The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იმამყული ხანი

ოფიციალური სახელი:უნდილაძე
დაბადების თარიღი:1582
გარდაცვ. თარიღი:1633  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე იმამყული-ხანი დაიბადა ისპაანში, მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში (სავარაუდოდ 1582 წელს), შაჰის გვარდიის სარდლის ალავერდი-ხან უნდილაძის ოჯახში. ცნობილია, რომ მისი დედაც ქართველი ყოფილა.

იმამყული-ხანმა პოლიტიკურ ასპარეზზე მამაზე არანაკლებ წარმატებას მიაღწია. ის გახლდათ ირანის ჯარის ყულარაღასი, შირაზის ხანი, ფარსის ბეგლარბეგი (მმართველი).

სეფიანთა ირანის კარზე ფაქტიურად მეორე პირი იყო შაჰის შემდეგ. მისი მეთაურობით ირანის არმიამ არაერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა.

იმამყული ხანს მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ფეოდალურ ოჯახებთან ირანსა თუ საქართველოში: მისი ერთი ქალიშვილი გათხოვილი იყო ანდუყაფარ ამილახორზე და საქართველოში ცხოვრობდა ქმართან ერთად, მეორე დაუდ-ბეგ გურჯზე იყო გათხოვილი, მესამე კი ალი-ყული-ბეგს, ირანის სპასალარისა და თავრიზის ბეგლარბეგის როსტომ-ხან სააკაძის ძმას ჰყავდა ცოლად.

ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ უნდილაძეებს, მიუხედავად მათ მიერ დაკავებული ძალიან მაღალი თანამდებობებისა, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ღონისძიებებში პირადად მონაწილეობა არ მიუღიათ, მათ შორის არც იმამყული ხანს. შაჰი ქართველ სარდალს პატიობდა ამ საქციელს, რადგან მისი წყალობით ირანის არმიამ არაერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმამყული-ხანის მეთაურობით სპარსეთის ყურეში ჩატარებულ ოპერაციას, როცა მან შეძლო პორტუგალიელების განდევნა კუნძულ ჰორმუზიდან (1622 წელს). ამ ბრძოლის შემდეგ მისი სახელი მთელს ირანში ქუხდა. ამავე დროს იგი შაჰის დასყრდენი იყო ინტენსიური სამეურნეო მშენებლობების წარმართვაში, ირანის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებში.

თანამედროვენი იმამყული-ხანს ახასიათებენ როგორც გონიერ გამგებელს, სამეურნეო მშენებლობათა ორგანიზატორს, ინტელექტუალური მიდრეკილებების მქონე ადამიანს.

მისი ხელმძღვანელობით ირანში დიდი საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა: აიგო კაშხლები, არხები, ხიდები, დაიგო გზები, დაარსდა სასწავლებლები და ა.შ. 

იმამყული ხანი ძალიან განათლებული და წიგნიერი პიროვნება ყოფილა. ეს კარგად ჩანს იმ დროს შირაზში არსებულ კარმელიტების კათოლიკურ რეზიდენციაში მოღვაწე მისიონერების ჩანაწერებში. 1623 წელს დაწერილ წერილში ორდენის ერთ-ერთი პრეფექტი წერს, რომ იმამ ყული-ხანმა მათ სთხოვა რომიდან გამოეწერათ პლატონისა და არისტოტელეს თხზულებები ბერძნულ და ლათინურ ენებზე, არაბულ-ლათინური ლექსიკონები და არაბულად ნათარგმნი ბიბლია. საინტერესოა, რომ ამ დროს ის აღარ იყო ქრისტიანი, თუმცა, ბიბლია მაინც აინტერესებდა.   

ბერძნულ-ბიზანტიური და აღმოსავლური კულტურით დაინტერესება იმამყული-ხანს მრავალმხრივ პიროვნებად წარმოგვიდგენს, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებდა ქართულ და სპარსულ კულტურულ ორიენტაციას. იგი ელჩების, ისტორიკოსებისა და მოგზაურების ყურადღებას იქცევდა, მის სადიდებლად იწერებოდა ბალადები, ლექსები, სიმღერები. სპარსელ პოეტს, მაულან კადრის, ორი პოემა მიუძღვნია მისთვის: „ჯანგ ნამაი ქიშმ“ და „ჰარუნ - ნამე“. ეს იმ ტერიტორიების სახელწოდებებია, რომლებიც იმამ ყული-ხანმა ირანს შემოუერთა. პირველ პოემაში აღწერილია ქიშმის დაპყრობა ხანის  სარდლობით. პოემის ხელნაწერი ვატიკანის ბიბლიოთეკაშია დაცული. იგი იტალიურადაცაა ნათარგმნი. პოეტის მეორე პოემაში ჰორმუზთან გამარჯვების ამბებია გადმოცემული. პოემას ერთვის გაგრძელებაც, სადაც 1633 წელს იმამყული-ხანის სიკვდილით დასჯაა მოთხრობილი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე პოემა სპარსული ლიტერატურის ანთოლოგიაშია შესული.

ბეგლარბეგობის დროს იმამყული ხანის თვალწინ რიგი დრამატული მოვლენები მოხდა: აწამეს ქეთევან დედოფალი, მოკლეს ლუარსაბ II, დაასაჭურისეს თეიმურაზის ვაჟი. შაჰის მიერ დატყვევებული ქეთევან დედოფალი 10 წლის მანძილზე შირაზში, იმამყულიხანის საბეგლარბეგოში  ატარებდა თავის ტყვეობას და აქ მას ექცეოდნენ არა როგორც ტყვეს, არამედ, როგორც საპატიო სტუმარს. თეიმურაზ I-ის პოემაში "წამება ქეთვან დედოფლისა" იმამყული ხანი დადებით პიროვნებადაა წარმოდგენილი. როგორც ჩანს, თეიმურაზისთვის ცნობილი იყო მისი მცდელობა – დახმარებოდა ქეთევანს. ასევე კეთილად მოიხსენიება იმამყული ხანი სპარსულ, ქართულ და ევროპულ წყაროებში. პიეტრო დე ლა ვალე რომში გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ შირაზის ხანი მფარველობდა ქეთევანს, იყო თავისი ხალხის მოყვარე და გულშემატკივარი.

1629 წელს ირანში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება: გარდაიცვალა შაჰ-აბას I; ქართველი უფლისწულის ხოსრო-მირზას (როსტომ-ხანის) დახმარებით გამეფდა შაჰ-სეფი; შეიცვალა პოლიტიკური ორიენტირები; დაიწყო უნდილაძეთა გავლენის შემცირება, თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა. მათი პოლიტიკური სარბიელიდან გაქრობას ხანგრძლივი დრო დასჭირდა.

როსტომ-ხანი სახიფათო მეტოქე იყო. უნდილაძეების წინააღმდეგ ბრძოლა მან კავკასიაში მყოფ თეიმურაზ I-ის მოკავშირე დაუდ-ხანთან დაპირისპირებით დაიწყო. იმამყული ხანის უმცროს ძმას, დაუდ-ხანს ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და, ელენე.  სპარსელების წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, რასაც განჯა-ყარაბაღის დარბევა მოჰყვა შედეგად, თეიმურაზი და დაუდ-ხანი ერთად მოქმედებდნენ. 1633 წლის აჯანყებამ დაადასტურა ირანის მმართველი წრეების ეჭვები დაუდ-ხანის მოღალატეობის შესახებ. შაჰ-სეფი სასტიკად გაუსწორდა მას და მისი ოჯახის წევრებს. ფაქტიურად ეს გახდა იმამყული ხანის განადგურების საბაბიც. 1633 წელს, შირაზში, ყაზვინის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს ხანი და მისი სამი ვაჟი – სეფიყული-ხანი (ლარის ბეგლარბეგი), ფათალი-ბეგი, ალი-ყული-ბეგი.

ასე დასრულდა უნდილაძეთა ორმოცწლიანი ბატონობა ირანში.

მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ირანელმა ხალხმა არ დაივიწყა იმამყული ხან უნდილაძის დამსახურება ქვეყნის წინაშე და 1990 წელს, სპარსეთის ყურეში, კუნძულ ქეშმზე, მისივე სახელობის მოედანზე, ირანის მთავრობამ მას ძეგლი დაუდგა.

წყარო:

1. ka.wikipedia.org › wiki › იმამყული-ხანი

2. http://georoyal.ge/?MTID=104&TID=84&id=445. იმამყული ხანი - შირაზის ხანი და ფარსის ბეგლარბეგი

3. კაციტაძე, დავით. ქართველები XVII საუკუნის ირანში : [შაჰ-აბას I-ისა და შაჰ სეფი I-ის დროს მოღვაწე უნდილაძეთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლები (ალავერდი-ხანი, იმამყული-ხანი, დაუდ-ხანი, სეფი-ყული ხანი ...] / დავით კაციტაძე // აღმოსავლეთი და კავკასია. - თბილისი, 2005. - N3. - გვ.118 - 139


გააზიარე: