The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამაზი კერესელიძე

თამაზი კერესელიძე
Date of birth:18 August, 1925
Date of death:28 December, 1998  (at 73 years)
Category:Medical Doctor

Biography

თამაზ სერგოს ძე კერესელიძე დაიბადა თბილისში, 1925 წლის 18 აგვისტოს. 1943 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. სურვილი ჰქონდა სწავლა ლენინგრადში ან ოდესაში, გემთმშენებლობის ინსტიტუტში გაეგრძელებინა, მაგრამ დიდი სამამულო ომის გამო ეს ინსტიტუტები შორეულ ციმბირში გადაიტანეს და მშობლებმა დედისერთა ასე შორს არ გაუშვეს. ამის შემდეგ თამაზმა არჩევანი მედიცინაზე შეაჩერა, კერძოდ, მიზნად მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის შესწავლა დაისახა.

1943 წელს თამაზ კერესელიძე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. იმავე ჯგუფში მოხვდა მისი მომავალი მეუღლე ნინო თოდუა. ინსტიტუტის დამთავრებიდან მცირე ხნის შემდეგ ახალგაზრდები შეუღლდნენ.

ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრებისთანავე, 1948 წელს, თამაზმა მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო  მუშაობა. ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მკვლევარი მალე დააწინაურეს. 1952-1959 წწ. ლაბორატორიის გამგე იყო, 1959-1960 წწ.- კანისა და ვენეროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტიც გახლდათ, რომელიც 1955 წელს დაამთავრა.

1958 წელს თამაზ კერესელიძემ დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე - „ანტისხეულთა გამომუშავებისა და რეპროდუქციის საკითხისათვის“. 1960 წელს მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტად აირჩიეს. ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა.

1964 წელს თამაზ კერესელიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა – ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიწვიეს კონსულტანტად. 1966 წლამდე ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობდა. 1966-დან 1970 წლამდე კი მოღვაწეობდა შვეიცარიაში, ჟენევაში, ორგანიზაციის მთავარ ოფისში, ბაქტერიულ სნეულებათა განყოფილების უფროს სპეციალისტად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობისას ქართველმა მეცნიერმა ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ინდოეთში, ნეპალში, პაკისტანში, ბანგლადეშსა და ავღანეთში ისეთ საშიშ დაავადებებთან ბრძოლის პროგრამას, როგორებიც იყო შავი ჭირი, ქოლერა, ყვავილი. ინდოეთში ყვავილის აღმოფხვრისთვის, მადლობის ნიშნად, მან ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო ჯილდო მიიღო.

თამაზ კერესელიძემ 1972 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „ქოლერა–ეპიდემიოლოგია, პროფილაქტიკა და კონტროლი".

1974-1984 წლებში თამაზ კერესელიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელმეორედ მიიწვია ბაქტერიული ინფექციების გლობალური პროგრამის ხელმძღვანელად. ამავე პერიოდში ის იყო ინგლისის ჰოსპიტალურ ინფექციათა საზოგადოებისა და აშშ-ს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესწავლის ურთიერთთანამშრომლობის ცენტრის ექსპერტი.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ქართველი მეცნიერის წვლილი ყვავილის დამარცხებაში. 1976 წელს ჯანმოს ინიციატივით ამოქმედდა ამ საშიში დაავადების ლიკვიდაციის გრანდიოზული პროგრამა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, სსრკ – სპეციალისტები მონაწილეობდნენ. გაწეულ იქნა უდიდესი სამუშაო და 1980 წელს ჯანმომ ოფიციალურად გამოაცხადა მთელ მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაცია. მთელი სამუშაო ჯგუფი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაციის პროგრამის წარმატებით დასრულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სესია მიუძღვნა. პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის თამაზ კერესელიძემ ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, მალერისგან, მიიღო მადლიერებით აღსავსე ბარათი და ორდენი “ბიფურკაციის ნემსი”. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, თამაზ კერესელიძე კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.

უცხოეთში მოღვაწეობის პარალელურად თამაზ კერესელიძე არც სამშობლოს ივიწყებდა. 1972-1976 წწ. ის იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ეპიდემიოლოგი (შეთავსებით); 1974-79, 1984-92 წწ.  -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრის გამგე; 1976 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა; 1994 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

1984 წელს ბატონი თამაზი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას; კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდას, მართავდა სამეცნიერო კონფერენციებს; იგი ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებზე; გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია და ეპიდემიოლოგიის სახელმძღვანელო (ო. კავილაძესთან ერთად);

თამაზ კერესელიძის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები ეხებოდა განსაკუთრებით საშიში ინფექციურის სნეულებების ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის პრობლემებს. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული შრომები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში შესაბამისი პროგრამების შემუშავების საფუძველი გახდა.

1985 წელს ბატონი თამაზი ჯანმოს ექსპერტად აირჩიეს. 1992 წელს საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამავე წელს პროფესორი კერესელიძე  დაინიშნა საქართველოში ამ ორგანიზაციას კოორდინატორად და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

1995 წელს ბატონი თამაზი სათავეში ჩაუდგა საქართველოში სამედიცინო ინფორმაციისა და სტატისტიკის სამსახურის აღდგენას, აღჭურვასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მის დაკავშირებას. უკვე 1996 წელს გახდა შესაძლებელი პირველი სტატისტიკური ცნობარის გამოცემა, რომელშიც აისახა საქართველოს სტატისტიკური მონაცემები ქვეყნისა და რეგიონის დონეზე.

თამაზ კერესელიძე წლების განმავლობაში იყო რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, საქართველოს მიკრობიოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და პარაზიტოლოგთა საზოგადოების თავჯდომარე, მიკრობიოლოგთა საკავშირო საპრობლემო კომისიის წევრი, სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, ჟურნალ “საბჭოთა მედიცინის” სარედაქციო კოლეგიის წევრი.

აკადემიკოს თამაზ კერესელიძის სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღნიშნულია მრავალი ჯილდოთი: მედლით “ჯანდაცვის წარჩინებული”, საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენებით, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით და სხვა. მისი ბიოგრაფია შეტანილია აშშ-ში გამოცემულ ცნობარში "Who is who” (1986-1990 წწ.). მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

თამაზ კერესელიძე გარდაიცვალა თბილისში, 1998 წლის 28 დეკემბერს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. დღეს მის სახელს ღირსეულად წარმოაჩენენ მისი შვილები. უფროსი ქალიშვილი, ქეთევანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის კათედრის თანამშრომელია;  მაია ექიმია და დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრში მუშაობს; ვაჟი, დავითი, დიპლომატია. ის წლების განმავლობაში იყო საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, მოგვიანებით კი საქართველოს ელჩი დანიასა და ნორვეგიაში.

წყარო:

1. ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,- 2000.-გვ.147

2. საქართველო:ენციკლოპედია. . 4. - თბილისი, 2018, - გვ. 628.
3. https://ka.wikipedia.org › wiki › თამაზ_კერესელიძე
4. https://www.aversi.ge › cnobari › qartveli-mecnieri-jan...

5. დვალი, ირაკლი. თამაზ სერგოს ძე კერესელიძე // ჩვენი რაჭა / ი. დვალი. - თბ., 2006. -  გვ. 330-331.


Share: