The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სალომე ლევერაშვილი

სალომე ლევერაშვილი
Date of birth:1997  (27 years)
Category:Dancer

Biography

სალომე ლევერაშვილი დაიბადა 1997 წელს, თბილისში. 2016 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა ჰოლანდიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდულ დასში.

ცეკვით სალომე პატარაობიდანვე დაინტერესდა. როგორც თავად იგონებს სათამაშოებით ნაკლებად ერთობოდა. საკუთარი ფანტაზიით ქმნიდა სპექტაკლებს, ასევე, საცეკვაო მოთხრობებს პრინცებზე და პრინცესებზე და სახლში მოწყობილ პატარა თეატრში დაუღალავად ცეკვავდა მშობლებისა და ბებია-ბაბუის წინაშე.

სალომეს დედა ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებელი იყო, მამა - ტანმოვარჯიშე. პლასტიურობა და ცეკვის სიყვარულიც ალბათ მათგან გამოჰყვა. თავიდან სალომეც ქართულ ცეკვაზე შეიყვანეს, მაგრამ შემდეგ ბალეტის სიყვარულმა გადასძლია და საბალეტო სკოლაში დაიწყო სწავლა. მადლიერებით იგონებს პედაგოგებს, რომლებიც სასწავლებელში გვერდში ედგნენ მთელი ათი წლის განმავლობაში: ქეთევან მუხაშავრიას, მაია ზურაშვილს, მარგარიტა ზერცალოვასა და სხვებს, განსაკუთრებით კი გამოყოფს ლარისა ჩხიკვიშვილს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მის ბალერინად ჩამოყალიბებასა და საერთოდ ცხოვრებაში.

საბალეტო სასწავლებლის დამამთავრებელ წელს, 2016 წლის აპრილში, ლატვიის დედაქალაქში გაიმართა XII საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსი -  „რიგის გაზაფხული 2016“.  საქართველოს გარდა, კონკურსში მონაწილეობდნენ ევროპის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ვიეტნამის, აშშ-ის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. სალომე ლევერაშვილი „ვარიაციის“ კატეგორიაში“ ოქროს მედლის, გრან-პრისა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. კონკურსზე ბალერინამ პუნის ბალეტიდან "ესმერალდა" ესმერალდას ვარიაცია იცეკვა.

ამსტერდამის საბალეტო თეატრის ახალგაზრდულ დასში მუშაობის პირველ წელს სალომემ 70-მდე სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ხშირად დადიოდა გასტროლებზე ჰოლანდიის გარშემო. თავი გამოსცადა არა მხოლოდ კლასიკაში, ცეკვავდა მოდერნს, ნეო კლასიკას..., ინდივიდუალურად მუშაობდა ქორეოგრაფებთან. თავდაუზოგავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და დღეს სალომე ლევერაშვილი ამსტერდამის ნაციონალური ბალეტის მთავარი დასის წამყვანი ბალერინაა, თანამშრომლობს თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფებთან, ცეკვავს ბალეტებში: „ბაიადერა“, „კოპელია“, „მძინარე მზეთუნახავი“, „დონ კიხოტი“, „მატა ჰარი“, „ტრისტანი და იზოლდა“ და სხვა.
წყარო:

1. https://goga.tv/127439-vin-aris-qartveli-balerina-romelic-holandieli-mayureblis-guls-i... 

2. https://sputnik-georgia.com/culture/20160425/231318131.html

3. დარჩია ქეთი. ბალეტის სამყაროს ახალი ვარსკვლავი // ბომონდი. – 2018. - #8. - აგვისტო. - გვ. 54-63.


Share: