The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონსტანტინე ალექსანდრეს ძე თუმანოვი

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე თუმანოვი
Legal name:კონსტანტინე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი
Date of birth:19 May, 1862
Date of death:4 February, 1933  (at 70 years)
Category:Military Person

Biography

პირველი მსოფლიო ომის გმირი, თავადი კონსტანტინე თუმანიშვილი (თუმანოვი) დაიბადა 1862 წლის 19 მაისს თბილისში, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე თუმანიშვილის (1821-1872) ოჯახში. კავალერიის გენერალი გახლდათ ალექსანდრეს უფროსი ვაჟიც, გიორგი თუმანიშვილი (1856-1918).

კონსტანტინე მამისა და ძმის  გზას გაჰყვა. განათლება მიიღო ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელთან არსებულ მოსამზადებელ პანსიონში. 1881 წლის 13 სექტემბრიდან დაიწყო სამხედრო სამსახური. 1883 წელს, ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებლის (სანკტ-პეტერბურგი) დამთავრების შემდეგ, მიანიჭეს კორნეტის ჩინი და განამწესეს ნიჟეგოროდის 41-ე დრაგუნთა პოლკში.

ახალგაზრდა ოფიცრის სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: 1887 წ. - პორუჩიკი; 1894 წ. - შტაბს-როტმისტრი; 1896 წ. - როტმისტრი; 1904 წ. - პოდპოლკოვნიკი; 1906 წ. - პოლკოვნიკი.

კონსტანტინე თუმანიშვილი მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და I მსოფლიო (1914-1918) ომებში. რუსეთ-იაპონიის ომის დროს იბრძოდა მე-2 დაღესტანის ცხენოსანთა პოლკში. 1906 წლის 23 თებერვალს საბრძოლო დამსახურებისა და სიმამაცისთვის დაჯილდოვდა ოქროს იარაღით. 

1908 წ-დან კ. თუმანიშვილი მეთაურობდა ლიტვის  მე-5 ულანთა პოლკს, 1912-დან - კავკასიის მე-9 საკავალერიო დივიზიის I ბრიგადას. იმავე წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე ამ ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. 1916 წ-დან ხელმძღვანელობდა ამურისპირეთის I ცხენოსანთა ბრიგადას.

1917 წლის 30 იანვარს კ. თუმანიშვილს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. ამავე წლის მარტში მცირე ხნით გადაიყვანეს სამხრეთ-დასავლეთი ფრონტის არმიების მთავარსარდლის, გენერალ ა. ბრუსილოვის განკარგულებაში. 1917 წ. 6 აპრილიდან დაინიშნა მე-9 საკავალერიო დივიზიის მეთაურად, ხოლო 30 აპრილიდან კავალერიის II კორპუსის სარდლად.

სამხედრო კარიერის მანძილზე, 1889-1917 წლებში კ. თუმანიშვილი მრავალჯერ იყო  დაჯილდოებული  წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. გიორგისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.  

1918 წელს კ. თუმანიშვილი და მისი ოჯახის წევრები წავიდნენ ემიგრაციაში საფრანგეთში. კონსტანტინეს ვაჟი, გენერალ-მაიორი ლევან (ლეო) თუმანიშვილი (თუმანოვი) 1931 წელს ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ამერიკაში. აქ გაიზარდა და მოღვაწეობდა ლევანის ვაჟი, ცნობილი ისტორიკოსი და გენეალოგი კირილ თუმანოვი.

კონსტანტინე თუმანიშვილი სამუდამოდ საფრანგეთში დარჩა. ის მონაწილეობდა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა რუსული საზოგადოების საქმიანობაში, თავმჯდომარეობდა ამ საზოგადოების კავკასიის არმიის ოფიცერთა კავშირს (18.05.1930-08.08.1931). ასევე, იყო ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებლის ყოფილ იუნკერთა ურთიერთდამხმარე საზოგადოების ღირსების სასამართლოს წევრი.

გენერალ-ლეიტენანტი, თავადი კონსტანტინე თუმანიშვილი გარდაიცვალა 1933 წლის 4 თებერვალს საფრანგეთში, ქ. კანში.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ.123

2. https://ru.wikipedia.org › wiki › Туманов,_К...

3. ria1914.info › title=Туманов_Константин_А..


Share: