The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანტონ ჩალიკოვი

ანტონ ჩალიკოვი
Legal name:ანტონ შალიკაშვილო
Date of birth:10 July, 1754
Date of death:28 March, 1821  (at 66 years)
Burial location:წმინდა სერგის სამების ლავრა, სანკტ-პეტერბურგთან, რუსეთი
Category:Military Person

Biography

ნაპოლეონის ომების ეპოქის სარდალს, გენერალ–მაიორ ანტონ სტეფანეს ძე ჩალიკოვს გამორჩეული სამხედრო კარიერა ჰქონდა. მისი წინაპარი, თავადი შალიკაშვილი წარმოშობით სამცხიდან ყოფილა და მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთში წასულ ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსის ამალაში ირიცხებოდა. 
ანტონ შალიკაშვილი 1754 წლის 10 (21) ივლისს დაიბადა. სამხედრო სამსახური 1774 წლის 1 მარტს პრეობრაჟენსკის ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკში დაიწყო; 1788 წლის 1 იანვარს გადაიყვანეს როტმისტრად ჩერნიგოვის კარაბინერთა პოლკში; 1790 წელს  მაიორის წოდება მიანიჭეს; 1791 წლიდან კი პეტერბურგის დრაგუნთა პოლკში ირიცხებოდა.

ანტონ ჩალიკოვი მონაწილეობდა 1789-1792 წლების ლაშქრობებში თურქების წინააღმდეგ და დაიჭრა კიდეც ფოქშანთან ბრძოლაში (1789, 21 ივლისი). 1796 წელს გადაიყვანეს სუმის ჰუსართა პოლკში; 1798 წელს დააწინაურეს პოდპოლკოვნიკად.

1792 წლის პოლონეთის მოვლენებისა და კოსტიუშკოს აჯანყების ჩახშობის მონაწილეც იყო.

ნაპოლეონის ომებში ანტონ ჩალიკოვი 1799 წელს ჩაერთო, როცა შვეიცარიაში, გენერალ ალექსანდრ რიმსკი-კორსაკოვის კორპუსთან ერთად იღებდა მონაწილეობას ლაშქრობაში; 1800 წლის 26 მარტს პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს; 1802 წლის თებერვალ-მაისში სუმის პირველი ჰუსართა პოლკის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა;1805 წელს აუსტერლიცის ბრძოლაში მარცხენა ფეხში დაიჭრა; 1807 წელს ჰეილსბერგსა და ფრიდლანდთან იბრძოდა, მეთაურობდა სამეფო ულანთა პოლკს; იმავე წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

1806-1814 წლებში ანტონ ჩალიკოვი იყო გვარდიის ბრიგადის, გვარდიის საკავალერიო დივიზიის მეთაური; 1812 წელს გვარდიის კავალერიის მეორე ბრიგადას მეთაურობდა და თავი გამოიჩინა ვიტებსკთან, სმოლენსკთან, ბოროდინოსთან, ლიუცენთან, მონმირალთან, ლაიფციგთან და ევროპის ტერიტორიაზე გამართულ სხვა ბრძოლებში. განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მეოთხე და მესამე ხარისხის ორდენებით, ამავე დროს მიღებული აქვს ავსტრიის ლეოპოლდ მეორის სახელობის, ბავარიის მაქსიმილიან იოსების, პრუსიის წითელი არწივისა და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენები.

ჟურნალისტი და მწერალი ფ. ბოლგარინი ასე ახასიათებს თავის მოგონებებში ანტონ შალიკაშვილს: „უმამაცესი გენერალი ჩალიკოვი, საოცრად კეთილი, მხიარული და ღირსეული პიროვნება, მთელ არმიაში დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა“.

ანტონ ჩალიკოვ-შალიკაშვილი 1817 წლის 7 დეკემბრამდე ულანთა პოლკს მეთაურობდა, 1818 წლის 17 ივლისს კი დაინიშნა გვარდიის მსუბუქი საკავალერიო დივიზიის მეთაურად, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

ცნობილი მხატვრის ჯორჯ დოუს მიერ შესრულებული მისი პორტრეტი დღესაც ამშვენებს ზამთრის სასახლის ერთ-ერთ გალერეას. 

გენერალ-მაიორი ანტონ შალიკაშვილი გარდაიცვალა 1821 წლის 28 მარტს (9 აპრილს). დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგთან ახლოს ერთ-ერთ მონასტერში, წმინდა სერგის სამების ლავრაში (Троица-Сергиевой приморской пустыни)..

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com › people › anton-shalikashvili

2. https://ru.wikipedia.org › wiki › Чаликов,_А...

 


Share: