შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მიხეილ ამირაჯიბი![]()
ბიოგრაფიარუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1899) მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბი (ყარსკი) დაიბადა თბილისში, 1833 წლის 2 სექტემბერს. სამხედრო სამსახური დაიწყო თბილისის გრენადერთა პოლკში რიგით ჯარისკაცად (1851). ერთი წლის შემდეგ გადაიყვანეს ერევნის ლეიბ-გრენადერთა პოლკში. ყირიმის ომის (1853–1856 წწ.) დროს კავკასიის ფრონტზე მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ს. ბაიანდურის, ბაშკადიკლარისა და ყარსის ბრძოლებში. ბაშკადიკლარის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის 1853 წლის 2 ნოემბერს მიანიჭეს პრაპორშჩიკის წოდება და გაამწესეს სტავროპოლის ეგერთა პოლკში. 1854 წლის ბოლოს საქართველოს გრენადერთა პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა ყარსის აღებისთვის ბრძოლაში და დაიმსახურა პოდპორუჩიკის წოდება. 1857 წელს მ. ამირაჯიბს ანდეს როტის ხელმძღვანელობა და სამი წლის მანძილზე განუწყვეტლივ ლაშქრობებსა და ექსპედიციებში იყო დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიებზე. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ღუნიბის შტურმის დროს, რისთვისაც დაიმსახურა პორუჩიკის წოდება. მ. ამირაჯიბის სამხედრო კარიერა შემდგომშიც წარმატებით განვითარდა. 1863 წელს მიიღო შტაბს-კაპიტნის წოდება, დანიშნეს მთავარმართებელთან საგანგებო დავალებების შემსრულებლად და მიავლინეს ისუხოვოს რაზმში. ლაშქრობებში წარმატებული მონაწილეობისთვის მალე დაიმსახურა კაპიტნის ჩინი, 1871 წელს კი პოლკოვნიკის წოდებაც მიენიჭა. 1877 წელს მ. ამირაჯიბი დაინიშნა ელიზავეტპოლის (ახლანდელი განჯა) 156-ე პოლკის მეთაურად. მისმა პოლკმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომის დროს - იერიშით აიღო გელიავერდის სიმაღლეები, რამაც განაპირობა არდაჰანის დაცემა და თავი ისახელა დევე-ბოინუსთან ბრძოლაში. 1879 წ. მ. ამირაჯიბმა გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. 1880 წლიდან ხელმძღვანელობდა კავკასიის გრენადერთა დივიზიის პირველ ბრიგადას, ორ წელიწადში კი თადარიგში გავიდა. სამხედრო სამსახურში 1884 წელს დაბრუნდა და იგივე თანამდებობა დაიკავა. 1893 წელს მ. ამირაჯიბი 39-ე ქვეითი დივიზიის უფროსად დაინიშნა, ხოლო 1899 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტის წოდებით - კავკასიის I საარმიო კორპუსის მეთაურად, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. კავალერიის გენერალი მიხეილ ამირაჯიბი დაჯილდოებული იყო მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით: პრუსიის გვირგვინის II ხარისხის ორდენი; წმინდა ვლადიმირის, წმინდა ანას, წმინდა სტანისლავისა და წმინდა გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენები. გენერალ-ლეიტენანტი გარდაიცვალა 1903 წლის 25 ნოემბერს თბილისში. დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი აკლდამა დღეს აღარ არსებობს. მიხეილ ამირაჯიბი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879). მისი მეუღლე - სოფიო ვასილის ასული არგუტინსკაია-დოლგორუკოვა საზოგადო მოღვაწე და პოეტი ქალბატონი გახლდათ. მის კალამს ეკუთვნის ქართველი პოეტების ნაწარმოებთა შესანიშნავი თარგმანები რუსულ ენაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. თილისი, 1975, გვ. 397
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |