The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნუგზარ ბარამია

ნუგზარ ბარამია
Date of birth:9 June, 1942  (81 years)
Category:Medical Doctor

Biography

უკრაინის დამსახურებული ექიმი (1995) ნუგზარ ნიკოლოზის ძე ბარამია 1942 წლის 9 ივნისს, სენაკში დაიბადა. ექიმობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. სკოლაში სწავლის პერიოდში, მამიდას, პროფესიით მეან-გინეკოლოგს, საავადმყოფოში ხშირად დაჰყავდა და გზადაგზა ექიმის საქმიანობას აცნობდა. პირველი ქირურგიული ოპერაციაც ბავშვობას უკავშირდება, როცა მეშვიდეკლასელმა ბიჭმა დაშავებულ გოჭს ნაწლავები მუცლის ღრუში ჩაულაგა, ჭრილობა იოდით დაუმუშავა და ჩვეულებრივი ნემსითა და ძაფით ამოუკერა. ოპერაცია წარმატებული გამოდგა - გოჭი გადარჩა და გაიზარდა.

სამედიცინო განათლება ნუგზარ ბარამიამ კიევში მიიღო. მანამდე ზედიზედ ორი წელი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში აბარებდა, მაგრამ დაბალი ქულების გამო ვერ მოხვდა. კიევში მამის მეგობრებმა მიიწვიეს. ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა და ყოველთვის მოწინავეთა რიგებში იყო. ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტმა  დაიწყო ქირურგიული ოპერაციების  გაკეთება. მანამდე სამედიცინო პრაქტიკაზე იმყოფებოდა სამეგრელოში, მაშინდელ ცხაკაიაში, სადაც ქირურგიული განყოფილების გამგე ქირურგი სერგო შენგელია გახლდათ და ნუგზარი მასთან ერთად ატარებდა ოპერაციებს.

1972 წელს, სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ნუგზარ ბარამია განაწილებით მოხვდა ახალგახსნილ კლინიკურ-ექსპერიმენტული ქირურგიის სამედიცინო-კვლევით ინსტიტუტში. თავდაპირველად უმცროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. დისერტაციის დაცვის შემდეგ კი უფროს მეცნიერ-მუშაკად გადაიყვანეს. ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ქირურგი-მეცნიერი ალექსანდრე შალიმოვი. მისი წინადადებით, 1985 წელს ახალგაზრდა ექიმი დაინიშნა პოლიტრავმის კლინიკის ხელმძღვანელად, რომელიც სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში გაიხსნა. ეს იყო ახალი და მძიმე მიმართულება ქირურგიაში.

ნუგზარ ბარამიას ხელმძღვანელობის 30 წლის მანძილზე პოლიტრავმის კლინიკას ჩატარებული აქვს დაახლოებით 18 ათასი ოპერაცია, აქედან 522 უნიკალური გულის ოპერაციაა; ის გახლავთ ქირურგიის ინსტიტუტის საპატიო თანამშრომელი; 1997 წლიდან უკრაინის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ქირურგიის კათედრის პროფესორი; მისი სახელი უკრაინის 300 ცნობილი ადამიანის ნუსხაშია შესული.

ქართველი ქირურგი ხუთი სამთავრობო ჯილდოსა და საერთაშორისო პრემიის „ოქროს ფორტუნის“ (2000) ლაურეატია. 2002 წელს, მას მიენიჭა III ხარისხის დამსახურების ორდენი და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის დიპლომი, ხოლო, 2007 წელს - „იაროსლავ ბრძენის“ V საფეხურის ორდენი.

ნუგზარ ბარამიას მეუღლე ნონა ბასილაია არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ნევროპათოლოგი და არატრადიციული (ჩინური) მედიცინის ოსტატი. მათი ერთადერთი ვაჟი, ვახტანგი, კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კურსდამთავრებულია და საკანდიდატო დისერტაციაც იქვე დაიცვა. მუშაობდა საქართველოში უკრაინის საელჩოში და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ბატონი ნუგზარი გახდა პირველი ქართველი, რომელიც კიევის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ის სენაკის საპატიო მოქალაქეცაა. იქ არის მისი მშობლიური სახლი, სადაც თითქმის ყოველ წელს ჩადის.

„ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი ჩემთვის ადამიანის გვერდში ყოფნაა“, – ამბობს ნუგზარ ბარამია, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობიდან კიევში ცხოვრობს, სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. მან დაახლოებით 120 ქართველ ახალგაზრდას გაუკვალა გზა და  პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. მისი აღზრდილები დღეს სენაკის, თბილისის, ქუთაისის, ხობის და საქართველოს სხვა ქალაქების საავადმყოფოებში მუშაობენ.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/people/20181219/243556294/nugzar-baramia.html

2. https://fakty.ua/37556-quot-kogda-mama-nechayanno-n...

3. ბარამია, ნუგზარ. კიევი ჩემი სახლია : ინტერვიუ = Киiв мiй дiм / ნუგზარ ბარამია ; ესაუბრა მარი ტყეშელაშვილი // საქართველო = Сакартвело / უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერია". - თბილისი, 2007. - N1(2). - გვ.30-33. - ტექსტი ქართ. და უკ. ენ.


Share: