შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვიქტორ სულაქველიძე![]()
ბიოგრაფიავიქტორ სამსონის ძე სულაქველიძე დაიბადა 1919 წლის 15 დეკემბერს, ვანის რაიონის სოფელ მთისძირში, რუსული ენის მასწავლებლის ოჯახში. 1942 წელს, კიროვის სახელობის თბილისის ინდუსტრიული (შემდგომში - პოლიტექნიკური) ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის დასრულებისთანავე, გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. მაგრამ ჯარში არ უმსახურია, რადგან იოსებ სტალინის ბრძანების შესაბამისად ყველა წარჩინებული კურსდამთავრებული მიავლინეს სამხედრო აკადემიებში. ეს აუცილებელი იყო ოფიცერთა რიგების შესავსებად. ასე მოხვდა ახალგაზრდა სპეციალისტი ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემიაში, რომელიც 1943 წელს დაამთავრა, მაგრამ სამხედრო სამსახურში დარჩა და მთელი შემდგომი ცხოვრება აკადემიის კედლებში გაატარა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942-46 წლებში, ვ. სულაქველიძე დერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემიასთან ერთად იმყოფებოდა ევაკუაციაში, უზბეკეთში. აკადემია განლაგებული იყო სამარყანდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის შენობაში. მოსკოვში მხოლოდ ომში გამარჯვების შემდეგ დაბრუნდნენ. ვიქტორ სულაქველიძე რაკეტების შექმნაზე მუშაობდა. ის ხვეწდა და აუმჯობესებდა საბჭოთა საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო (ბირთვულ) ქობინებს, რათა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აფეთქების შემდეგ გაძლიერებულიყო გამა და ზემაღალი სიხშირის გამოსხივება. ჯერჯერობით კვლავ საიდუმლოა, მაგრამ სავარაუდოდ პროფესორ სულაქველიძეს შემუშავებული ჰქონდა ჩვეულებრივი ჭურვების აფეთქებისას წარმოქმნილი ენერგიის გენერირების მეთოდები ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში, რაც მომავლის იარაღად ითვლება, რადგან მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული მოწყობილობების მწყობრიდან გამოსაყვანად არის განკუთვნილი. საბჭოთა გენერლები არ გამორიცხავდნენ ამერიკელ ასტრონავტებს დედამიწის ორბიტაზე მფრენი საბჭოთა უპილოტო და პილოტირებული ხელოვნური თანამგზავრების ხელში ჩაგდება განეზრახათ. სწორედ კოსმოსურ ორბიტაზე თავდასაცავად საბჭოთა კავშირის გენშტაბმა ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტის შექმნა დაუკვეთა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო აკადემიის მეცნიერებს, კერძოდ, იმ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, რომელსაც ვიქტორ სულაქველიძე ხელმძღვანელობდა. ვიქტორ სულაქველიძე გახლდათ - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1958); პროფესორი (1959); გენერალ-მაიორ-ინჟინერი (1962); მოსკოვის საარტილერიო აკადემიის სარაკეტო კათედრის გამგე (1960-1984); რსფსრ-ის მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1971); სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობისთვის მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. გენერალმა სულაქველიძემ შექმნა დიდი სამეცნიერო სკოლა, რომელმაც აღზარდა მრავალი ბრწყინვალე სამხედრო სპეციალისტი, მათ შორის, 12 ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მას ეკუთვნის 150-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური მნაშრომი. მას დარჩა მეუღლე- სოფიო გრიგოლის ასული და შვილები - გურამი (1950) და ბორისი (1955). უფროსი ვაჟი ინჟინერ-მექანიკოსია, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; უმცროსი ვაჟი კი სამხედრო ექიმია, პოლკოვნიკის წოდებით. წყარო: 1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9- თბ., 1985.-გვ.599 2. https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_სულაქველიძე 3. https://www.kvirispalitra.ge/.../28020-qarthveli-generali-qvarskvlavuri-om...
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |