The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჯორჯ არისონი

ჯორჯ არისონი
Legal name:ირაკლი არეშიძე
Date of birth:1977  (47 years)
Category:Businessmen

Biography

ჯორჯ არისონი, იგივე ირაკლი არეშიძე, სან ფრანცისკოში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მეწარმე და სტარტაპერია. მან 2014 წელს  დააარსა კომპანია Shift Technologies და 4 წელიწადში  $275,000,000-ზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. Shift-ი გაყიდვების ონლაინ პლატფორმაა მეორადი მანქანებისთვის. Shift-მდე, 2007 წელს, არისონი Taxi Magic-ის თანადამფუძნებელი გახდა ბობი რასელთან ერთად. კომპანია დღეს Curb-ის სახელით არის ცნობილი და რამდენიმე შტატში აქტიურადაც იყენებენ. Curb-ი ტაქსის სერვისის ონლაინ აპლიკაციაა, რომელიც ჯერ კიდევ Uber-მდე შეიქმნა.

ირაკლი არეშიძე 1977 წელს, თბილისში დაიბადა. 14 წლის იყო როცა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ამერიკაში წასვლა მამის დაჟინებამ განსაზღვრა. მან ორი წლის ასაკში დააწყებინა შვილს ინგლისურის სწავლა, იმდენად დარწმუნებული იყო ირაკლის ამერიკულ მომავალში: „მამაჩემი ცოტა გადარეული იყო. 70-80-იან წლებში ამბობდა, რომ მისი შვილები ამერიკაში იცხოვრებდნენ. აშშ-ში 1992 წელს წავედი და სულ ვფიქრობდი, რომ 10-15 წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდებოდი“, - იგონებს ირაკლი.

ამერიკაში ირაკლი არეშიძემ დაამთავრა კერძო საშუალო სკოლა, 2000 წელს კი კოლეჯი ( Middlebury College  in Vermont), სადაც სწავლობდა პოლიტოლოგ მიურეი დრაის ხელმძღვანელობით. კოლეჯის შემდეგ მან ოთხი წელი იმუშავა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე: პირველ რიგში, როგორც მეცნიერმა და კვლევითი ცენტრის მკვლევარმა – ვაშინგტონში და მეორე მხრივ კი, როგორც ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლმა, აქ, საქართველოში.

ქართული ოფისის გუნდი დღეს 70 თანამშრომლისგან შედგება. ვიდრე შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა მოხდებოდა, 120 ადამიანს ასაქმებდა და, როგორც ამბობს, Shift-ის წარმატებისთვის მათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს. ირაკლი სამშობლოსთან ამ ფორმით კავშირის გაწყვეტას არც კი განიხილავს, მით უმეტეს, რომ 2018 წლის აგვისტოში საქართველოში “სტარტაპ გრაინდის” ღონისძიებაზე სტუმრობისას გაიცნო  ქართველი მონაწილეები, რომელთა კვალიფიციურობა და იდეებიც მისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

Startup Grind tbilisi ყოველთვიური სერიებია, სადაც ხდება სტარტაპების დამფუძნებლების ისტორიების გაზიარება და ქართული სტარტაპებისთვის თავშეყრისა და გაძლიერებისთვის გარემოს შექმნა.“გაოცებული ვარ იმ ნიჭიერებით, რაც აქ დამხვდა. ამას სრულიად არ ველოდი. მათ ბევრი იციან ტექნოლოგიების შესახებ. იციან ისიც, რა რისკის გაწევა შეუძლიათ”, - აღნიშნა ირაკლიმ. მას მიაჩნია, რომ შეხვედრაზე მისული ახალგაზრდები დღეს გამოწვევებისთვის იმ ფორმით არიან მზად, რაც ქართული კულტურისგან განსხვავებულ უნარებს საჭიროებს. მათ კი კიდევ უფრო მეტი მაგალითი სჭირდებათ.

2007 წელს ჯორჯ არისონმა დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი: „დემოკრატია და ავტოკრატია ევრაზიაში“ (''Democracy and Autocracy in Eurasia: Georgia in Transition). წიგნში თავმოყრილია შეფასებები 2003-2004 წლების პოლიტიკურ პროცესებზე. ავტორი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რატომ იყო „ვარდების რევოლუცია“ პრობლემა დემოკრატიის განვითარებისთვის. „როცა ეს დავწერე, ჩემი ხედვა ძალიან არაპოპულარული იყო, როგორც აშშ-ში, ასევე, საქართველოში. დღეისათვის, ვიცით, რომ ბევრი ადამიანი ეთანხმება ამ ხედვას. საკმაო ხნის განმავლობაში ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, ვცდილობდი ჩემი მხრივ, დავხმარებოდი ქვეყანას წინსვლაში, მომავლის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის“, - ამბობს ირაკლი. პოლიტიკურ რეალობასთან დაპირისპირება მისთვის შტატებში დაბრუნების გადაწყვეტილების მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო. მეორე - იქაური მეგობრები, ახლობლები და გარემო, რომელიც საქართველოში 18 თვით ჩამოსვლისას ძალიან აკლდა.

საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე ირაკლი არეშიძე Google-ში პროდუქტის მენეჯერად მუშაობდა, სადაც მან ცოდნა და კავშირები შეიძინა. 2007 წელს იგი, ასევე, ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის წევრიც იყო. ამ ჯგუფში მუშაობისას ხშირმა მივლინებებმა გააჩინა კითხვა, რატომ არ შეიძლება ტაქსის ქუჩაში გაჩერების საკმაოდ პრობლემური პროცედურა ტელეფონში ერთი აპლიკაციით მოგვარებულიყო? დღეს ეს არც სიახლეა და არც გამოწვევა. Taxi Magic-ი კი ამ სფეროში პირველი იყო.

ასე დაიწყო ირაკლი არეშიძის გზა ჯორჯ არისონობამდე. ახალი სახელის შერჩევაში დედა დაეხმარა. ეს აუცილებელი გახდა, რადგან 2007-2008 წლებში, როცა სხვა კომპანიებს Taxi Magic-ის სერვისს სთავაზობდა, საუბრის დაწყების პირველი ათი წუთი სახელის წარდგენას ეთმობოდა. უცხო წარმომავლობის “ირაკლი არეშიძე” ხშირად საქმიან საუბარს მცდარ მიმართულებას აძლევდა და პოტენციური პარტნიორები ფიქრობდნენ, რომ ყურმილის მეორე მხარეს მყოფი ადამიანი მძღოლად მუშაობის დაწყების შესაძლებლობას ითხოვდა. ახალ ცხოვრებაში ირაკლიმ მამის სახელი დაირქვა და გვარის ნაწილი თარგმნა –არეშიძე=არე-son.

„ჩვენი მისიაა გავხადოთ მანქანის შეძენა სახალისო, მიუკერძოებელი და ყველასთვის ხელმისაწვდომი“, - ამბობს ირაკლი. მისი გზა Shift-ის საჯარო კომპანიად ქცევის შესაძლებლობამდე წელიწადზე გრძელია. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ოთხი წლის წინ დაწყებული კომპანიის შეფასებისას მისი დამფუძნებლისგან 0-ზე მეტი ციფრი ვერ მოვისმინეთ. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. “კომპანიის ფასი არის 0, ვიდრე საჯარო კომპანია არ გახდები ან ვიდრე ვინმე არ გიყიდის”. იქნება თუ არა შეთავაზება? არ იცის. ერთმნიშვნელოვნად დათანხმდება თუ არა ასეთ შეთავაზებას? არც ეს. ის, რაც ზუსტადაა გაწერილი – მომავალი წლის გეგმაა. თუ 2018 ში Shift-ის დახმარებით ნაყიდი მანქანების რაოდენობა 9 000-ს აღწევს, 2019-ში ეს რიცხვი 20 000 უნდა იყოს. ეს კი საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ არჩევანი, გახდეს თუ არა კომპანია საჯარო, არსებობდეს და პასუხი მხოლოდ განვითარების მომავალ სტრატეგიაზე იყოს დამოკიდებული.

მარტივი არაფერი არ არის. ბევრი სტარტაპი Facebook-ის მაგალითის გამეორებას ვერ შეძლებს. ასეთი იდეები საარჩევნო ციკლივითაა, ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ ჩნდება. და მაინც, არ არსებობს იდეა, რომლის ბოლომდე მიყვანაც არ ღირს. “მე ჩემს თანამშრომლებს ვეუბნები ხოლმე: ნუ გგონიათ, რომ რამე შეუძლებელია, რადგან მთელი ჩემი ცხოვრებაა შეუძლებელი. ვინმეს რომ ეთქვა 1977 წელს საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანისთვის, რომ ის ახლა გააკეთებდა იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამის შანსი მილიონში ან 100 მილიონიდან ერთი იყო. ამიტომაც ვამბობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შეუძლებელი იყო”, დასძენს ქართველი ბიზნესმენი.

წყარო:

1. forbes.ge/news/5197/SeuZlebeli-cxovreba 

2. https://www.marketer.ge/george-startupgrind/

3. https://en.wikipedia.org/wiki/George_Arison


Share: