიშვილი ევგენია და უმცროსი -   ელენა.
1987 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით აღინიშნა ხელოვანის დაბადების 100 წლისთავი. ივან კავალერიძის დაბადების 125 წლისთვზე კიევის ერთ-ერთ ქუჩას დაარქვეს მისი სახელი. კიევში არის ივანე კავალერიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 230

2. www.georoyal.ge/?id=447 

3. givargi.blogspot.com/2013/02/blog-post_13.html

4. https://ru.wikipedia.org/.../Кавалеридзе,_Иван_Петрови..

 


Share: