The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თორნიკე სოლოღაშვილი

თორნიკე სოლოღაშვილი
Date of birth:10 November, 1982  (41 years)
Category:Medical Doctor

Biography

თორნიკე სოლოღაშვილი დაიბადა 1983 წლის 10 ნოემბერს მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში. მამა - ჯემალ სოლოღაშვილი, დედა - ნანა ხუნდაძე.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო თორნიკე, როცა ექიმობა გადაწყვიტა, დამამთავრებელ კლასში კი უკვე ვიწრო სპეციალიზაციაც ჰქონდა განსაზღვრული: „დაახლოებით მეათე კლასში ვიყავი, როდესაც ჩვენი ოჯახის ახლობელმა გერმანიაში შუნტირება გაიკეთა. საქართველოში დაბრუნებული ჩემმა მშობლებმა მოინახულეს და სახლში გაოცებულნი მოვიდნენ. ყვებოდნენ, როგორ გადაუნერგეს სისხლძარღვები გულზე და როგორ შეუნარჩუნეს სიცოცხლე ამ ოპერაციით. ექიმობაზე მანამდეც ვფიქრობდი, მაგრამ ამ ამბავმა ისე იმოქმედა, რომ გადავწყვიტე კარდიოქირურგი გავმხდარიყავი“, - გვიამბობს ახალგაზრდა ექიმი.

2000-2007 წლებში თორნიკე სოლოღაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. პედაგოგების რეკომენდაციით პირველი კურსიდანვე ესწრებოდა ოპერაციებს კლინიკა „ღია გულში“. აქ შეხვდა პირველად პროფესორ აქვსენტიუს კალანგოსს, რომელიც საქართველოში ჩამოსული იყო ჰუმანიტარული აქციით გულის თანდაყოლილი მანკის ოპერაციების გასაკეთებლად. მაშინ თორნიკე მესამე კურსზე იყო და კლინიკის ლაბორატორიაში აწარმოებდა სამეცნიერო კვლევებს ცხოველებზე. მან პროფესორს აჩვენა კასეტაზე ჩაწერილი მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ოპერაცია - ექსპერიმენტული მოდელი და მისი მოწონება - შექება დაიმსახურა.

რეზიდენტურის პირველი ნაწილი თორნიკემ საქართველოში, ჯოენის კლინიკაში გაიარა, 2008 წლის შემოდგომაზე კი კლინიკა „ღია გულის“ რეკომენდაციით გაემგზავრა პოლონეთში, სადაც მუშაობდა ქალაქ პოზნანის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ცენტრში გულის თანდაყოლილი მანკის განყოფილებაში. სწორედ აქ გააკეთა, 25 წლის ასაკში, პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია. აქვე კვლავ შეხვდა აქვსენტიუს კალანგოსს, რომელმაც იცნო და ოპერაციის დასრულების შემდეგ ასე მიმართა - შენ ის ქართველი არა ხარ, ექსპერიმენტებს რომ ატარებდა? დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან კარგი ქირურგი გახდებოდიო.

პროფესორმა კალანგოსმა თორნიკეს შესთავაზა შვეიცარიაში მის კლინიკაში გადასვლა. 2010 წლის დეკემბრის თვიდან ის, უკვე,  ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგია.თავიდან ერთი წლით წავიდა, მაგრამ რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ აღარ გამოუშვეს და დღესაც იქ მუშაობს. ოპერაციებს ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკაშიც ატარებს.

2013 წლის დასაწყისში თორნიკე სოლოღაშვილი გახდა სერტიფიცირებული ქირურგი.

იგი აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარულ მისიებში, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება აფრიკაში. ხშირად ჩამოდის საქართველოში და უსასყიდლოდ აკეთებს ოპერაციებს. საქველმოქმედო ოპერაციებს აკეთებენ ის ექიმებიც, რომლებიც თორნიკეს ჩამოჰყავს. განსაკუთრებით რთული შემთხვევების დროს პაციენტები საზღვარგარეთაც მიჰყავს. მან შეძლო 50-მდე ბავშვის ოპერირება ჟენევაში ჰუმანიტარული ფონდის თანხმობითა და ოპერაციების სრული დაფინანსებით.

სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის თორნიკე სოლოღაშვილს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენი აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, მიღებული აქვს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის საპატიო სიგელი. 2018 წელს გახდა  მცხეთის საპატიო მოქალაქე.

ქართველ კარდიოქირურგს 2018 წელს, ჟენევაში მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი. იგი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მაგრამ თორნიკეს ცხოვრებაში მთავარი პრაქტიკული საქმიანობაა. 36 წლის ასაკში მას, უკვე, 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი. როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებით რთული შემთხვევები რომლებზეც უმუშავია, ყოველთვის მის მეხსიერებაში რჩება: „ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი გულის გადანერგვის ოპერაცია. ეს დაუვიწყარი ემოციაა, მიუხედავად იმისა, რომ გულის გადანერგვა არ არის ყველაზე რთული ოპერაცია, რაც გამიკეთებია. ემოციური თვალსაზრისით კი ერთ-ერთი "პიკოვანი" პროცედურაა, რაც ექიმმა შეიძლება კარიერაში გააკეთოს", - აღნიშნავს თორნიკე სოლოღაშვილი.

წყარო:

1. სოლოღაშვილი, თორნიკე. წარმატებული ქართველი ექიმი შვეიცარიაში : ინტერვიუ / თ. სოლოღაშვილი ; ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. - , 2011. - 14 თებერვალი. - N7. - გვ.35

2. mtskheta.gov.ge/ka/mtskheta/honorable-citizens/109

3. https://www.youtube.com/watch?v=lljIxoirAhA 


Share: