The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


აბელ მაყაშვილი

აბელ მაყაშვილი
Other name:ბალო  (Acronym)
Date of birth:6 June, 1860
Date of death:14 June, 1920  (at 60 years)
Category:Military Person

Biography

აბელ (ბალო) გაბრიელის ძე მაყაშვილი დაიბადა 1860 წლის 6 ივნისს კახეთის სოფელ იყალთოში, ოფიცრის ოჯახში. ბალომ საფუძვლიანი სამხედრო განათლება მიიღო. თავდაპირველად უფროსი ძმის, ვლადიმერის კვალს გაჰყვა და თბილისის კადეტთა კორპუსში შევიდა. შემდეგ სწავლა რუსეთში გააგრძელა. დაამთავრა ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზია (1877 წ.), ყაზანის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (1880 წ.) და ოფიცერ მსროლელთა სკოლა.

17 წლის ასაკიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე ბალო მაყაშვილი ჯარისკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი 1877 წლიდან ჩადგა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. ახალგაზრდა ოფიცერი ჯერ ახალციხეში მდგარ თენგინის პოლკში მსახურობდა, 1880 წლიდან კი იმყოფებოდა 164-ე ზაქათალას ქვეით პოლკში, მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს. აბელ მაყაშვილის სამხედრო კარიერა ფრიად წარმატებული აღმოჩნდა: პრაპორშიკი (30.11.1880), პოდპორუჩიკი (17.12.1881), პორუჩიკი (24.08.1886), შტაბს-კაპიტანი (15.03.1890), კაპიტანი (15.03.1895), პოდპოლკოვნიკი (26.02. 1905).

1909 -1914 წლებში ბალო მაყაშვილი პოდპოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა 185-ე ბაშკადიკლარის სარეზერვო ბატალიონის მეთაურის თანაშემწედ, შემდეგ მეთაურად; 1910 წლიდან ბაშკადიკლარის ქვეითთა პოლკს ხელმძღვანელობდა; 1910 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1914 წლის 25 ივნისს დაინიშნა გორის 202-ე ქვეითი პოლკის მეთაურის დროებით მოვალეობის შემსრულებლად; 1914-1917 წლებში მსახურობდა მე-16 (სამეგრელოს) გრენადერთა პოლკის სარდლად. 1916 წლის 18 იანვრიდან გენერალ-მაიორია. 1917 წლის 26 აპრილიდან მეთაურობდა კავკასიის გრენადერთა დივიზიის 1-ლ ბრიგადას.

მხედრული ცხოვრების დიდი ნაწილი ოფიცერმა მაყაშვილმა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში გაატარა. თავი გამოიჩინა იაპონელებთან ომის დროს, ხოლო პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1918) თავის პოლკთან ერთად დასავლეთის ფრონტზე  მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და მისი სიმამაცე და გამჭრიახობა არაერთხელ გახდა მსჯელობის საგანი. გაზეთ «Русское слово»-ს ყოველკვირეულ დანამატში, ილუსტრირებულ მხატვრულ-ლიტერატურულ ჟურნალ «Искры»-ს 1916 წლის 13 ნოემბრის №44-ში, ვკითხულობთ:  «Князь Макаев командир одной из доблестных наших дивизий. Князь постоянно живет в окопах среди своих солдат, разделяя с ними все тяжести окопной жизни. В его руках всегда папка, с которой он никогда не расстается, и при помощи которой он совершает свои обходы окопов. Он известен своей беззаветной храбростью и популярностью среди солдат, которые не называют его иначе, как «наш окопный генерал».

ბალო მაყაშვილის საბრძოლო დამსახურება არაერთხელ აღინიშნა ორდენებით: 1899 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის; 1906 - წმინდა ანას II ხარისხის; 1910 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის და ამავე წელს - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის (მახვილებით); 1917 - წმინდა სტანისლავის ორდენის I-ი ხარისხის (მახვილებით); სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო გიორგის ოქროს იარაღით (1917 წლის 4 მარტი)) და სხვ.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გენერალი მაყაშვილი თადარიგში გავიდა და ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 – 1919 წლებში ირიცხებოდა ქართულ ჯარში, იყო ახალციხის გენერალ-გუბერნატორი და ტფილისის სამხედრო კომენდანტი.

ბალო მაყაშვილმა თავი გამოიჩინა თურქთა ჯარებისა და სერვერ-ბეგ ქობლიანელის რაზმების წინააღმდეგ ბრძოლებში, აგრეთვე, საქართველო-სომხეთის ომის დროს (1918 წ. დეკემბერი). იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ამ მხარის არამარტო ქართველთა, არამედ სხვა ეროვნების მოსახლეობაშიც.

1919-1920 წლებში გენერალ-მაიორი მაყაშვილი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით  მსახურობდა აზერბაიჯანის ჯარში. სამხედრო მინისტრის, არტილერიის გენერალ სამედ-ბეი მეხმანდაროვის ბრძანებით მიღებულ იქნა სამხედრო სამსახურში და დაინიშნა ჯერ 1-ი ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ (ხანკენდის გარნიზონის უფროსის მოვალეობის უფლებების შესრულებით), ხოლო მოგვიანებით მე-2 ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ. 1920 წლის მარტში იგი სათავეში ჩაუდგა განჯის სამხედრო სკოლას და დაინიშნა განჯის გამაგრებული რაიონის უფროსად.

აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, ბალო მაყაშვილი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს, საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა დააბრალეს  და 1920 წლის 14 ივნისს „ჩეკას“ დადგენილებით სიკვდილით დასაჯეს. თავდაპირველად ითქვა, რომ დახვრიტეს, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მას ხელ-ფეხი შეუკრეს და გადააგდეს კასპიის ზღვაში. დღეს მისი საფლავიც კი არ გვაქვს.

სამშობლო მხარეს წლობით მოშორებულმა გენერალმა მაყაშვილმა შეძლო მშობლიური ენის, ტრადიციების, ხასიათისა და სულის შენარჩუნება. ამ სულისკვეთებით აღზარდა მან თავისი  შვილებიც - გაბრიელი და ნიკოლოზი. ისინიც სამხედროები იყვნენ და ქართულ ჯარში იბრძოდნენ.

გენერლის დაღუპვიდან სულ ორიოდე კვირაში, 1920 წლის 13 აგვისტოს, თბილისთან ახლოს, სამხედრო თვითმფრინავის საწვრთნელი ვარჯიშის დროს დაიღუპა ბალო მაყაშვილის უფროსი ვაჟი, ქართული სამხედრო საავიაციო გუნდის უფროსი, მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი.

საშუალო განათლება ნიკოლოზ მაყაშვილმა ციმბირის კადეტთა კორპუსში მიიღო, შემდეგ წარმატებით დაამთავრა პავლოვის სამხედრო სასწავლებელი და სამსახური დაიწყო პოლონეთში ქალაქ ალიტში მდგარ სამხედრო ნაწილის არტილერიაში. შემდგომში სევასტოპოლის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი დაამთავრა და როგორც საუკეთესო მფრინავი იქვე დატოვეს სწავლების ინსტრუქტორად, ხოლო რამდენიმე თვეში  ამავე სკოლის უფროსად დანიშნეს.

საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდა მფრინავი 1918 წლის ნოემბრიდან, ჯერ სამხედრო სკოლის ავიაციის უფროსი გახდა, შემდეგ კი, 30 წლის ასაკში,  რესპუბლიკის ავიაციის ხელმძღვანელობაც ანდეს.

დამოუკიდებელი საქართველოს პრესა მწუხარებით გამოეხმაურა მამა-შვილის დაღუპვას. დაიბეჭდა ნეკროლოგები და მათი მოღვაწეობის ამსახველი გამოსათხოვარი  წერილები.  

წყარო:

1. საითიძე, გიორგი. სამშობლოს ჯარისკაცი : გენერალი აბელ (ბალო) მაყაშვილი. - თბ., 2008 

2. ივანიძე, გიორგი. გენერალი აბელ (ბალო) მაყაშვილი // ბრძოლა მესხეთისათვის (1917-1921 წლები) : შალვა მაღლაკელიძის, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მლგონებების მიხედვით / გიორგი ივანიძე, მანანა ივანიძე. - თბ., 2008. - გვ.32-39.

3. გოგიტიძემამუკა. აბელ (ბალო)  გაბრიელის ძე მაყაშვილი   // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. -გვ. 74.

4. https://ka.wikipedia.org/wiki/აბელ_მაყაშვილი

5. თბილისი : ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ. 647.

 

 

 

 

 

 

 

   
   
   
   

 

 



 


Share: