The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარინე მაჩაბელი

მარინე მაჩაბელი
Date of birth:1899
Date of death:1986  (at 87 years)
Category:Humanitarian

Biography

მარინე მაჩაბელი დაიბადა მიხეილ (მიშო) მაჩაბლისა (1858-1927) და ანა (ანეტა) გიორგის ასული ქსნის ერისთავის (1864-1934) ოჯახში.

მიშო მაჩაბელი გახლდათ ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი. რედაქტორობდა გაზეთს „ზაკავკაზიე“; იყო 1917 წელს გამართული საქართველოს ეროვნული ყრილობის დელეგატი, ხოლო შემდგომში ეროვნული საბჭოს წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან; სათავეში ედგა საბჭოს სარწმუნოებათა კომისიას; მონაწილეობდა ედპ-ისგან გამოყოფილი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებაში, რომლის ბაზაზეც წარმოიშვა საქართველოს ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტია.

მიხეილ მაჩაბელსა და ანა ერისთავს სამი შვილი შეეძინათ: მარინე, ელისაბედი, იგივე ლიზა (1900-?) და ვახტანგი (1904-1938). საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ სამივე ემიგრაციაში გაემგზავრა.

1910-იან წლებში ევროპაში მცხოვრები ქართველების ერთი ნაწილი საქართველოში მონარქიის აღდგენის მომხრე იყო. ამ იდეის განხორციელების მიზნით პროგერმანული ორიენტაციის ქართველმა მოღვაწეებმა  - გიორგი მაჩაბელმა, მიხეილ წერეთელმა, ლეო და გიორგი კერესელიძეებმა და სხვებმა, რომლების შედიოდნენ ბერლინში მოქმედ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში, მოლაპარაკება გამართეს გერმანიის ხელისუფლებასთან. მათი მიზანი იყო გერმანელი პრინცის იოახიმის, კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟისა და რომელიმე ქართველი პრინცესას დაქორწინებით  ქართული მონარქიული წყობის დაბრუნება (გერმანული დინასტიით სათავეში). ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მისიისთვის კი, თავისი გამორჩეული მშვენიერების გამო, მარინე მაჩაბლის კანდიდატურა შეარჩიეს. 

ეს გეგმა კარგად ასახავს იმას, თუ როგორი ახლო ურთიერთობა იყო საქართველოს არისტოკრატიასა და გერმანიას შორის და როგორი მოლოდინი იყო იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში გერმანია გაიმარჯვებდა.

თუმცა ამ პროექტს განხორციელება არ ეწერა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო, 11 ნოემბერს გერმანული მონარქია დაემხო.  პრინცმა იოახიმმა ჰოლანდიაში დაიდო ბინა, მარინა მაჩაბელი კი ცოლად გაჰყვა ფრანჩესკო ფრანზონის, იტალიის კონსულს საქართველოში და რომში დასახლდა. 

ეროვნულ-დემოკრატი დათა ვაჩნაძე, რომელიც მარინე მაჩაბელს ენათესავებოდა, იგონებს, რომ 1939 წელს ჩავიდა რომში, „დაპატიჟებული ჩემი სიძის - ფრანჩესკო ფრანზონის, იტალიის მინისტრის მიერ. ვბინავდები მის მამულში, რომის მიდამოში - Villa Casilina Villa Marina-ში. იმავე წლის ბოლოს ფრანზონი დაინიშნა იტალიის ელჩად სტოკჰოლმში და მთელი ოჯახი გაემგზავრა შვეციაში. დავრჩი მარტო... ამ დიდი სახლისა და მამულის (23 ჰექტარის) „მოურავად“... 1941 წლის იანვარში ... ფრანზონი დაინიშნა ელჩად ლისაბონში და გზად შვეციიდან ჩამოვიდა რომში. დავეკითხე: „დაინტერესებულია თუ არა რომი კავკასიურ საკითხით, როგორც წინა წლებში?“ მიპასუხა: „კავკასიით დაინტერესებულია ბერლინი. მას სთვლის თავის აღმოსავლურ გეგმების ზონად“.

შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან: „მარინეს დარჩა ორი ვაჟიშვილი... ამ ომის დროს დიპლომატიურ სამსახურში იყვნენ, ერთი შვეიცარიაში იტალიის წარმომადგენლად და მეორე - ავღანისტანში. რადგანაც მარინეს ხელში იყვნენ გაზრდილნი, ქართველობდნენ კიდეც“.

მართალია გერმანულ-ქართული სამეფო ოჯახის იდეამ ხორცი ვერ შეისხა, მაგრამ მარინა მაჩაბლის სახელი ემიგრაციაში მყოფმა გამომგონებელმა და ქიმიკოსმა გიორგი მაჩაბელმა თავის მიერ შექმნილი სუნამოთი უკვდავყო.

გიორგი მაჩაბელი თვითონ ქმნიდა და აფორმებდა სუნამოებს და რეკლამასაც თვითონ უკეთებდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ფირმაში გიორგი მაჩაბლის მეგობრები, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები იყვნენ დასაქმებული.

საქართველოს არშემდგარი დედოფლის, მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილი სუნამო „საქართველოს დედოფალი“ (Queen of Georgia) ჩასხმული იყო ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონში. ეს გახლდათ პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა და მის სუნამოებს შორის ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა. 

ამერიკული საზოგადოება სუნამოთი აღფრთოვანებული იყო.

წყარო:

1. ჯავახიშვილი ნიკო. 100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები // ისტორიანი. – 2019. - #3. - გვ. 36-43

2. forbes.ge/news/3847/parfiumeriis-princi-maCabeli-


Share: