The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლადო ბელიაშვილი

ლადო ბელიაშვილი
Legal name:ვლადიმერ ბელიაშვილი
Date of birth:27 December, 1906
Date of death:1 April, 1961  (at 54 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Poet

Biography

მწერალ აკაკი ბელიაშვილის (1903-1961) უმცროსი ძმა ვლადიმერ (ლადო) ბელიაშვილი 1906 წლის 27 დეკემბერს დაიბადა ჭიათურაში. მამა - იონა ბელიაშვილი (1879-1924) (ფსევდ. : „იონა თლუღელი“, „ჭიათურელი ეშმაკი“, „ბელი“) მწერალი და ჭიათურაში სამთო საქმის ტექნიკოსი იყო. 1926 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ლადო ბელიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ მალევე საზღვარგარეთ გაიპარა - ამ საქმეში გამოცდილი კაცის დახმარებით ღამით გადაკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი. თურქეთიდან საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ჯერ მარსელში, შემდეგ პარიზში დასახლდა.

უცხოობაში ლადოს არ ულხინდა: უსახლკარობა, სამუშაოს ძებნაში ადგილიდან ადგილზე ხეტიალი, მარტოობა, მძიმე ფიზიკური შრომა და ნოსტალგია... სამშობლოსთან კავშირი თითქმის გაწყვეტილი იყო. დროდადრო დედას უგზავნიდა მოკლე ბარათებს.

მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო, თუმცა მოახერხა ფრანგული ენის კურსების დამთავრება და სულყოფილად დაეუფლა ფრანგულს. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მუშაობდა მშენებელ მუშად, რთულ უბნებზე, დიდ სიმაღლეებზე. ეს მას საშუალებას აძლევდა წელიწადში ემუშავა მხოლოდ ექვსი თვე და დანარჩენ დროს მისთვის საინტერესო ლიტერატურული საქმიანობით დაკავებულიყო.

ლადო ბელიაშვილმა თვითგანვითარებას მიჰყო ხელი - საშუალება მიეცა ესარგებლა უმდიდრესი ბიბლიოთეკით, რომელიც ოდესღაც ალექსანდრე დიუმას ეკუთვნოდა. მის კალამს ეკუთვნის მრავალი გამოკვლევა, ნარკვევი, თეთრი ლექსი. ლადო ბელიაშვილმა დაწერა და 1956 წელს პარიზში თავისი ხარჯებით გამოსცა წიგნი „რუსთაველის და დანტეს იდუმალი“ (სიტყვა პირველი) (Les Secrets de Rousthaveli et de Dante Aliguiery. Premier discours). ნაშრომი რუსთაველის კოსმოგრაფიულ შეხედულებებს (სამყაროს აგებულება, მზის სისტემა, პლანეტების მოძრაობა, მათი გამომწვევი მიზეზები) ეძღვნება. წიგნის გამოცემამდე ავტორმა აღნიშნულ საკითხებზე პირველი საჯარო მოხსენება 1953 წელს „სოსიეტე-დე-სავანის“ დარბაზში, მეორე კი - 1954 წელს ლასკასის დარბაზში გააკეთა. სულ განზრახული ჰქონდა ოთხი მოხსენების გაკეთება და ოთხ წიგნად გამოცემა, რაც აღარ დასცალდა.

ლადო ბელიაშვილის წიგნს გამოეხმაურნენ როგორც საზღვარგარეთ, ასევე სამშობლოში. ემიგრანტი პოეტი გიორგი გამყრელიძე „საყურადღებო ნაშრომს“ უწოდებდა. გამოჩენილმა რუსთველოლოგმა გ. იმედაშვილმა დიდი გამბედაობა გამოიჩინა და ემიგრანტი მკვლევარის წიგნის ანოტაცია შეიტანა 1957 წელს გამოცემულ „რუსთველოლოგიური ლიტერატურის“ პირველ ტომში. თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ანოტაციაში მეტწილად აქცენტირებულია წიგნის უარყოფითი მხარეები და ნაკლოვანებები.  კორნელი კეკელიძემ კრიტიკულად შეაფასა წიგნი და მას „ახირებული პრეტენზიისა და ამდენადვე ახირებული შინაარსის წიგნაკი“ უწოდა.

რუსთაველის კოსმოგრაფიულ შეხედულებებთან ერთად ლ. ბელიაშილი თავის ნაშრომში ეხება პოემისა და მისი ავტორის ბიოგრაფიის ცალკეულ საკითხებსაც, ზოგი სიტყვის ეტიმოლოგიას, ფერთა სიმბოლიკას, „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობას ქართული ენისა და საქართველოს ისტორიისათვის.

ლადო ბელიაშვილი რუსთაველის ასტრონომიული ცოდნისა და შეხედულებების პირველი მკვლევრათაგანი და ამ საკითხზე მომუშავე რუსთველოლოგების წინამორბედია, ხოლო მისი ნაშრომი, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, ქართული ემიგრაციისა და კულტურის ისტორიაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრების ღირსია.

1960 წელს ლადო ბელიაშვილი ინახულა ძმამ, მწერალმა აკაკი ბელიაშვილმა, რომელიც კინემატოგრაფისტთა საკავშირო დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმავალი გზად პარიზში გაჩერდა. ძმებს დრამატული შეხედრა ჰქონდათ.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლადო ბელიაშვილმა საბჭოთა მთავრობას სამშობლოში დაბრუნების ნებართვა სთხოვა. იგი პასუხის მოლოდინში 1961 წლის 1 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა - მაღალი ხარაჩოდან ჩამოვარდნილი სასიკვდილოდ დაშავდა და საავადმყოში გადაყვანილი რამოდენიმე საათში გარდაიცვალა. მას საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია და არც უშუალო მემკვიდრე დარჩენია. ლადოს საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა უჭირისუფლეს და ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ლადო ბელიაშვილის ნეკროლოგი დაიბეჭდა პარიზში გამომავალ გაზეთში „ჩვენი დროშა“ („Notre Drapeau”), სადაც ის დასახიათებულია, როგორც: „განსაკუთრებული შრომისმოყვარე, დინჯი, წყნარი და სამეგობრო“, რომელმაც „ყველას პატივისცემა დაიმსახურა“.

წყარო:

1. ცერცვაძე, მაია

რუსთაველის კოსმოგრაფიული შეხედულებები ლადო ბელიაშვილის "რუსთაველის და დანტეს იდუმალი" მიხედვით / მაია ცერცვაძე // VII საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები ლიტერატურა დევნილობაში : ემიგრანტების მწერლობა (მე-20 ს. გამოცდილება). ნაწ. 3 / "ლიტერატურა დევნილობაში, ემიგრანტების მწერლობა", საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (7, 2013, თბილისი). - თბილისი, 2013. - ISBN 978-9941-0-6184-4. - გვ. 256-266.

2. კეკელიძე, კორნელი

ახალი ნაშრომი ვეფხისტყაოსნის შესახებ // ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან : ტ. 4 / კორნელი კეკელიძე. - თბილისი, 1957. - გვ. 35-36.

3. ნიშნიანიძე, რუსუდან

წინათქმა //ამერიკაში პარიზზე გავლით / აკაკი ბელიაშვილი. - თბილისი, 2015. – ISBN 978-99940-28-43-6. - გვ. 5-25.


Share: