The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


საურმაგ კაკაბაძე

საურმაგ კაკაბაძე
Date of birth:2 June, 1928
Date of death:23 September, 1977  (at 49 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Historian, Philologist

Biography

საურმაგ კაკაბაძე დაიბადა 1928 წლის 2 ივნისს, თბილისში. მამა - ცნობილი ისტორიკოსი და ფილოლოგი, სარგის ნესტორის ძე კაკაბაძე ( 1886-1967); დედა - მარიამ ნიკოლოზის ასული ზუმბულიძე (1893-1984).

მომავალმა მეცნიერმა 1950 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული განყოფილება, ხოლო, 1951 წელს, დაუსწრებლად, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო მთარგმნელად საქდესში (საქართველოს დეპეშათა სააგენტო. 1972 წლიდან - საქინფორმი); შემდგომ წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს უფროს ინსტრუქტორად; ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ლიტერატურის მუზეუმების უფროს მეცნიერ თანამშრომლად; ძეგლთა დაცვის სამმართველოში და სხვა.

1960 წელს საურმაგ კაკაბაძე სამუშაოდ მიიწვიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილების კავკასიურ კაბინეტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იღვაწა. გახდა აღიარებული კავკასოლოგი, შესანიშნავი წყაროთმცოდნე, არქეოგრაფი, პალეოგრაფი. კითხულობდა ლექციებს ისტორიულ და ფილოლოგიურ ფაკულტეტებზე. იქაურ კავკასიისმცოდნეებს ეხმარებოდა ქართველოლოგიის საკითხებში.

საურმაგ კაკაბაძე მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორია. მათ შორის უმთავრესია „აზიის ხალხთა ინსტიტუტის ქართული დოკუმენტები“. მან ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული საისტორიო ძეგლების ტექსტოლოგიურ კვლევას, შეისწავლა და გამოსცა XI-XIX საუკუნეთა 720 ქართული ხელნაწერი დოკუმენტი, რომლებშიც მრავალი უნიკალური საბუთია.

ღვაწლმოსილ მეცნიერს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლთა რუსულად თარგმნის საქმეში. მისი დამსახურებით გამოიცა რუსულ ენაზე  ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებანი, „ძეგლი ერისთავთა“ და სხვა მრავალი.

საურმაგ კაკაბაძე გარდაიცვალა ლენინგრადში, 1977 წლის, 23 სექტემბერს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

წყარო:

1. http://www.orientalstudies.ru/ Какабадзе, Саурмаг Саргисович

2. მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.199

3. საურმაგ კაკაბაძე [ნეკროლოგი] // ლიტერატურული საქართველო. – 1977. – 23 სექტემბერი. - გვ. 4


Share: