The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იონა გედევანიშვილი

Date of birth:1737
Date of death:1821  (at 84 years)
Burial location:პოკროვის მონასტერი, მოსკოვი, რუსეთი
Category:Religious leader

Biography

XVIII საუკუნის ქართველ მოგზაურთა შორის თვალსაჩინო ადგილი უკავია იონა გედევანიშვილს. დაიბადა 1737 წელს „კათოლიკოზის სარდლის გაბრიელის ოჯახში“ აღიზარდა კათალიკოსის კარზე. 16 წლის ასაკაში  იეროდიაკონად აკურთხეს. 1754 წელს ქართლიდან განდევნილ ანტონ I კათალიკოსს გაჰყვა რუსეთში. სანამ ანტონი განაგებდა ვლადიმირისა და იეროპოლის ეპარქიას, იონაც მასთან ცხოვრობდა. 1763 წელს კი კათალიკოსთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. იონას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტობა უბოძეს, 1775 წელს კი რუისის მიტროპოლიტი გახდა. 1780 წელს, როგორც ანტონ კათალიკოსის მიმდევარს, ერეკლე მეფემ აყარა უფლებები და გარეჯის უდაბნოში გაგზავნა. გარეჯიდან იონა ჩუმად გადავიდა იმერეთში, მაგრამ აქ იგი არ შეიწყნარეს და უკან დააბრუნეს თბილისში. ერთხანს ქაშვეთის ეკლესიასთან მიუჩინეს ბინა, მაგრამ იონა აქედან ახალციხის ფაშასთან გაიპარა, რომელმაც კონსტანტინოპოლისკენ გაამგზავრა. იონას მოგზაურობის მიზანს შეადგენდა ანტიოქიის პატრიარქისგან შეწყნარების მიღება და ჯავახეთის ანუ ახალციხის ეპისკოპოსად კურთხევა.

იონა გედევანიშვილის მოგზაურობა 1782 წელს დაიწყო და 10 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მოგზაურობის დროს მიიღო შეწყნარება და დაიბრუნა თავის სამღვდელო წოდება კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიაქტთაგან. ქართველმა მოგზაურმა განვლო მესხეთი, გადალახა „შავშეთის მთა“ (იგულისხმება არსიანის ქედი). შემდეგ არტანუჯზე, ართვინზე გავლით და ჭანეთის მთის გადალახვით მიაღწია შავი ზღვის ნაპირზე მდებარე ქ. ხოფას და აქედან საზღვაო მარშრუტით გაემგზავრა კონსტანტინეპოლს. შემდეგ ეწვია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის კუნძულებს და მის ირგვლივ მდებარე აფრიკის, ევროპის და აზიის სანაპიროებზე არსებულ მთელ რიგ ქალაქებს, მონასტრებსა და ასე შემდეგ. მან ინახულა კუნძულები ლემნოსი („ლიმნა“). ტენედოსი („ბოხჩა ადა“), მიტილენა („მიდილინი“), „მოსკონი“, ხიოსი („საყიზი“),  როდოსი და სხვ. ეწვია ევროპის, აფრიკისა და აზიის მთელ რიგ ქალაქებს. ჯერ კიდევ კუნძულ ხიოსზე ყოფნისას იონა გედევანიშვილმა გაიგო რუსეთ–თურქეთის ომიანობისა და საქართველოს მიერ რუსეთის მხარდაჭერის ამბავი, ამიტომ სამსობლოში დაბრუნება არა თურქეთზე გავლით, არამედ ევროპის გზით გადაწყვიტა. ქალაქ ტრიესტიდან მოგზაურო მივიდა ვენაში, იქიდან მორავიის, პოლონეთის,მოლდავეთის გავლით ქ. იასში, რომლის მიდამოებშიც რამდენიმე წლის განმავლობაში განაგებდა პანკრატის მონასტერს მდინარე ბისტრიცას ნაპირზე. ამის შემდეგ იონა რუსეთში ჩავიდა. პოტიომკინთან შეხვედრის შემდეგ ეკეატერინე II 1792 წლის ბრძნებით დაენიშნა პენსია წელიწადში 600 მანეთის რაოდენობით და საცხოვრებლად მიეჩინა ქალაქი კიევი. კიევში არქიეპისკოპოსის წოდებით ოცხოვრეა 3 წელი. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, 1799 მოსკოვში ცხოვრობის ნებართვა ითხოვა და გადასახლდა კიდეც.

იონა გედევანიშვილმა აღწერა და დაგვიტოვა მოგზაურობის შთაბეჭდილებანი „პუტეშესტვიე, ესე იგი მიმოსვლა ანუ მგზავრობა, ქმნილი გედეონოვ სარდალ გაბრიელის ძის იონა მიტროპოლიტისაგან“, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიოგრაფიული წყაროა. აღსანიშნავია, რომ ეს მოგზაურობა თავისი არეალითა და ხანგრძლივობით ბევრად აღემატება ტიმოთე გაბაშვილისა და გიორგი ავალიშვილის ასეთივე ხასიათის მოგზაურობებს. პლატონ იოსელიანმა 1852 წელს იონა გედევანიშვილის ნაშრომი  გამოსცა სათაურით: „მიმოსვლა ანუ მგზავრობა თფილისით კონსტანტინეპოლედ“.

იონა გედევანიშვილი 1821 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვში, ჩუდოვის მონასტერში და დაკრძალეს პოკროვის მონასტერში.

წყარო:

1. ხარაძე, კობა. ათი წელი მოგზაურობაში // XVII-XIX საუკუნეების ქართველი მოგზაურები / კობა ხარაძე. - თბილისი, 1987. - გვ.25-32.

2. მარუაშვილი, ლევან. შესანიშნავი ქართველო მოგზაურები: იონა გედევანიშვილი და რაფიელ დანიბეგაშვილი // XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფები და მოგზაურები / ლევან მარუაშვილი. - თბილისი, 1954. - გვ.26-32.

 


Share: