Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ავთანდილ ბირთველის ძე თუმანიშვილი![]()
Biographyავთანდილ თუმანიშვილი წარმოშობით იმ ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც მწიგნობრული საქმიანობით იყო ცნობილი. ამ გვარის წარმომადგენლებს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში (დაახლოებით მე-15 საუკუნიდან) საქართველოს სამეფო კარის მდივნის თანამდებობა ეჭირათ და სარგებლობდნენ „მდივან-მწიგნობრობის“ უფლებით. ავთანდილის მამა, ბირთველ თუმანიშვილი, ჯერ მეფე ერეკლეს და შემდეგ გიორგი მეთორმეტის მდივანი იყო, ხოლო, 1800-1801 წლებში ბატონიშვილის ვახტანგ-ალმასხანისა, რომელიც ქართლის ერთ ნაწილს განაგებდა და ცხოვრობდა ქალაქ დუშეთში. ბირთველი ამ თანამდებობას ასრულებდა რუსეთთან საქართველოს შეერთებამდე, ხოლო შეერთების შემდეგ, 1802 წელს, იგი დაინიშნა დუშეთის მაზრის თანამსაჯულად. რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქის უფროსადაც იყო გორში. ბოლოს კი თავი დაანება სამსახურს და ხელი მოჰკიდა მეურნეობას. ბირთველ თუმანიშვილის ძირითადი სამოსახლო ადგილი გახლდათ სოფელი ხელთუბანი. მას ორმოცდაათამდე დესეტინა მიწა და თხუთმეტიოდე გლეხი ჰყავდა. პირველი მეუღლე ადრე გარდაეცვალა და მისგან მხოლოდ ერთი ვაჟი, ავთანდილი, დარჩა. მისი მეორე მეუღლე, ანა, სომხეთის მელიქის ათანასე მირიმანოვის ასული, თავის დროისათვის განათლებული ქალი ყოფილა და, უმთავრესად, იგი ხელმძღვანელობდა შვილების აღზრდას. „ბირთველს უყვარდა წიგნები და ბევრ დროსაც ახმარდა მათ. საკუთარი ხელით გადასწერა რუსთაველის პოემის საინტერესო ვარიანტი და აგრეთვე სხვა რამდენიმე წიგნი“, - წერს მისი შთამომავალი მიხეილ ხელთუბნელი. ჩვენს სიძველეთა საცავებში დაცული ხელნაწერები სრულიად ამართლებენ ამ განცხადებას. ხელნაწერთა ინსტიტუტში (Q-ფონდი) ინახება „მიცვალება ღვთისმშობლისა“ ბირთველის მიერ 1799 წელს გადანუსხული. ანდერძში ვკითხულობთ: „განსრულდა ხელითა თუმანოვი გიორგის-ძე ბირთველისათა მაისის 4 წელსა 1799“. მის მიერვე გადაწერილი ,,ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ნუსხა (30 ნომრით აღნუსხული) ინახება საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში. გადამწერის ანდერძში ვკითხულობთ: „აღვწერე თავადმან გიორგის ძე ბირთველ თუმანოვმან ჟამსა შინა დუშეთის უეზდის სუდში მსაჯულობისა ჩემისასა, აღმომკითხველნო, გთხოვთ საღმრთო მიჯნურობით შეწყნარებისა წიგნსა ამასა, რომელიც განსრულდა ნოემბრის ი. ქორონიკონს უ ჟ. წელსა ჩყბ“ (1802 წლის 10 ნოემბერს). ავთანდილი ბირთველ თუმანიშვილის უფროსი ვაჟი იყო. იგი 1795 წელს დაბადებულა. როგორც მიხეილ ხელთუბნელი გადმოგვცემს, ავთანდილი ადრე დაობლდა და თორმეტ წლამდე ხელთუბანში იზრდებოდა. დედის გარდაცვალების შემდეგ მამა-შვილი ძალიან დაახლოებულა. ბავშვი ნიჭიერი იყო. ადვილად ითვისებდა უცხო ენებს და კალამიც უჭრიდა. ბირთველს ვაჟთან განშორება გაუჭირდა, მაგრამ ხედავდა, რომ მის ნიჭს განვითარება სჭირდებოდა და იგი პეტერბურგში დავით ბატონიშვილთან გაამგზავრა. ავთანდილ თუმანიშვილი იყო დავით ბატონიშვილის არამარტო მდივანი, არამედ მისი სულიერი მეგობარი, იდეების მოზიარე და თანამგრძნობი. ავთანდილმა დავითის და სხვა ქართველ ბატონიშვილთა დავალებით დაწერა ქ. გორის ისტორია („История грузинского города Гори“. გამოიცა 1816 წელს პეტერბურგში), მათივე დაკვეთით რუსულიდან გადმოთარგმნა „ღეოღრაფია და ბუნებითი ისტორია ასურეთისა“ (ხელნაწ. ინსტ. H-21-71). მას ეკუთვნის მთელი რიგი ლექსები ლირიკული თუ სატირული ხასიათისა, რომლებიც დაცულია ხელნაწერის სახით (H-21-50). ავთანდილ თუმანიშვილის შემდგომი ბედი დღემდე ბურუსით არის მოცული. იგი 1819 წელს პეტერბურგში დააპატიმრეს მექრთამეობის ბრალდებით და სამუდამოდ ჩაამწყვდიეს ბელორუსიის ბობრუისკის ციხეში. ამ საპატიმროში მხოლოდ ისინი ხვდებოდნენ, ვინც უაღრესად მნიშვნელოვან სახელმწიფო დამნაშავედ ითვლებოდა. ცხადია მექრთამეობა ასეთ დანაშაულად ვერ ჩაითვლება. ზოგიერთი მკვლევარი ავთანდილის დაპატიმრებას უკავშირებს საქართველოს სამეფო კარის დაბრუნებისთვის ბრძოლას. დავით ბატონიშვილს უთანხმოება ჰქონია თავის ძმებთან, რომლებიც მემკვიდრეობის უფლებას ედავებოდნენ. ასევე მტრულად უყურებდა თავადაზნაურობა და სამღვდელოებაც, რომელთაც დავითი მიაჩნდათ უღვთო ვოლტერის მიმდევრად. რუსეთის მთავრობა ალმაცერად უყურებდა ბატონიშვილს და, თუმცა ჩინებსა და სხვადასხვა წყალობას არ იშურებდა მისთვის, მაინც სახიფათოდ თვლიდა დავითის გავლენას საქართველოში. ცხადია, ასეთივე მტრული დამოკიდებულება ექნებოდათ დავით ბატონიშვილის უახლოესი და ერთგული ადამიანის, ავთანდილის მიმართაც და სავარაუდოდ, მისი დაკავება განპირობებულია საქართველოში ამბოხებულთა ხელშეწყობის შიშით. ავთანდილ თუმანიშვილის გვარი 1820 წლის 10 მარტიდან ამოშლილია პატიმართა სიიდან. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია. მე-19 საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი მიხეილ თუმანიშვილი (1818-1875) იყო ავთანდილ თუმანიშვილის უმცროსი ძმა. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ. 119. 2. რატიანი პროკოფი. ცოცხლად დამარხული ტალანტი: (ავთანდილ თუმანიშვილი). - თბილისი, 1982. 3. https://ka.wikipedia.org › wiki › ავთანდილ_თუმანიშვილი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |