Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნიკოლოზ გიორგის ძე თუმანოვი![]()
Biographyრუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1911), თავადი ნიკოლოზ გიორგის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი) დაიბადა 1848 წლის 22 ივლისს სოფელ ხელთუბანში, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. სამხედრო იყო მისი ტყუპისცალი ძმაც, გენერალ-მაიორი მიხეილ თუმანიშვილი. ორივე ძმამ 1866 წ. სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა ნიკოლოზის კადეტთა კორპუსი. ნიკოლოზ თუმანიშვილი შემდეგ სწავლობდა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელში, მაგრამ არ დაუმთავრებია, თუმცა ოფიცრის წოდების მისაღებად ჩააბარა გამოცდა ელისავეტგრადის საკავალერიო იუნკერთა სასწავლებელში. სამხედრო სამსახური ნიკოლოზ თუმანიშვილმა დაიწყო 1866 წლის 1 მაისიდან. 1871-1872 წწ. ის ტფილისის გუბერნიის მილიციის პრაპორშჩიკი იყო. 1877-1878 წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1878 წლის 24 ივლისს მიიღო კორნეტის, ხოლო, 1885 წლის 17 აგვისტოდან გვარდიის კავალერიის პორუჩიკის წოდება. ნიკოლოზ თუმანიშვილი 5 წლის მანძილზე (1889—1894) მეთაურობდა საიმპერატორო ბადრაგის ლაიბ-გვარდიის ყირიმელ თათართა რაზმს. 1894 წლის 6 დეკემბერს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. ამის შემდეგ, ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო სასახლის კომენდანტის განკარგულებაში. 1903 წლის 6 დეკემბრიდან კი უკვე გენერალ-მაიორია და მეთაურობს ციმბირის კაზაკთა დივიზიის მე-2 ბრიგადას, 1905–1912 წწ. ასრულებდა საგანგებო დავალებათა გენერლის მოვალეობას იმპერატორის კარზე. ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში. ქართველი გენერალი დაჯილდოებული იყო წმინდა ანას I, წმინდა სტანისლავის I, წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის და უცხოეთის სახელმწიფოთა (პრუსია, იაპონია, თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და სხვ.) ორდენებით. 1918 წლის შემდეგ ნიკოლოზ თუმანიშვილზე ინფორმაცია არ მოგვეპოვება. წყარო: 1. https://ru.wikipedia.org › wiki › Туманов,_Н.. 2. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ.124
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |