The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მანანა ჯაფარიძე

მანანა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:1978  (46 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

მანანა სერგოს ასული ჯაფარიძე აზერ­ბა­ი­ჯან­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია. დაიბადა 1978 წლის 28 დეკემბერს თბილისში. ოჯახში მუსიკოსი არავინ ჰყავდა, მამა ინჟინერ-მშენებელი იყო, დედა - ექიმი. პატარა მანანამ კი ადრეულ ასაკში გამოამჟღავნა მუსიკალური ნიჭი და უფროსი ძმის დაჟინებით ჯერ ვოკალურ წრეზე შეიყვანეს, შემდეგ კი ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლაც დაიწყო.

მანანა 5 წლიდან იყო ბავშვთა ანსამბლების - "თოლიასა" და "ჩიორას" წევრი და ხშირად გამოდიოდა სცენაზე; სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში და, პარალელურად, თბილისის ხელოვნების სკოლა-გიმნაზიაში ვოკალის განხრით (პედაგოგი; რუსიკო ბახტაძე); 1995 წელს ჩაირიცხა გერმანიის თანამედროვე ხელოვნების, ჯაზისა და შოუ-ბიზნესის აკადემიის თბილისის ფილიალში ვოკალის განყოფილებაზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 2000 წელს.

აკადემიაში სწავლის პერიოდში მანანა ჯაფარიძე მონაწილეობდა რამდენიმე მუსიკალურ კონკურსში, სადაც უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 1996 წელს აიღო გრან-პრი ახალგაზრდა შემსრულებელთა ფესტივალზე "Crystal Fir" („ბროლის სოჭი“) ბორჯომში, 1997 წელს კი გაიმარჯვა მოსკოვში ჩატარებულ ფესტივალზე ,,ბროლის ნოტი“.

1998 წლიდან მანანა ჯაფარიძე საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადავიდა: 1997 წელს, ბაქოში ჩატარდა მისტერ და მისის აზერბაიჯანის კონკურსი, რომელზეც მანანაც მიიწვიეს, როგორც ახალგაზრდა, იმედის მომცემი მომღერალი. სამდღიანი გასტროლი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ შესთავაზეს კიდევ ერთ ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა, შემდეგ კიდევ ერთი თვით დარჩენა სთხოვეს და ასე გაგრძელდა. ამ პე­რი­ოდ­ში ბა­ქო­ში, თბი­ლი­სის პროს­პექ­ტზე გაიხსნა სო­ლი­დუ­რი კლუბი - „Royal Garden"-ი, სადაც მანანას კონტრაქტი გაუფორმეს. აქედან დაიწყო მისი პროფესიული და შემოქმედებითი კარიერა. ბუნებრივმა ნიჭმა, საუცხოო ვოკალმა და პროფესიონალიზმმა მას შესაძლებლობა მისცა, ყველასთვის უცნობი დამწყები მომღერალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი არტისტი, აზერბაიჯანული ესტრადის ვარსკვლავი გამხდარიყო.

1999 წლიდან მანანა ჯაფარიძე კონკურსებზე აზერბაიჯანის სახელით გამოდის და მიღებული აქვს მაღალი ჯილდოები და პრიზები. მათ შორის, სამი გრან-პრი: 1999 წ. - საერთაშორის ფესტივალი - „აზიის ხმა“ (ალმაატა, ყაზახეთი); 1999 წ. - საერთაშორისო ფესტივალი - "Славянский базар"= „სლავიანსკი ბაზარი“ (ვიტებსკი, ბელორუსია); 2000 წ. - კონკურსი -"Golden Voice of Asia"= „აზიის ოქროს ხმა“ (შანხაი, ჩინეთი); ამავე წელს გახდა პრაღაში გამართული ახალგაზრდა მომღერალთა საერთაშორისო კონკურსის "Universtalent-2000"-ის ლაურეატი; 2001 წელს კი მოიგო სატელევიზიო მუსიკალური კონკურსი მოსკოვში - "Шире круг"=  „ფართო სპექტრი”.

2000 წელს მანანა ჯაფარიძემ ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში ჩაატარა თავისი პირველი სოლო კონცერტი; ამავე წელს გამოვიდა მისი პირველი დისკი. დღესდღეობით მომღერალს 7 სოლო ალბომი აქვს გამოცემული, აქედან 1 ინგლისურ, 6 კი აზერბაიჯანულ ენაზეა:  2000 — Sənə verdim ürəyimi (სადებიუტო დისკი); 2001 — Dözməm bu ayrılığa; 2003 — Sevirəm səni; 2004 — Bizim sevgimiz (ელდარ მანსუროვის სიმღერები); 2004 — Orientasian (ინგლისურ ენაზე); 2005 — Səndən ayrı; 2009 — Bəxt ulduzum.

ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი მანანა ჯაფარიძის რე­პერ­ტუ­არ­ში ყოველთვის იყო და როგორც თავად ამბობს, მუდამ იქ­ნე­ბა;

მომღერალს რამდენიმე საგასტროლო ტურნე ჰქონდა ევროპულ ქვეყნებში, აგრეთვე, თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.

2008 წლის 8 იანვარს მანანა გათხოვდა გიორგი გაბეჩავაზე. მათ ქალ-ვაჟი ჰყავთ - ელისაბედი და დავითი. ბავშვები, ძი­რი­თა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში იზ­რდე­ბი­ან.

2009 წლის 18 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას მანანა ჯაფარიძისთვის აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის მინიჭების თაობაზე.

მომღერალი არის თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კავალერი.  

მანანა ჯაფარიძე ფლობს ქართულ, აზერბაიჯანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

წყარო:

1. ka.wikipedia.org › wiki › მანანა_ჯაფარიძე

2. მანანა ჯაფარიძის მარტივი სიმართლე. www.speqtri.ge › speqtri-ethnikuri-umciresobebisthvis › article

3. https://www.ambebi.ge/article/241237-heidar-alievma-chemi-saxeli-qvelas-gaameorebina-da/

 


გააზიარე: