The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ავალიშვილი

Date of birth:1768
Date of death:1850  (at 82 years)
Burial location:ვსესვიატკოეს ქართული ეკლესია, მოსკოვი, რუსეთი
Category:Poet

Biography

პოეტი, მთარგმნელი, ბიბლიოგრაფი, კალიგრაფისტი, კოლექციონერი, მოგზაური და სახელმწიფო მოღვაწე გიორგი ავალიშვილი 1768 წელს დაიბადა. მამამისი – იოანე ერეკლე II-თან დაახლოებული პირი იყო, თანამდებობით მეითარი (მეფის მუდმივი მხლებელი). გიორგი ავალიშვილის აღზრდისა და განსწავლის საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებით გაიოზ რექტორსა და გარსევან ჭავჭავაძეს.

1784 წელს, რუსეთ–საქართველოს შორის წინა წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც გიორგი ავალიშვილის დის მეუღლე იყო, ერეკელ II-ემ პეტერბურგში მინისტრ–რეზიდენტად დანიშნა. რუსეთში გამწესებულმა გარსევანმა 15 წლის გიორგიც თან წაიყვანა და სულ მალე ქართლ–კახეთის საელჩოს მდივნობა უბოძა. პეტერბურგში გიორგი აქტიურად შეუდგა უცხო ენების შესწავლას. ფლობდა რუსულ, ფრანგულ, სომხურ და თურქეულ ენებს. 1787 წელს გარსევან ჭავჭავაძის ოჯახთან ერთად პეტერბურგიდან მოსკოვში გადავიდა. 1788 წელს საქართველში ჩამოვიდა, სადაც 1794 წლამდე დარჩა და ერეკლე II–ის კარზე მდივნისა და ბაზიერთუხუცესის მოვალეობას ასრულებდა. ამ პერიოდში თბილისში დაარსა სცენისმოყვარეთა დასი, რითაც ქართული თეატრის დაფუძნებას დაუდო სათავე. თეატრისათვის რეპერტუარის შექმნის მიზნით დაუწერია ორიგინალური პიესა „მეფე თეიმურაზი“ და უთარგმნია რუსი დრამატურგის ა. სუმაროკოვის კომედოები. ხსენებულმა თეატრმა 175 წლამდე, აღა-მაჰმად–ხანის შემოსევამდე იარსება და მისი აღდგენა მხოლოდ 1850 წელს გახდა შესაძლებელი.

1794-1801 წლებში დიპლომატიურ–სახელმწიფოებრივი საქმეების მოსაგვარებლად გიორგი ავალიშვილს გარსევან ჭავჭავაძესთან ერთად რამდენჯერმე მოუწია რუსეთში გამგზავრება, თუმცა ქართველმა დიპლომატების ყოველი მცდელობა ქართლ–კახეთის სამეფოში შეზღუდული ავტონომიური უფლებები შენარჩუნებულიყო კრახით დასრულდა. მათ მდგომარეობას ართულებდა ისიც რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საქმეში მთავარ დამნაშავეებად ქართველი საზოგადოება დიპლომატებს მიიჩნევდა. დიდ ნდობას მათ არც  რუსეთის მეფის მთავრობა უცხადებდა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ცხოვრების უდიდესი ნაწილი გიორგი ავალიშვილმა რუსეთში გაატარა. 1803-1818 წლებში იგი მოსკოვსა და პეტერბურგში ცხოვრობდა. დიპლომატიურ საქმიანობას ჩამოშორებული მწერალი ამ პერიოდში აქტიურ და ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწოდა. გიორგი ავალიშვილისადმი რუსეთის ხელისუფლების არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება იმითაც გამოიხატა, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად მან სახელმწიფო უწყებაში სამსახურის დაწყება ვერ მოახერხა. ეკონომიკური ხელმოკლეობით შეწუხებულ მწერალს იმხნად პეტერბურგში მცხოვრებ სამეგრელოს მთავრის – გრიგოლ დადიანის ქვრივთან – ნინოსთან დაუწყია მუშაობა „პრისტავად“ და თარჯიმნად.

1818 წელს გიორგი ავალიშვილმა საქართველოში ჩამოსვლის უფლება მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულმა კავკასიის მთავარმართებელ ა. ერმოლოვს მიმართა თხოვნით მისთვის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ნებართვის მიცემის შესახებ. 1919 წელს ნებართვა მიიღო და 1819 წლის 6 ივლისიდან 1920 წლის 13 ივისამდე თურქეთში, საბერძნეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში იმოგზაურა. მოგზაურობისას მიღებული საინტერესო შთაბეჭდილებები მწერალმა დღიურების სახით მოგვითხრო თავის მოგზაურული ხასიათის წიგნში „მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე“.

სამშობლოში დაბრუნებულმა გიორგი ავალიშვილმა ითხოვა, რომ ისევ მიეცათ საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება, ანდა ნება დაერთოთ ეცხოვრა საქართველოში. სამწუხაროდ, ამჯერად მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს, რის გამოც 1821 წლიდან იძულებული გახდა რუსეთში გადასულიყო საცხოვრებლად. ამ დროიდან მოყოლებული გიორგი ავალიშვილმა რამდენჯერმე სცადა სამშობლოში ცხოვრების ნებართვის მიღება, მაგრამ უშედეგოდ. სამშობლოდან გაძევებული მწერალი საბოლოოდ მოსკოვში დამკვიდრდა და ცხოვრების დარჩენილი ნაწილი შექმოქმედებით საქმიანობაში გაატარა. 1822 წელს მან ცოლად შეირთო ცნობილი ემიგრანტი პოეტის დიმიტრი ბაგრატიონის ასული ელისაბედი. გიორგი ავალიშვილი 1850 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია მოსკოვში ვსესვიატკოეს ქართულ ეკლესიაში.

გიორგი ავალიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან ყველაზე მეტად ფასეულ და მნიშვნელოვნ ნაწარმოებს „მგზავრობა თბილისადან იერუსალიმამდე“ წარმოადგენს (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკველევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ელ. მეტრეველმა, 1967 წ.). ნაწარმოების ცხოველმყოფელობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ იგი დღიურების სახითაა დაწერილი. რაც შეეხება  გიორგი ავალიშვილის ლირიკულ პოეზიას, აქ  პოეტის ანტირუსული სულისკევთება ალეგიურიული ფორმითაა გამოხატული.

წყარო:

1. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. გიორგი ავალიშვილი // ქართული ემიგრანტული მწერლობა / ავთანდილ ნიკოლეიშვილი. - თბილისი, 2006. - გვ. 201-229.


Share: