The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი სააკაძე

Date of birth:169?
Date of death:178?
Category:Poet

Biography

დიმიტრი ვასილის ძე სააკაძე ვახტანგ VI მხლებლთა მოსკოვის ქართული კოლონიის წევრია. დაბადებული უნდა იყოს XVII საუკუნის ბოლო წლებში ქართლის სოფელ ბობნავში. გორის მახლობლად, ტანას ხეობაში მდებარე ეს სოფელი, რომელსაც პოეტი ორჯერ მოიხსენიებს თავის ლექსებში, სააკაძეთა საგვარეულო სამფლობელო ყოფილა, მეცნიერთა მოსაზრებით დიმიტრი სააკაძე გიორგი სააკაძის შთამომავალი იყო.

დიმიტრი სააკაძის რუსეთში გამგზავრების თარიღის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი მოსაზრებით 1724 წელს გაჰყვა რუსეთში დიპლომატიური მისიით წასულ ვახტანგ VI. მეორე მოსაზრებით, მოგვიანებით 1734 წელს ჩავიდა მოსკოვში. მოსკოველ ქართველებს დიმიტრი სააკაძე კარგად მიუღიათ, მას მეგობრული კავშირი დაუმყარებია ვახტანგ მეექვის ძის გიორგი ბატონიშვილის ოჯახთან, დავით გურამიშვილთან, მამუკა ბარათაშვილთან, დიმიტრი ბაგრატიონთან და სხვა.

დიმიტრი სააკაძეს მოსკოვში ხელი მოუკიდნია ლიტერატურული საქმიანობისა და რუსულიდან თარგმნილი წიგნების გადაწერისათვის. მოღწეულია მისი ხელით გადაწერილი სამი ნათრაგმნი თხზულება. დიმიტრი ბაგრატიონის თხოვნით გადაუწერია „ვეფხისტყაოსანიც“. ხელნაწერებიდან ჩანს რომ დიმიტრი სააკაძე კარგი კალიგრაფი ყოფილა.

დიმიტრი სააკაძის ლექსები შემონახულია აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელების საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების განყოფილების S 303 ხელნაწერში, რომელიც გიორგი ავალიშვილის მიერ შედგენილი ანთოლოგიაა.

დიმიტრი სააკაძის ლექსები ფორმით თავისებურია, მათი უმრავლესობა ავტორის მიერ ახლობელი ადამიანებისათვის გაგზავნილ პოეტურ ბარათებს წარმოადგენს. ამ ლექს–ბარათების დაწერის უმთავრეს საფუძვლად ესა თუ ის კონკრეტული ამბავია ქცეული. შესაბამისად მათში გამოხატული ავტორისეული გრძნობები და ემოციები უპირველეს ყოვლისა ამ ფაქტებითა და მოვლენებით არიან განპირობებულნი, რომლებიც მათი შექმნის განმსაზრვრელი ფაქტორები გახდნენ. ყოველივე ზემოთქმულის გამო, დიმიტრი სააკაძის ლექსებში ფრაგმენტული სახითაა წარმოჩენილი როგორც თავად პოეტის ცხოვრების ცალკეული ეპიზოდები, ისე რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ყოფის საინტერესო მომენტები.  დიმიტრი სააკაძის ლექსთა უმრავლესობა 16-მარცვლიანი შაირითაა შესრულებული.

სავარუდოდ დიმიტრი სააკაძეს მოსკოვში ჰყოლია ოჯახი - მეუღლე და ქალ–ვაჟი (დავითი და ელისაბედი). სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა მოსკოვში – ჯერ პრესნასა და შემდეგ ვსესვიატკოეში. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული XVIII საუკუნის 80-იან წლებში.

წყარო:

1. ბრეგაძე, დავით. დიმიტრი ვასილის ძე სააკაძე // ქართველი მწერლები რუსეთში : წ. 1 / დავით ბრეგაძე. - თბილისი, 1958. - გვ. 256-274.

2. დარჩია, ბორის. სტატიები "ქართული ლიტერატურის ისტორიის" მრავალტომეულისათვის : XVII, XVIII საუკუნეთა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართული ემიგრანტული მწერლობის საკითხები / ბორის დარჩია // ფილოლოგიური ძიებანი : ტ. 1 / ბ. დარჩია. - თბილისი, 2013. - გვ.117-149.

3. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. დიმიტრი სააკაძე // ქართული ემიგრანტული მწერლობა / ავთანდილ ნიკოლეიშვილი. - ქუთაისი, 2006. - ISBN 99928-79-95-5. - გვ. 150-167.

4. მახათაძე, ნინო. დიმიტრი სააკაძე // "უწყებაი" და "ჰსენებაი" / ნინო მახათაძე. - თბილისი, 1996. - ISBN 5-520-11126-5. - გვ. 61-78.


Share: